მიღვედილი ქალაქის ქრონიკები - კვირის პალიტრა

მიღვედილი ქალაქის ქრონიკები

გადაწყდა - თბილისში ღვედის გაკეთება აუცილებელი იქნება. ბევრს ეს მოსწონს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ თბილისში, სადაც გადატვირთული მოძრაობაა, ღვედი სრულიად ზედმეტია.

ძველი ანეკდოტია: კაცს "გაიშნიკი" აჩერებს და ეკითხება, გვერდით რომ ქალი გიზის, ღვედი რატომ არ უკეთიაო და ისიც გულუბრყვილოდ პასუხობს, სიდედრია და ხომ არ დავაბამდიო. არადა, თუ დასაბმელია, პირველ რიგში სიდედრი უნდა დააბა და უნდა გაუფრთხილდე, რადგან სიდედრი განძია, განძი კიდევ... მოკლედ, როგორც არის...

სამაგიეროდ, ღვედს უსაფრთხოების გარდა კიდევ რამდენიმე პლუსი აქვს. აბა, წარმოიდგინეთ, როცა გვერდით ლამაზი გოგო ზის და... ისიც დაბმული...

კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ ამ სიახლეს აუცილებლად აიტაცებენ  პოლიტიკოსები და ხელისუფლებას ან, გნებავთ, ოპოზიციას მანქანაში მაინც რომ იხილავთ  დაბმულს, ცოტა ხნით ხომ ისიამოვნებთ?

ევროპაში ნამყოფი არა ვარ, მაგრამ ვიცი, რომ იქ ღვედის გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია, ანუ არ "ტეხავს" რა... ჩვენში მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ რაღაც "ტეხავს" და რაღაც - არა. "ტეხავს", როცა ღვედი გიკეთია, იმიტომ, რომ მეგობარმა შეიძლება გითხრას, რა "პონტიაო" და იმავე მეგობარმა შეიძლება თავად  შენს დასანახად ორი წამის წინ მოიხსნა დასაბმელი თუ მისაბმელი ატრიბუტი.

აი, ამისგან თუ გავთავისუფლდებით, თუ ვაღიარებთ, რომ არ "ტეხავს" და ღვედს ყველა გაიკეთებს, მერე ეგებ სიდედრიც სიამოვნებით დავაბათ, ლამაზი ქალიც და... თუმცა დაბმულ პოლიტიკოსებს მაინც სხვა ხიბლი ექნებათ.

არმაზ ხარძიანი