პროპაგანდა საბჭოურ სტილში - კვირის პალიტრა

პროპაგანდა საბჭოურ სტილში

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ ქართულ ტელევიზიებში კამპანია აგორდა, (ზოგჯერ ბინძურიც კი), ისე აღვშფოთდი, გადავწყვიტე ამ თემაზე რაღაც დამეწერა. არადა, გულწრფელად გეტყვით: ბატონი პაატას საქციელმა ჩემშიც გაორებული განცდა წარმოშვა: ერთი მხრივ, რუსეთში ქართველი მომღერლების გამოსვლა პირადად მე დიდად არ მხიბლავს; მეორე მხრივ, ამ კონცერტის საქველმოქმედო ხასიათი, ბურჭულაძის წინააღმდეგ მკვეთრი პოზიციის დაკავების საშუალებას არ მაძლევდა.

ზუსტი მეჩვენა ლაშა ბაქრაძის პოზიცია. მან რადიო "პალიტრას" უთხრა: - არც მე მომწონს, როდესაც წითელ მოედანზე ქართველი მომღერალი მღერის, მაგრამ ამის ირგვლივ საბჭოთა სტილში პროპაგანდის აგორება ყოვლად უგუნური საქციელიაო. მართლაც, ნაციონალურმა ტელევიზიებმა ისეთი ამბავი ატეხს, რომ მეც კი, ჟურნალისტი, რომელსაც არ მოსწონს, როცა რუსეთში ქართველები მღერიან, წონასწორობიდან გამოვედი. რატომ? იმიტომ, რომ პროპაგანდა ყოველთვის გამაღიზიანებელია. მით უფრო, თუ არც ბინძური მეთოდების გამოყენებას ერიდები. გამაღიზიანებელია, როდესაც ყველაფერი რაღაც შეთქმულების სახეს იღებს და პერსონას ყოველგვარი აპელაციის გარეშე ლამის ერის მოღალატედ აცხადებ. არადა, ბატონი პაატას არა მარტო საქციელი, მისი პოზიციაც კი რუსეთთან დაკავშირებით შეიძლება ჩემთვის მიუღებელი იყოს. მაგალითად: როდესაც სტატიის დაწერა გადავწყვიტე, რედაქციაში პაატა ბურჭულაძის შესახებ ინტერნეტში მასალების ძებნა დავიწყეთ. მოულოდნელად მის მიერ 2005 წელს ერთ-ერთი რუსული ინტერნეტგამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუს წავაწყდით, სადაც ისეთი რამ ამოვიკითხეთ, რომ შეგვეშინდა, თუ ამას გამოვაქვეყნებთ, ჩვენც ბინძურ პროპაგანდაში ჩართული არ აღმოვჩნდეთო. თუმცა ბოლოს ინტერვიუდან ნაწყვეტის მოტანა მაინც გადავწყვიტე, რადგან ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ბატონი პაატას საქციელს სხვა კუთხითაც შეხედავთ. თანაც, რა უფლება გვაქვს რამე დავმალოთ? მაშ ასე, ბატონი პაატა რუს ჟურნალისტს ასეთ რამეს ეუბნება: "რუსეთში მოგზაურობა ბოლო დროს დავიწყე, იმიტომ, რომ სახლი მომენატრა. მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველანი ერთ ქვეყანაში გავიზარდეთ. თქვენ ახლგაზრდა ხართ, თქვენთვის სამშობლო რუსეთია, ჩემი ქვეყანა კი არის საბჭოთა კავშირი, სადაც გავიზარდე. იცი, როდესაც "პერესტროიკა" დაიწყო, ყველა მომღერალი დასავლეთში გაიქცა. მე ვამაყობ იმით, რომ ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც უკან მოიხედა... დასავლეთი დასავლეთად, მაგრამ სახლი მაინც სხვაა... ასე რომ, ახლა უფრო ხშირად ჩამოვდივარ რუსეთში და საქართველოში" (http://www.newsprom.ru/news/112713216282471.shtml). ბურჭულაძის ამ სიტყვებში ორი მომენტია, რომელიც ცოტა არ იყოს, გაოცებას იწვევს. პირველი, როდესაც ის რუსეთს სახლს უწოდებს (საქართველოს მსგავსად) და მეორე, როდესაც ამბობს, რომ მისი ქვეყანა არის საბჭოთა კავშირი. დამეთანხმებით, ცოტა უცნაურია, როდესაც 21-ე საუკუნეში  საკუთარ სამშობლოდ საბჭოთა კავშირს აცხადებ. ამ ინტერვიუდან ცხადი ხდება, რომ რუსეთისა და საბჭოთა კავშირისადმი ბატონ პაატას განსაკუთრებული გრძნობები გააჩნია, რომელთა გაგება მე ალბათ გამიჭირდება, რადგან "ახალგაზრდა ვარ" (თუმცა საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, 13 წლის ვიყავი). ძალიან, ძალიან მიჭირს ბატონ პაატას გავუგო, ამიტომ ახლა ვცდილობ მის მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეებზე ვიფიქრო და იგი ჩემთვის მიუღებელი შეხედულების გამო ქვეყნის მოღალატედ არ გამოვაცხადო.