"მანქანა ქალისთვის კაცივითაა, შეიძლება კლასით დაბალი იყოს, მაგრამ ნახმარი და გაცვეთილი - არა" - კვირის პალიტრა

"მანქანა ქალისთვის კაცივითაა, შეიძლება კლასით დაბალი იყოს, მაგრამ ნახმარი და გაცვეთილი - არა"

"ისედაც უკონტროლო ვარ ეთერში და მაშინ სულ ავიშვი"

"პოლიციელი ძალიან მთვრალი იყო(?!), საწინააღმდეგო მიმართულებით მოდიოდა და შემასკდა..."

როცა ქალთან ავტომობილზე საუბრობ, ძალიან ბევრ ახალს იგებ, იმიტომ, რომ მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალებს მანქანებისადმი სხვა დამოკიდებულება აქვთ. აი, თუ ეს ქალი ინგა გრიგოლიაა, მაშინ მარტო ავტომობილზე საუბარი ნამდვილად არ გამოვა.

- ინგა, ახლა რა მანქანა გყავს?

- "პრადო". ერთი წლის არის. ძალიან საყვარელი მანქანაა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივია, ორკარიანი კუპე, მაგრამ ვინც ჯდება, მერე გადმოსვლა უჭირს. 4.0 ცხ.ძ-იანი ძრავა აქვს და ფანტასტიკურია.

- მანქანას ადვილად ათხოვებ ვინმეს?

- ძირითადად, შვილი "მატერორებს", მაგრამ თუ შორ გზაზე მივდივართ და  მეგობრები სხედან, ყველა მეუბნება, გაყიდვას რომ დააპირებ, მითხარიო.

- ინგა, უმრავლესობა მანქანას სესხით ყიდულობს. ეს ავტო შენია, თუ ჯერ ბანკთან საზიაროა?

- არა, ჩემია. მე "ინფინიტი" მყავდა და როცა ავარია მომივიდა, დაზღვევამ ამინაზღაურა. ამ დაზღვევით მომივიდა სრულიად ახალი ავტომობილი. მინდა გითხრა, რომ ავარია ჩემი ბრალი არ იყო, მთვრალი დამეჯახა,  რომელიც პოლიციელი(?!) აღმოჩნდა. დღემდე მახსოვს, როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა მანქანიდან ამოიყვანეს და დაინახა, რომ ინგა გრიგოლია დალეწა. ძალიან მთვრალი იყო, საწინააღმდეგო მიმართულებით მოდიოდა.

- შენ თუ მჯდარხარ მთვრალი საჭესთან?

- კი, ჯარიმაც მაქვს გადახდილი. ჩემი ბიძაშვილის ქორწილიდან მოვდიოდი და...

- ნასვამი თუ მთვრალი?

- არა, ნასვამი, 3-4 ჭიქა მექნებოდა დალეული და ზუსტად ვიცოდი, რომ გამაჩერებდნენ. ასეთი ბედი მაქვს. მართალია, ბევრი ვეცადე, არ ჩამებერა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მშვიდად გამომიწერეს ჯარიმა და მითხრეს, ვინმეს დაურეკე, წაგიყვანსო; რა მექნა, შვილს დავურეკე.

- გადაცემა თუ წაგიყვანია მთვრალს?

- ერთადერთხელ. ახალი წელი იყო და შამპანური მქონდა დალეული. ეთერიდან რომ გამოვედი, პროდიუსერმა მითხრა, არასოდეს აღარ წაიყვან გადაცემას, ერთი გრამიც თუ გექნება დალეულიო.  მე ეთერში ისედაც უკონტროლო ვარ და მაშინ სულ ავიშვი.

- საკრებულოს სხდომაზე არ მისულხარ მთვრალი?

- (იცინის) ჯერ არა.

- და არ გიჭირს ამ ყველაფრის ფხიზელი თვალით ყურება?

- არა, შეჩვეული ვარ, მაგრამ ესენი გადაჩვეულან ჩემს ყურებას. როგორც აღმოჩნდა, აქ სრული ნირვანა ჰქონდათ და უცებ 11 ოპოზიციონერის დანახვისას მიხვდნენ, რომ  ყველაფერი ისე არ არის, როგორც მათ უნდათ.

- პოლიტიკოსები სად უფრო მეტად არიან ყალბები - სტუდიაში თუ საკრებულოში?

- სტუდიაში. როცა იქ შემოდის ადამიანი, ტიპობს, უნდა, კარგი გამოჩნდეს და ძალიან ბევრჯერ დამინახავს სიყალბე.

- ახლა არ მითხრა, აქ არ ტიპობენო...

- კი, აქაც ტიპობენ... ამას წინათ საკრებულოს  ერთ-ერთმა წევრმა, სოსო ებუტიამ პირდაპირ ამ სიტყვებით მომმართა:  - შენ ვინა ხარ, ტო, ეეე!...  ჩემი რეაქციაც შესაბამისი იყო: - ეეე უთხარი შენ გარშემო ვისაც გინდა-მეთქი და ატყდა ჩხუბი. ეს ჩართული კამერების წინ ხდებოდა, მაგრამ ვინ აჩვენა? ისე, საკრებულომ პარლამენტი ჩაანაცვლა, აქ უფრო მეტი პოლიტიკური ამბები ხდება.

- მანქანებს დავუბრუნდეთ. წლების წინ თამრიკო ჭოხონელიძემ თქვა, ჩემზე ამბობენ, თამრიკო საჭესთან პოტენციური კილერიაო და ინგა თუ არის კილერი?

- კილერი (ფიქრობს)?.. არა, არ ვარ.  ძალიან ფრთხილი ვარ და ძალიან ხშირად ვხმარობ მუხრუჭს. ამიტომ შორ გზაზე ჩემთან ერთად სიარული არ უყვართ და მეც სიამოვნებით ვუთმობ საჭეს მეგობრებს. ისე, ჩემი მიზეზით არასოდეს მანქანა არ დამიმტვრევია. ძალიან ფრთხილი და შეიძლება ითქვას, მშიშარა მძღოლიც ვარ, საჭესთან მჯდომი გვერდით არ ვიხედები, თუმცა, შემიძლია ვიმესიჯო, ვილაპარაკო ტელეფონზე და ამის გამო უამრავი ჯარიმა მაქვს გადახდილი.

- მანქანის ნაწილების სახელები  იცი?

- ვიცი საბურავი, "პაპრიზი", საჭე, სარკეები... მეტი ჩემთვის საჭირო არ არის, რადგან არასდროს მყოლია მექანიკა, სულ ავტომატიკით დავდივარ.

- ინგა, "პაპრიზი" კი არა, საქარე მინა; ის თუ იცი, "გლუშიტელს" რა ჰქვია ქართულად?

- "გლუშიტელი" არის ჩემთვის "გლუშიტელი" (იცინის)....

- მაყუჩი ჰქვია. შენი საოცნებო მანქანა რომელია?

- ძალიან მომწონს "რეინჯ როვერი". ამას წინათ ავტოსალონში ვნახე "რეინჯ როვერ სპორტი", სუUლ ახალი, წითელი ტყავით იყო გაწყობილი და მაშინ ვთქვი, რომ ეს ის მანქანაAა, რომელშიც სახლსაც გავცვლი.

- და რამდენად შესაძლებელია, ოცნება აიხდინო?

- 130 თუ 140 ათასი ღირს და აბა როგორ? ისე, მენეჯერს ვკითხე და ორი დადის თბილისშიო.

- შენთვის ავტომობილი მარტო გადაადგილების საშუალებაა?

- ადრე შეიძლება იყო, მაგრამ იმ დროიდან, როცა პირველი ავტომობილი მყავდა, ჩემი ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა და უკვე კომფორტულ ავტოს ვყიდულობ. აი,  "ინფინიტი" მინდოდა და ვიყიდე, მაგრამ იმ პოლიციელმა დამილეწა. უმანქანოდ ისე ვარ, თითქოს ფეხი არ მაქვს.

- მანქანას რას შეადარებ?

- მგონია, რომ მანქანა ქალისთვის კაცივითაა. მაგალითად, მირჩევნია, მანქანა კლასით უფრო დაბალი იყოს, მაგრამ ახალი; ანუ გაცვეთილი და ძალიან ნახმარი ავტომობილი არ მომწონს, ისევე, როგორც ვერ ვიტან გაცვეთილ და ბევრი ქალის ხელში გამოვლილ კაცებს. მე არასდროს მომეწონება ე.წ. "ბაბნიკი" კაცი და თუ გავიგე, რომ პიროვნება, რომელიც მომწონს, კიდევ ვინმესთან ფლირტაობს, დიდ წერტილს დავუსვამ.

ჩემთვის მანქანა კაცებთან ასოცირდება - მე მომწონს მაღალი, ბრგე, შავგვრემანი კაცები და მანქანასაც ასეთს ვირჩევ - დაბურული შუშებით, ჯიპის ტიპისას...

- იმ შენს საოცნებო "რეინჯ როვერს" რომელ კაცს შეადარებ?

- ჯერ რომ არ შევხვედრივარ და მომავალში რომ უნდა შევხვდე.

- ასეთი, ჩემო ინგა, დიმიტრია გელოვანი...

- აუუუ... ისიც მოკვდა და მგონი დავიღუპე... ისე, ქართველები მომწონს, უცხო ჯიშის კაცები არ მიზიდავენ. თუმცა, ლონდონში რომ ვცხოვრობდი, აღმოვაჩინე, რომ ესპანელებიც ძალიან მომხიბვლელები არიან.

www.kvirispalitrfa.ge

გაინტერესებთ ყველაფერი, რაც ავტომობილს უკავშირდება? სრულად ხართ  ინფორმირებული იმ სიახლეების შესახებ, რომლებიც მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ? მოგვწერეთ თქვენთვის საჭირბოროტო საკითხებზე და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. წერილები შეგიძლიათ  გამოგვიგზავნოთ, "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობითაც.

არმაზ ხარძიანი