"ვიღაცები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ უზრუნველად ვცხოვრობდით, მაგრამ რეალობა სულ სხვა იყო..." - კვირის პალიტრა

"ვიღაცები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ უზრუნველად ვცხოვრობდით, მაგრამ რეალობა სულ სხვა იყო..."

როცა წლების წინ გადაღებულ ფოტოებს ათვალიერებს, სევდა ეუფლება, რადგან ეს ფოტოები სახელგანთქმულ ადამიანებსა და მათ გვერდით გატარებულ დღეებს აგონებს. ამ ადამიანებმა შექმნეს ქართული ფეხბურთის ოქროს ხანა. ლეგენდარული თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე დიდი სიყვარულით იხსენებს თავის მეგობრებს...

ქართული ფეხბურთის ოქროს ხანა

- როდესაც ფოტოზე ვხედავ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყნიდან წასულია, სევდა შემომაწვება ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი ფოტო 1977 წლის აგვისტოში მაქვს გადაღებული თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებსა და ცნობილ მსახიობ დოდო აბაშიძესთან ერთად. იმ ზაფხულს მთელი ჩვენი გუნდი ქობულეთში ვარჯიშობდა - "დინამო" თავისი დიდების ზენიტისთვის ემზადებოდა...

"დინამომ" წარმატებას თავდაუზოგავი შრომითა და ლამის ასკეტიზმამდე მისული დისციპლინით მიაღწია. ყველა კარგმა სპორტსმენმა იცის ერთი კანონზომიერება: თუ თავდაუზოგავად არ ივარჯიშებ, არაფერი გამოგივა, თან ყველანაირ საცდურზე უარი უნდა თქვა - გართობაზე, სიგარეტზე, ალკოჰოლზე... ნარკოტიკებზე აღარაფერს ვამბობ.

თბილისის "დინამო" ძალიან შეკრული გუნდი იყო, რომელსაც კარგი მწვრთნელი - ნოდარ ახალკაცი ხელმძღვანელობდა. სიზარმაცე ან ცუღლუტობა შეიძლება ერთი-ორჯერ ეპატიებინა, მაგრამ საშინლად არ უყვარდა. ამ ფოტოზე მე 25-26 წლისა ვარ, აქვეა ჩემი ძმა - გოჩა მაჩაიძე, ფირუზ კანთელაძე და სერგო კუტივაძე ჩვენზე უფროსები იყვნენ, ვიტალი დარასელია და ოთარ გაბელია კი - 19-20 წლის ბიჭები, მაგრამ ყველა ერთმანეთზე მოწესრიგებული იყო. ამ თვისებით იყო დაჯილდოებული ყველა: დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი... შედეგიც შესაბამისი გვქონდა - ჩვენზე ვერავინ იტყოდა, იოლად მოვუგეთო.

უმთავრესი სიმდიდრე

- ვიღაცები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ უზრუნველად ვცხოვრობდით, მაგრამ რეალობა სულ სხვა იყო: ხელფასს მხოლოდ 200 მანეთს გვაძლევდნენ, თუმცა გვქონდა ამქვეყნად ყველაზე დიდი სიმდიდრე - ხალხის სიყვარული. დღეს ცნობილი ფეხბურთელები მილიონობით ჰონორარს იღებენ, ჩვენ ამგვარ ანაზღაურებაზე ვერც ვიოცნებებდით.

"დალოცვას ამაოდ არ ჩაუვლია"

- ამ ფოტოზე რამდენიმე ისეთი ადამიანია, რომელთა წასვლამ ძალიან დამწყვიტა გული. მათ შორის არიან: ვიტალი დარასელია, ნოდარ ახალკაცი,  დავით ყიფიანი და სხვები... დოდო აბაშიძე ჩვენი გუნდის თავგამოდებული გულშემატკივარი იყო. ქობულეთში რომ ჩამოვიდა, სიხარულისგან აღარ ვიცოდით, რა გვექნა. ახლაც მახსოვს მისი დარიგება: "აბა, თქვენ იცით, ბიჭებო, მთელი საქართველო თქვენ შემოგყურებთ, წელს უსათუოდ ჩემპიონები უნდა გახდეთო". ჩვენი საყვარელი მსახიობის დალოცვას ამაოდ არ ჩაუვლია: მართალია, იმ წელს მეორე ადგილზე გავედით, მაგრამ 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით, 1981 წელს კი თბილისის "დინამო" მთელმა მსოფლიომ აღიარა ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად.

ხათუნა ჩიგოგიძე