"შევარდნაძე ლამის პირად მეტოქედ აღიქვამდა გამსახურდიას, სააკაშვილი ხშირად აღნიშნავდა მასთან თავის მსგავსებას, ივანიშვილი კი..." - კვირის პალიტრა

"შევარდნაძე ლამის პირად მეტოქედ აღიქვამდა გამსახურდიას, სააკაშვილი ხშირად აღნიშნავდა მასთან თავის მსგავსებას, ივანიშვილი კი..."

არქივი, ინტერვიუ ჩაწერილია 2019 წელს

"იმის მიხედვით, რაც რუსეთში ხდება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ პუტინს მართლაც აქვს სტალინისადმი სიმპათიები"

ნებსით თუ უნებლიეთ, დიდი მამულიშვილის, ზვიად გამსახურდიას ქებისა და მისდამი პატივისცემის გამოხატვის აქტიური პერიოდი ხშირად დამდგარა პოლიტლიდერების დღის წესრიგში და ეს ფაქტი თვალში საცემ მოვლენად იქცა არა მხოლოდ პიარის სპეციალისტებისთვის. რატომ ხდება ასე, რით შეიძლება ამ ყოველივეს ახსნა? ამ თემაზე პოლიტფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ვისაუბრეთ.

- ზვიად გამსახურდიას მიმართ დამოკიდებულება საქართველომ მისი მთაწმინდაზე დაკრძალვით გამოხატა. მოგეხსენებათ, უფრო აშკარაა მისდამი დადებითი დამოკიდებულება სამეგრელოში. მეგრელებთან ურთიერთობისას ყოველთვის დგება საკითხი - როგორი დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ პოლიტიკოსს გამსახურდიას მიმართ. სწორედ ამიტომ პოლიტიკოსები, რომელთაც სურთ, მეგრელების კეთილგანწყობა მოიპოვონ, ცდილობენ, მათ ზვიად გამსახურდიასადმი თავიანთი პოზიტიური დამოკიდებულება დაანახონ.

- თუმცა არა მხოლოდ სამეგრელოზეა ლაპარაკი. ვფიქრობ, ეს მთელ საქართველოსაც ეხება.

- საქართველოსთვის ზვიად გამსახურდია განსაკუთრებული ფიგურაა და ქართველებთან დიალოგში მის მიმართ დამოკიდებულება გარკვეული პირობაა იმისა, რომ დიალოგი შედგეს.

- ძირითადად, კარიერის რომელ პერიოდსა და რა კონტექსტში ხდება ზვიად გამსახურდიას გახსენება? - მეტწილად უფრო მაშინ, როცა საზოგადოებასთან საერთო ენის გამონახვა უნდათ. ამ დროს ხშირად ჩნდება ხან მოგონებები, ხან მისი ფენომენის ანალიზი და ა.შ. ეს გამოჩნდა ბოლო ხანებშიც, როცა ივანიშვილი სამეგრელოს ესტუმრა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილის სტუმრობა მაინცდამაინც ამ მიზეზით იყო გამოწვეული. შეიძლება ივანიშვილს მართლაც ჰქონდეს სიმპათიები გამსახურდიას მიმართ.

ზვიად გამსახურდია ძალიან ხშირად მიმზიდველია მათთვის, ვინც საქართველოს გარეთ იყო სწორედ იმ კრიტიკულ პერიოდში, როცა ქვეყანას პირველი პრეზიდენტი მართავდა და შორიდან ადევნებდა თვალს აქ მიმდინარე მოვლენებს.

ედუარდ შევარდნაძე ლამის პირად მეტოქედ აღიქვამდა ზვიად გამსახურდიას. მიხეილ სააკაშვილი კი ცდილობდა, რომ გარემოცვაზე ზვიად გამსახურდიას მსგავსი შთაბეჭდილება მოეხდინა და ხშირად აღნიშნავდა მასთან თავის მსგავსებას. ის ბევრ ისეთ რამეს აკეთებდა, რაც მომგებიანი იყო. მაგალითად, დემოკრატიის თემა ავიღოთ... იყო დემოკრატი? მაგრამ დემოკრატიაზე პედალირება მომგებიანია!

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს... მას მომგებიანობის გამო იშვიათად სჩვევია რაღაცების კეთება. როცა სჭირდება, მაშინაც კი არ დგამს მომგებიან ნაბიჯებს. ამიტომ იმის თქმა, თითქოს ხიბულაში მომგებიანი პოზიციის შესაქმნელად ჩავიდა, სწორი არ იქნება. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მისთვის გამსახურდია მართლაც პატივსაცემი პიროვნებაა, თორემ ივანიშვილს როცა სჭირდება, მაშინაც უჭირს იმის კეთება, რაც პიარისთვის გამოადგება.

ძალიან ხშირად პოლიტიკოსები საარჩევნო კამპანიის დროს გვერდით იყენებენ პოპულარულ მწერლებს, მსახიობებს, მომღერლებს და ა.შ. მათ სურთ, ხალხს დაანახონ, რომ უყვართ ისინი, ვინც ხალხს უყვარს და ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეა ყველგან. ყველა საარჩევნო კამპანია ასეთი მაგალითებით არის სავსე. მაგალითად, ერთ-ერთი რთული საარჩევნო კამპანია იყო ბორის ელცინის არჩევნების მეორე ტური. მას 6% ჰქონდა რეიტინგი და ამერიკელმა პიარის სპეციალისტებმა ურჩიეს, რომ გვერდით რუსეთში პოპულარული პიროვნებები დაეყენებინა. ასეც მოხდა - ელცინს გვერდით იმდროინდელი ხელოვნების ელიტა დაუდგა. ელცინის მოწინააღმდეგე იყო კომუნისტი ზიუგანოვი, რომლის გამარჯვება არავის უნდოდა, ამიტომ მათ თვალთმაქცობა არც დასჭირვებიათ, როცა ელცინს მიემხრნენ. სწორედ მათი გვერდში დგომის წყალობით ელცინმა 60%-ით გაიმარჯვა.

- ამას ხშირად გამოხატავს ან შეიძლება მართლაც დიდი სიმპათიები აქვს პუტინს სტალინის მიმართ... ესეც იმავე თემის ნაწილია, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით? - იმის მიხედვით, რაც რუსეთში ხდება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ პუტინს მართლაც აქვს სტალინისადმი სიმპათიები. მეორე მხრივ, შეიძლება ის მანიპულირებდეს კიდეც სტალინის თემით, რადგან სტალინი რუსეთში ისევ ბევრს მოსწონს...

სახელმძღვანელოებშიც კი წერია, რომ კანდიდატმა საარჩევნო კამპანიისას პოპულარული პიროვნებები უნდა გამოიყენოს.

- არა აქვს მნიშვნელობა, ეს პოპულარული პიროვნება ცოცხალია თუ არა? - არა, მთავარი შედეგია. ეს კანონზომიერებაა. ასეთი ისტორიები ყველა ლიდერის საარჩევნო კამპანიაში მეორდება.

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ სანამ ადამიანებს ზვიად გამსახურდია ეყვარებათ, პოლიტიკოსები ეცდებიან ამ დამოკიდებულების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენებას.