"შევარდნაძეს, სააკაშვილს, ივანიშვილს - ყველას მრავალჯერადად და მუდმივად უფეთქდებათ პანკისი" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკში" პანკისის ხეობის მოვლენებს - კვირის პალიტრა

"შევარდნაძეს, სააკაშვილს, ივანიშვილს - ყველას მრავალჯერადად და მუდმივად უფეთქდებათ პანკისი" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკში" პანკისის ხეობის მოვლენებს

პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილის დილას დაიძაბა. ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაწყებული დაპირისპირება ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის ჩასვლის შემდეგ განიმუხტა. გიორგი გახარია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის 90 პროცენტის მხარდაჭერის შემთხვევაში აშენდება.

რაც შეეხება პოლიციას, მინისტრის თქმით, პოლიცია ხეობაში დარჩება და მოქალაქეებს დაიცავს.

„შსს-ს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა შს-ს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავს სრულად მართლწესრიგს და უსაფრთხოებას თითოეული ჩვენი მოქალაქის“, - განაცხადა გახარიამ.

პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში საზოგადოებისთვის ცნობილი წარმომადგენლები ეხმაურებიან.

ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტოლოგი: "რას აკეთებთ თქვენ მანდ, პანკისში?! ტვინი, გული, სინდისი ან თვითგადარჩენის ინსტინქტი თუ შეგრჩათ ვინმეს ხელისუფლებაში?! რით ვერ გაძღა თქვენი მუცლები?! ვინ მოგცათ საქართველოს უსაფრთხოებით თამაშის უფლება?! საბოლოოდ გადაწყვიტეთ ქვეყნის დანგრევა?! თუ ამ ქვეყანას რამე დაემუქრა, პირველი თქვენ გაისრისებით ნანგრევებში, იცოდეთ!!!" ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი: "ტონს, მათ შორის, მინისტრის ტონს, დიდი მნიშვნელობა აქვს.

თუ ტონი აგრესიული, არაკონსტრუქციული და, არც კი ვიცი როგორ აგიხსნათ - ქედმაღლური, თბილისური, მძიმე, "მე ვარ და ჩემი ნაბადა", "ფეხებსაც ვერ მოგვჭამთ", "მაინც ავაშენებთ" და მსგავსია, მეტ წინააღმდეგობას შეხვდებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბოლომდე, აი, ასი პროცენტით მართლები ხართ.

მე გიდასტურებთ - ჰესი (ცხადია, ეკოლოგიის მაქსიმალურად დაუზიანებლად) გვჭირდება.

მაგრამ, გიდასტურებთ იმასაც, რომ ჰესიც უკან მოგრჩებათ და ტონიც, თუ რეგიონში ვითარება კიდევ აირია.

გაგახსენებთ, რომ დედაიმასქნებული სახელმწიფო, ანუ, აი, ის, რომელიც ბევრ თქვენგანს მოსწონს და რომლისაც ბევრს ეშინია, ჩასაფრებული აკვირდება არა მხოლოდ რომელიმე ქვასროლია პანკისელს, არამედ, თქვენც... თქვენს მიხვრას, მოხვრას (პირადად მე ცოტაზე მეტად მეცინება ამ "თვითდაჯედებულობის" შემხედვარეს) და ტონს... კადიროვი, კბილებს ილესავს, რომ შემოვარდ-შემოიჭრას.

ჰოდა, ეს ოხერი, გავიგე, რომ გინდათ ჰესი რეგიონში და, მე რომ დამიჯეროთ, არ გინდათ?

ტონს დაუწიეთ.

დაუსრულებლად ესაუბრეთ მოქალაქეებს, მოილაპარაკეთ მათთან. რუსეთის შემოღწეული აგენტები გამოავლინეთ, გაწმინდეთ მათგან თქვენი რიგებიც და...

მერე გინდა ჰესი აგიშენებიათ და გინდა სამართებელი დაგირტყამთ მუცელში". არჩილ გამზარდია

არჩილ გამზარდია, ექსპერტი:

"დღევანდელმა ხელისუფლებამაც ისევე გადააბიჯა დიქტატის ზღრუბლს, როგორც მისმა წინამორბედმა. 26 მაისის და 7 ნოემბრის აქციის მეთოდებამდე მივიდა პრაქტიკულად "ქართული ოცნება" პანკისში. არსებობს რამე, რაც ამართლებს ხელისუფლების სისასტიკეს საკუთარი მოქალაქეების მიმართ? - არა.

როდესაც არც საკუთარ მოქალაქეს ეკითხები, საიდან აჰყარო და სად გადააცხოვრო, როდესაც არ ეკითხები, რა სურს, რა არ სურს და ძალით და სისასტიკით ახვევ კერძო ინტერესებს თავს - საბჭოური დიქტატის მეთოდებია ეს და ხელისუფლება უკვე გადადის სისასტიკის რეჟიმშიც, რაც აქამდე არ ჰქონია.

როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" ზონდერ ბრიგადებიც კარგად შემოუნახავს წინა ხელისუფლებისგან, რეზინის ტყვიებიც, ხელკეტებიც და ცრემლსადენის გაზიც".

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი: "ესე იგი, დაინიშნა მინისტრად და გოგომ მეორე დღესვე პრინციპულობის გამოჩენა გადაწყვიტა, თუ როგორაა საქმე?

P.S. ზოგადად ჰესების მშნებლობას არ ვეწინააღმდეგები"

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: "აბსოლუტურად, სრულად და ყოველგვარი მაგრამის გარეშე სოლიდარული ვარ პანკისელების!

შეცდომაა როდესაც ამბის მოყოლა იწყება იქიდან რომ ქვები ესროლეს, ტექნიკა დაწვეს აბა რა უნდა ექნათ. :(

ხელისუფლება იმისთვის არ არსებობს რომ მუდამ მდევარის როლში იყოს, მუდამ რეაგირებდეს, ვერასოდეს გეგმავდეს, ორი ნაბიჯით წინ ვერ იხედებოდეს.

ქვების სროლა, გაწევგამოწევა... შედეგია ჩვენი ქვეყნის ყველა ხელისუფლის უუნარობის ერთი ციცქნა ქვეყნის კიდევ უფრო ერთი ციცქნა ხეობა მუდამ აფეთქების ზღვარზე არ ამყოფოს.

შევადრნაძეს, სააკშვილს, ივანიშვილს ყველას რიგრიგოთ, მრავალჯერადად და მუდმივად უფეთქდებათ პანკისი.

ეს მორალისტობა აბა რა ქნან, ქვას თავი შეუშვირონ, უადგილო და უსაგნოა. დიახ, უკვე შეშვერილი აქვთ ამ ქვისთვის თავი, კარგა ხანია, დღეს უბრალოდ ვიზუალიზაცია მოხდა ამის.

როცა ჩვენს პანკისში ჩავდით და ერთად მოვუაროთ, ერთად ვუშველოთ ჩვენს საერთო სამშობლოს კამპანია დავიწყეთ ორი მინისტრის გარდა ვერც ერთი ავიყოლიე, გიჟად მთვლიდნენ, აქ კი სრული გმობის კამპანია მომიწყეს. სანამ იქ ვიყავით კიდევ ვაკავებდით.

მერე ჩვენ რომ აღარ ვიყავით ყველაფერი ძველების მაგალითზე გააგრძელეს, სპეცოპერაციებით, სადამსჯელო მანქანით, სპეცრაზმებით თამაში.

სანამ მინისტრს ეგონება, რომ:

- ჰესის გამო ესვრიან ქვას, არაფერი ეშველება ამ პრობლემას

- ქვის სროლაა მთავარი პრობლემა, არც მანამდე ეშველება რამე. მაგრამ ამის გაგება. როგორც ჩანს უკიდურესად ძნელია".

იხილეთ ასევე: "ვიღაცას ძალიან სჭირდება, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული სექტორი არ განვითარდეს... ქვეყნის მტერი შეეცდება სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბოს"