"ვიპოვე ადამიანი, რომელიც ჩემს შვილს საკუთარისგან არ ასხვავებს - ეს ქალისთვის დიდი ბედნიერებაა" - კვირის პალიტრა

"ვიპოვე ადამიანი, რომელიც ჩემს შვილს საკუთარისგან არ ასხვავებს - ეს ქალისთვის დიდი ბედნიერებაა"

"შვილი ღმერთისგან ბოძებული ყველაზე მაგარი საჩუქარია, რაც შეიძლება, ქალს ერგოს"

მოდელ თამთა შედანიას ულამაზესი გოგონა - მია უკვე რამდენიმე ბრენდის სახე გახლავთ. მოსწონს გადაღებები, ცეკვა, ხატვა... მიუხედავად ამისა, ექიმობა და პოლიციელობა აქვს გადაწყვეტილი. ექიმობა იმიტომ სურს, რომ თოჯინებს მოუაროს. მიამ ისიც გვითხრა, რომ როცა გაიზრდება და თოჯინებით აღარ გაერთობა, ექიმობას მაინც არ გადაიფიქრებს. ის თავის თოჯინებს რუსულად ესაუბრება, თან ისე, რომ ბებოს უკვირს - ხომ არ მომესმაო? ამიტომ მიას ფრაზების ქართულ ენაზე გადათარგმნას სთხოვს, გოგონაც გამართული ქართულით თარგმნის. მიამ გაგვიმხილა, რომ რუსული საბავშვო ბაღში, მეგობრებისგან - ნასტიასა და ლიოვასგან ისწავლა... გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან.

ფოტოგალერეა

თამთა: - მიასთან ერთად "ახალი თამთა" დაიბადა - ჩემთვის ახალი ეტაპი დაიწყო: როდესაც დედა ხდები, ცხოვრებას უკვე სხვა ფასეულობებით აგრძელებ. მიას გაჩენის შემდეგ, სწორედ ეს ფასეულობები შევიგრძენი. ალბათ, შვილი ღმერთისგან ბოძებული ყველაზე მაგარი საჩუქარია, რაც შეიძლება, ქალს ერგოს. შვილის გაჩენის შემდეგ, ჩემი ცხოვრება სრულად შეიცვალა - მიას რეჟიმზე "გადაეწყო". დროის უმეტეს ნაწილს მის განვითარებას ვუთმობ. დედაჩემს ჩემი დღიურები შენახული აქვს, რომელსაც ბავშვობაში ვწერდი. ერთ დღეს ასეთი რამ დამიწერია: "მინდა, პირველი შვილი გოგონა მყავდეს და მას მია დავარქვა". ორსულობისას, როცა ბავშვის სქესი გავიგე, მაშინვე გადავწყვიტე, მისთვის მია დამერქმია, რადგან ეს სახელი ძალიან მომწონდა და ვფიქრობ, მიასაც ძალიან უხდება, ლამაზია...

- შენ და მიას რა საერთო თვისებები გაქვთ, უკვე იკვეთება? - ჯიუტი ვარ. მიაც ასეთია. ვგულისხმობ იმას, რომ პირველობის მოყვარულია (სადაც თამაშობს, იქ პირველი უნდა იყოს და ყველა მას უჯერებდეს); სურს, თავისი გაიტანოს, სხვებისგან ყოველთვის გამოირჩეოდეს და მისი აზრი საზოგადოებაში გათვალიწინებული იყოს.

- შენი საქმიანობა მის ინტერესებზე გავლენას ახდენს? - კი. თავად არც მიცდია, რადგან ცნობილი ვარ, ამ მხრივ, ჩემი შვილი გვერდით დამეყენებინა. უბრალოდ, ასე მოხდა: რადგან მია ასეთი ლამაზი გაჩნდა და ფერიას ჰგავს, სურვილი ჰქონდათ, ჩვენთვის გადაღება ერთად მოეწყოთ. მია რამდენიმე ბრენდის სახეა. ეს ამპლუა ძალიან მოსწონს. ძირითად დროს შვილთან ვატარებ, ამიტომ ის ხშირად დასწრებია ჩემს გადაღებებს, პროექტებში მონაწილეობის დროსაც ჩემ გვერდით იყო. რასაც ხედავს, იქიდან მაგალითს იღებს: პოზირებს, ცეკვავს... როდესაც ტელეწამყვანი ვიყავი, ჩემთან ერთად იჯდა. ყოფილა შემთხვევა, ეთერი ღამის პირველ-ორ საათზე დასრულებულა. მია ყველაფერს "აკოპირებს" - იმეორებს, იზეპირებს (იღიმის)... როცა ბრენდების სახე გახდა, იქაც ისეთი პოზირება დაიწყო, შოკში ვიყავი - ეს ჩემმა შვილმა სად ნახა-მეთქი (იცინის)?!. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის პროფესიასთან დაკავშირებით რამე მიზანი მაქვს ან ახლა რამე გადაწყვეტილებას მივიღებ. თავად რაც მოუნდება, იმ პროფესიას დაეუფლება.

- თავად ირჩევს, რა ჩაიცვას?

- თავად ვაცმევ - სამოსს ერთმანეთს ვუხამებ, რომ ლამაზად და პრინცესულად ეცვას. მომწონს, როცა უნისექსი აცვია. სხვადასხვანაირი სტილის სამოსს ვურჩევ, მაგრამ ახლა უკვე ჩამოყალიბებული ინდივიდი გახლავთ, საკუთარი გემოვნება გააჩნია. როცა სახლში კონცერტებს გვიწყობს, თავად არჩევს, როგორი კაბა, კოლჰოტი ჩაიცვას, რომელი ფეხსაცმელი მოირგოს... საკუთარი გემოვნებით იპრანჭება და ძალიან ლამაზია.

მია: - ძალიან მიყვარს კაბები, ბრჭყვიალა ფეხსაცმელები, ჩანთები.

- მია, კიდევ რისი კეთება მოგწონს?

- ხატვა მომწონს.

თამთა შედანია ქალიშვილთან ერთად

თამთა:

- გუაშის საღებავებით ხატვა უყვარს. ლამაზად ხატავს ფიგურებს, ფორმებს, ფერებს ერთმანეთს ძალიან მაგრად უხამებს. მია, ბაღში რომ მოვდივარ, ყოველდღე რას მახვედრებ?

მია: - საჩუქრებს.

- თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

- ზოგჯერ დედა ენის ბაღში ვსეირნობთ, ზოგჯერ - გასართობ ცენტრში მივდივართ, ვხატავთ...

- საბავშვო ბაღში მისვლის პირველ დღეს მიამ ხომ არ იტირა? - პირველ დღეს, დილით ბაღში რომ დავტოვე, სხვა ბავშვების შესახებ თქვა, - ამათ რა ატირებთო (იცინის)? ბაღში შევიდა, ითამაშა... მის წამოსაყვანად რომ მივედი, სხვა ბავშვები ისევ ტიროდნენ. მიას ბაღში ყოფნა მოსწონს.

- შენი დაოჯახება მიამ ბუნებრივად მიიღო?

- ჩემს მეუღლეზე გიჟდება. მასთან კარგი ურთიერთობა აქვს. მანაც შვილივით მიიღო. ვიპოვე ადამიანი, რომელიც ჩემს შვილს საკუთრისგან არ ასხვავებს - ეს ქალისთვის დიდი ბედნიერებაა. როდესაც შვილი გყავს, რა თქმა უნდა, ყველაფერი შვილით უნდა "გაზომო". ისეთ ადამიანს არ მივიღებდი, ვინც მიას ვერ მიიღებდა.

- დედა-შვილს უთანხმოება რის გამო მოგდით?

- მაგალითად, თავის ნივთებს არ ალაგებდა, მაგრამ ეს საკითხი უკვე გამოვასწორეთ. მიამ იცის, რომ დიდი გოგოა. ბოლო პერიოდია, აღარ მაბრაზებს: დაჭკვიანებული და გაზრდილია. ვგრძნობ, რომ 5 წლის ხდება. ახლა ყალიბდება და ვცდილობ, მაქსიმალურად ავუხსნა, რა არის სწორი და არასწორი, სწორი მაგალითი ვუჩვენო. ახსნა-განმარტებით, მოთმინებით და მონდომებით მინდა, სასურველ შედეგს მივაღწიო და სამაგალითო, მისაბაძი გოგო გაიზარდოს. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ჩაწყობით" მუშაობა არასოდეს დამიწყია. არ დავუშვებ, ვინმემ ჩემზე ილაპარაკოს, ეს იმის მოყვანილიაო"

ეთო ყორღანაშვილი