ლაურა ღაჭავა: "ჭორაობენ, თითქოს ირაკლი მეხმარება ბიზნესში" - კვირის პალიტრა

ლაურა ღაჭავა: "ჭორაობენ, თითქოს ირაკლი მეხმარება ბიზნესში"

"არავინ მიკრძალავს ბიზნესის კეთებას და რატომ უნდა დავმალო?"

"სოდ-ი თუ ვინმესთან მიდიოდა, რატომ არ ეუბნებოდა, რომ ჩემს საწყობში შემოეტანათ ტვირთი?"

"ლაურა ღაჭავა"  FASHION WEEK -ში მიიღებს მონაწილეობას"

"ყოველთვის ვმუშაობდი, მაგრამ რაც "ირაკლის დედა" გავხდი, ახლა ვჩანვარ. ირაკლი რომ არ იქნება თანამდებობაზე, ძველებურად მერე ვიმუშავებ", - გვითხრა ლაურა ღაჭავამ, რომელსაც აწუხებს, რომ საზოგადოება უფრო ერეკლე (ირაკლი) კოდუას დედად იცნობს, ვიდრე თავისი სახელითა და გვარით.

- 1989 წლიდან მაქვს ბიზნესი. მანამდე,  7 წელი განათლების სამინისტროში ვმუშაობდი.  მინისტრის მოადგილე მანანა კობახიძე განათლების პროფკავშირებში გადაიყვანეს და თავისთან წამიყვანა.

სრულიად შემთხვევით ავიაციაში დავიწყე საქმიანობა და აი, როგორ: ბელგიაში ავიაციის კონფერენციაზე წავედი, თარჯიმნად ჩემი შვილი გიორგი წავიყვანე, რომელიც ახალი ჩამოსული იყო ინგლისიდან. სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, სად მივდიოდი. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ არსებობდა ორგანიზაცია "100 ევროპა", რომელშიც ევროპის კომერციული ორგანიზაციები იყო გაერთიანებული, მაგრამ თუ ეს ორგანიზაცია ავიატორებისა იყო, არ ვიცოდი. კონფერენციაზე  გიორგიმ მითხრა, დედა, ჩვენ იქ არა ვართ, შენ რომ გგონიაო. არ შეიმჩნიო, ბოლომდე მოვისმინოთ, რაზე ლაპარაკობენ.

არ შეიძლება რამე სასიკეთო არ გავიგოთ-მეთქი.  ასეც მოხდა. ერთმა კანადელმა მითხრა, თბილისში ელდარ შენგელაიასთან ვარ სტუმრად ნამყოფი. ძალიან კარგი იქნება, თუ კერძო ავიაკომპანიას შექმნით, ჩვენ გვერდით დაგიდგებითო. მეტი რა მინდოდა? 1990 წლიდან ავიაკომპანია "გაკოს" ჩავუდექი სათავეში. მოსკოვიდან ორი "ტუ-154" ჩამოვიყვანე. მაშინ ზურაბ ჭანკოტაძე იყო ავიაციის დეპარტამენტის უფროსი და ძალიან გამინაწყენდა, არაპროფესიონალები ხართ და რა უფლებით იწყებთ ავიაციაში საქმიანობასო. რა პრობლემაა, გვერდით პროფესიონალებს დავიყენებ და ისე ვიმუშავებ-მეთქი. ასე რომ, 1998 წლამდე ავიაკომპანია "გაკოში" ვიმუშავე.

დიდი ოჯახი მაქვს, 11 შვილიშვილი მყავს. ჩემი მეუღლე ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროენერგეტიკის კათედრის გამგეა.

ჭორაობენ, თითქოს ირაკლი მეხმარება ბიზნესში. არადა, შეგნებულად არ მივდივარ მასთან ჩემს საქმეზე.

KvirisPalitra.Geსამწუხაროდ, ჩემმა შვილმა ოჯახი რომ დაანგრია, ძალიან განვიცადე. ჩემს ყოფილ რძალთან ნინო ენუქიძესთან დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს, პატივს ვცემ. მან ხომ ოთხი შვილიშვილი მაჩუქა. ჩემი შვილი ნანუკასთან თავს თუ კარგად გრძნობს, მე მათ ბედნიერებას ვუსურვებ. ირაკლი 5 შვილის მამა და უკვე ბაბუაცაა. უფროსი შვილი, დათო, ექიმია, პედიატრი, გია ავიაკომპანიაში მუშაობს, ირაკლი კი ყველამ იცით. ვსწავლობდი, ვმუშაობდი და თან  სამ ბიჭს ვზრდიდი.

ახლა რომ ძიძებს აზრდევინებენ შვილებს, მაშინ ისე არ იყო. ბახტრიონზე ვცხოვრობდით და მოგეხსენებათ, დოლიძეც და ბახტრიონიც მორფინისტებით იყო სავსე. 45 წლის განმავლობაში დასვენება არ მღირსებია, შვილების ცხოვრებით ვცხოვრობდი. მკაცრი, ზოგჯერ საზიზღარი დედაც ვიყავი. ირაკლი სულ მახსენებს, მკაცრი იყავი, მე ასე არ გავზრდი ჩემს შვილებსო. ძალიან ყურადღებიანი ვიყავი. ყოველ საათში ვაკონტროლებდი. ბიჭებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. კარის უკან იატაკის საწმენდი ჯოხი მედო. ირაკლი ძალიან ცელქი იყო, უფრო რთული გასაზრდელი იყო, ვიდრე გია და დათო.

ერთხელ, სამსახურიდან რომ დავბრუნდი, ვხედავ, ეზოში საშინელება ხდება. თურმე ირაკლი აივნიდან (მერვე სართულზე ვცხოვრობდით) ისროდა ხილს და თუ ვინმეს მოარტყამდა, ძალიან ხალისობდა. მეზობლები ბრაზობდნენ, რას დაამსგავსა ეზოო. ასე გამინადგურა ირაკლიმ მთელი მარაგი. იმ საღამოს საკუთარი თავიც დავსაჯე და ირაკლიც, - არც ის დავაძინე და არც მე დავიძინე. დილით ირაკლიმ მომწერა, - დედა, როგორც გინდა, ისე მოვიქცევი. თუ გინდა, ხეთაში წავალ და ბებიასთან ვისწავლიო და წერილი ბალიშის ქვეშ ამომიდო.

ირაკლი დაუდგრომელი იყო, ფათერაკებში ეხვეოდა და სულ უკან დავდევდი. დათომ და გიამ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს. ირაკლიმ პოლიტექნიკურში ჩააბარა, მაგრამ სულ მეუბნებოდა, პოლიციაში მინდა მუშაობაო და ჩემი მეუღლის მალულად ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე. ირაკლი ბუნებით ძალიან თბილია. ნინო და ირაკლი კლასელები იყვნენ. მეხუთე კლასიდან უყვარდათ ერთმანეთი. პირველ კურსზე გამომიცხადეს, ერთმანეთი გვიყვარსო და დაქორწინდნენ. როგორც მეოთხე შვილი, ისე გავზარდე ნინო, სულ ჩემთან იყო მოკედლებული. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ამიტომაც გააჩინა ნინომ ოთხი შვილი.

სანამ ირაკლი სახლიდან წავიდოდა, ნინოს ვიღაც ქალები ურეკავდნენ, ირაკლისა და ნანუკას ურთიერთობაზე ელაპარაკებოდნენ. ირაკლი ისე წავიდა სახლიდან, ნინოს საყვედურიც არ უთქვამს.

ახლაც ტელეფონზე ხშირად საუბრობენ. შვილებს ისევ ირაკლი უვლის და ნინოსაც ყურადღებით ექცევა. ფაქტის წინაშე დამაყენა ირაკლიმ, ნანუკა შეუყვარდა. ნანუკა თბილი გოგოა, ირაკლის შვილებიც კარგად მიიღო და მათაც უყვართ ნანუკა.

- როდესაც ერეკლე სოდ-იდან კრიმინალურ დეპარტამენტში გადაიყვანეს, ითქვა, ვანო მერაბიშვილთან არის დაპირისპირებულიო.

- ვფიქრობ, კრიმინალურ დეპარტამენტში ირაკლის გადაყვანა დაწინაურებაა. რატომ უნდა ნიშნავდეს ეს ირაკლისა და ვანო მერაბიშვილის ცუდ ურთიერთობას? კრიმინალური დეპარტამენტი შს სამინისტროს დიდი რგოლია, სოდ-ი კი ახალი სტრუქტურა. იქ რომ კარგად იმუშავა ირაკლიმ, ეტყობა, ამიტომ გადაიყვანეს კრიმინალურ დეპარტამენტში. ირაკლის ორმაგი თამაში არ შეუძლია. ამიტომაც არ მოსწონს ზოგიერთს. გაზეთები მისი ლანძღვა-გინებით არის აჭრელებული. რას ვიზამ, უკვე შევეგუე ამას.

KvirisPalitra.Ge- თქვენს ბიზნესსაქმიანობაზე მომიყევით და იქნებ ისიც მითხრათ, რა ქონების მფლობელი ხართ?

- დიდი ქონების მფლობელად მხატავენ,  სინამდვილეში ასე არ არის. მზა არაფერი მიყიდია, ყოველთვის მიწას ვყიდულობდი და ვაშენებდი. 2000 წლიდან "პირიმზეს" აქციონერი ვარ. აქციონერები და ინდმეწარმეები თავიანთ აქციებს ბირჟაზე რომ ყიდდნენ, მე ვყიდულობდი. ასე გავხდი მფლობელი. დანარჩენი წილი სხვადასხვა აქციონერს ეკუთვნის. გადავწყვიტეთ, შენობა გაგვერემონტებინა და ამას სათავეში ჩავუდექი.

ლილოში, ჭირნახულის #7-ში, სასაწყობე დანგრეული მეურნეობა იყო, რომელიც აუქციონზე გამოიტანა თი-ბი-სი ბანკმა. რადგან იქვე ბაზრობა მქონდა, აუქციონში მონაწილეობა შემომთავზეს. თი-ბი-სის შევუთანხმდი, თუ გასარემონტებლად კრედიტს მომცემდა, შენობას ვიყიდდი. ასე რომ, 3 მილიონი ლარი თი-ბი-სიდან ავიღე. ეს თანხა მთლიანად მოხმარდა გაპარტახებულ შენობას.

გადავწყვიტე, იქ სამკერვალო სახლი გამეხსნა. იაპონიის ელჩის დახმარებით უახლესი საკერავი მანქანები შემოვიტანეთ, რომელიც კომპიუტერულ სისტემაზეა აწყობილი. 24 ოქტომბერს სამკერვალო სახლი "ლაურა ღაჭავა" fashion week-ში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისის მეტროს თანამშრომლების ფორმის შესაკერად გამოცხადებულ მერიის ტენდერშიც ჩვენ გავიმარჯვეთ(!).

- ზემოთ ბრძანეთ, ლილოში ბაზრობა მქონდაო. ამიტომაც ამბობენ, ლილოს ბაზრობა ლაურა ღაჭავასიაო?

- ლილოში კომერციული ცენტრი მაქვს, სადაც 42 კაცია დასაქმებული, ლილოს ბაზრობაზე კი - 15 ათასი კაცია. ლილოს ბაზრობას შვიდი მეპატრონე ჰყავს(!).

- ამბობენ, რომ საბაჟო ტერმინალი "ლილო 1"-ც თქვენი იყო და ბენდუქიძემ წაგართვათ.

- ტერმინალი "ლილო 1" ბენდუქიძისაა. როდესაც "ლილო 1"-ზე აუქციონი ჩატარდა, მასში ლილოს ბაზრობის ერთმა მფლობელმა, ვაჟა უსანეთაშვილმა გაიმარჯვა. პირველად 120 ათასი შეიტანა, მაგრამ მერე ვეღარ მოახერხა და ის ფულიც დაკარგა. ხელმეორედ რომ გაიტანეს აუქციონზე "ლილო 1", მაშინ იყიდა ბენდუქიძემ. ამბობენ, დიდი თანხა დაუჯდა ტერმინალის გაკეთებაო. დიდი ტერიტორიაა - 25 ჰა.

- თქვენ ამბობთ, რომ ბოლო დროს ინდმეწარმეებთან დაკავშირებული დაჭერები ტყუილად დაგაბრალეს, მაინც რატომ დაუკავშირეს გადამზიდავ კომპანია "ტრანსკარგოს" თქვენი სახელი?

- არ ვიცი. ვფიქრობ, "გაკო" და "კარგო" ერევათ ერთმანეთში და იმიტომ მომაწერეს გადამზიდავი კომპანიის მფლობელობა. არავის ვიცნობ "ტრანსკარგოში". მათი ქართველი წარმომადგენელი ყოფილი პოლიციელია, შევარდნაძის დროს მუშაობდა პოლიციაშიო. ის დაკავებული ყოფილა. ტყუილია, თითქოს სოდ-ი ინდმეწარმეებს ეუბნებოდა, "ტრანსკარგოსთან" დადეთ ხელშეკრულებაო. სოდ-ი თუ ვინმესთან მიდიოდა, რატომ არ ეუბნებოდა, რომ ჩემს საწყობში შემოეტანათ ტვირთი?

ჩვენთან "ტრანსკარგოდან" ერთი მანქანაც არ შემოსულა. ვიღაცას შეგნებულად უნდოდა, რომ ინდმეწარმეების დაკავებასთან მე დავეკავშირებინე და დარტყმა მიეყენებინათ ირაკლისთვის. მაგრამ ის 170 დაკავებული ხომ იტყვის, მათ ტვირთთან რომ საქმე არ მქონია. გადამზიდავი კომპანია ჩემი რომ ყოფილიყო, ერთხელ მაინც ხომ დაველაპარაკებოდი? საჯარო რეესტრში ხომ ჩანს, ვისია ფირმა და ვინ არის დამფუძნებელი? ვისაც არ სჯერა, რომ "ტრანსკარგო" ჩემი არ არის, მაშინ მათ ამ მითურ ქონებას ვჩუქნი.

- მაგრამ ხშირად კომპანიას სხვაზე აფორმებენ ხოლმე...

- ყველა ბიზნესი ჩემს სახელზე მაქვს. არავინ მიკრძალავს ბიზნესის კეთებას და რატომ უნდა დავმალო? მთავარია, ბიუჯეტში შევიტანო კუთვნილი თანხა. აეროპორტშივე მქონდა სასაწყობე მეურნეობა "გაკო", რომელიც საბაჟოს საწყობად გადავაკეთე. ის 1993 წლიდან მუშაობს. ძალიან შევწუხდი პრესაში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, თითქოს 170 კაცი ჩემ გამო დაიჭირეს. ამ ხალხის ოჯახის წევრები ხომ იფიქრებენ, რადგან ირაკლი კოდუას დედაა, ვერ იჭერენ და ინდმეწარმეები დაიჭირესო. ჩემს ბიზნესთან ჩემს შვილებს კავშირი არა აქვთ. იმის გამო, რომ ჩემი შვილი თანამდებობაზეა, მუშაობის უფლება არა მაქვს?

იაპონელმა პარტნიორმა მითხრა, ორი დღეა, აქა ვარ და ისეთი წარმოდგენა შემექმნა, რომ ქართველები ზარმაცები ხართ, რესტორნები გადატენილია ხალხით, ამიტომაც გირჩევნიათ, რომ მანქანებმა იმუშაონო. არა, ჩემთან  250-მა კაცმა უნდა იმუშაოს-მეთქი.

კარგია, რომ საქართველოში ინვესტიციები შემოდის, მაგრამ მინდა ეს ინვესტიცია ქართველებმა გააკეთონ. ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა თუ არ იყოჩაღეს, ვიღაცის მსახურები გავხდებით და ეს ძალიან მწყინს.