რას ამბობენ საგარეო უწყებაში რომში დაჭრილი საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით? - კვირის პალიტრა

რას ამბობენ საგარეო უწყებაში რომში დაჭრილი საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით?

რომში, სამგზავრო ავტობუსში დაჭრილი საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოდან სახლშია გაწერილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოფოციალური შეტყობინება საკონსულოში არ შესულა ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ამის მიუხედავად კონსულს ჰქონდა კომუნიკაცია იტალიელ სამართალდამცავებთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, დაჭრილმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა კონფიდენციალურობა და აქედან გამომდინარე დიპლომატიური უწყებისთვის უცნობია, რა ვითარებაში მოხდა მოქალაქის დაჭრა.

"საქართველოს მოქალაქე გაწერილია სახლში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური შეტყობინება არ იყო შესული ჩვენს წარმომადგენლობაში, კონსულს ჰქონდა კომუნიკაცია სამართალდამცავებთან და მათ უთხრეს, რომ ამ ადამიანმა ისურვა დარჩენილიყო კონფიდენციალურად ანუ არ მოისურვა მის შესახებ რაიმე ინფორმაციის გაცემა", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იტალიის დედაქალაქ რომში, ავტობუსში, მაროკოელმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Roma Today ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მაროკოელსა და საქართველოს მოქალაქეს შორის დაპირისპირება სამგზავრო ავტობუსში მოხდა, რის შემდეგაც მაროკოელმა მას ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.

პოლიციელებმა მაროკოს მოქალაქე დააკავეს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"