"არც კი ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა, ეს ჯვარი რომ ვიტვირთე"
"არც კი ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა, ეს ჯვარი რომ ვიტვირთე"
ფოტო:ლუკა ჩოხელი მშობლებთან, გოდერძი ჩოხელთან და ნინო მელაშვილთან ერთად
"გოდერძის ჰკითხეს, ასეთი მძიმე როლისთვის როგორ გაიმეტე შვილიო? - აბა, სხვის შვილს ხომ ვერ გავიმეტებდიო, - უპასუხა. მე კი... საშინელი შეგრძნება მქონდა"

სოფელში მცხოვრებ პატარა ლუკას სკოლის დირექტორი "სახარებას" უპოვის და თანაკლასელების თვალწინ სანიმუშოდ დასჯის, კომუნისტური ეპოქის პირობებში გაზრდილი თანაკლასელი პიონერები ღვთის მორწმუნე ლუკას ჯვარს გააკრავენ - ეს გახლავთ მართლაც გამორჩეული მწერლისა და რეჟისორის, ერთდროულად სევდიან-ხალისიანი ადამიანის, უდროოდ გარდაცვლილი გოდერძი ჩოხელის 1997 წელს გადაღებული ფილმის - "ლუკას სახარების" მოკლე შინაარსი.

იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ახლოვდება. ვიფიქრეთ, ნამდვილად ღირდა ამ დრამატული, ტკივილიანი და ლამაზი ფილმის, მისი ავტორისა და გადაღების დღეების კიდევ ერთხელ გახსენება, რაც, ალბათ, უკვე მერამდენედ აგვიფათურებს სულს, მერამდენედ დაგვაყენებს საკუთარი სისასტიკისა და სინანულის ზღვარზე და კიდევ ერთხელ აუცილებლად გვაპოვნინებს ჩვენივე სიცოცხლის მთავარ გამართლებას -
სიყვარულს...

გოდერძი ჩოხელმა ფილმში ლუკას როლი თავის ვაჟს, ლუკა ჩოხელს მიანდო და ფილმის "თავგადასავალსაც" სწორედ მისგან მოვისმენთ.
ვიდრე გადაღებებს გაიხსენებდა, ლუკა ჩოხელმა უცნაური რამ მიამბო:

- ხალხმა იცის, რომ გოდერძი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ეზოშია დასაფლავებული. მახსოვს, მისი საფლავის ქვას რომ ვაკეთებდი, დამესიზმრა თუ გამომეცხადა. ვკითხე: მამა, საზვერეები როგორ გაიარე-მეთქი? - კარგად გავიარე, წინაპრები მეგებებოდნენ: მართალი გოდერძი მოდისო. ბერი გაბრიელი დაგეხმარა-მეთქი, - ჩავეკითხე. - ბერი გაბრიელიც და წინაპრებიცო, - მომახარა. ვგრძნობდი, ხილვა მალე დასრულდებოდა... და ასეც მოხდა. ერთხელ კიდევ "შევხვდი" ამგვარად და ვკითხე: არ შეიძლება, სულ ასე გაგრძელდეს-მეთქი? - არაო, - ღიმილით მიპასუხა, - მაგრამ შენ ამას ვერ ჩაწვდებიო... გოდერძის ძალიან უნდოდა, დედამისის საფლავის ქვაზე თავისი საყვარელი ფრაზა წაეწერა, მაგრამ არ დასცალდა... ის სიტყვები მერე მისი საფლავის ქვას წავაწერე: "რა არის სიცოცხლე? - სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. - სიკვდილი? - სიკვდილიც სევდა არის, არყოფნის სევდა"...
გოდერძი და ლუკა ჩოხელები გადაღებაზე
რაც შეეხება ფილმს, ზოგადად, მამას პატარაობიდანვე დავყვებოდი ხოლმე გადაღებებზე და ეს პროცესი უცხო არ იყო ჩემთვის. 13 წლის ვიყავი და ლუკას, ჩემს გმირს სიღრმისეულად არც ჩავძიებივარ. ალბათ, მაინც ბავშვურად ვფიქრობდი: გმირი ჩემი სეხნია იყო; მოქმედება მთაში ხდებოდა, მე კი მთა გამორჩეულად მიყვარს; ძალიან მომწონდა ჯვრიანი სამოსი, რომელიც საგანგებოდ ლუკასთვის მოქსოვეს; მიტაცებდა ფილმის ქრისტიანული თემატიკა და, ბოლოს და ბოლოს, ძალიან მინდოდა კინოში გადაღება. ვფიქრობ, მაქსიმალური გავაკეთე ჩემი გმირისთვის და ეს ბევრმა აღნიშნა. ყველას უძნელდებოდათ დაჯერება, რომ ეს როლი ჩემი დებიუტი იყო. მახსოვს, ტირილის ეპიზოდს ვიღებდით და ბუნებრივად რომ მეტირა, შესაბამისი განწყობა უნდა შემექმნა. მოულოდნელად ხარმა რქა მომარტყა ცხვირში და სიმწრისგან ავტირდი. გოდერძისა და ოპერატორს არ გამოჰპარვიათ ეს მომენტი და სასწრაფოდ ფირზე დააფიქსირეს. ასე რომ, გლიცერინი და სხვა საშუალებები აღარ დამჭირდა - ფილმში ნატურალური კადრი დარჩა. ხანდახან კადრებსაც ვაფუჭებდი და მამა ბრაზობდა. ალბათ, ყველაზე რთული ჯვარცმის გადაღება იყო - ჯვარაკიდებული რომ დავდივარ, ბავშვები კი დამდევენ და ყვირიან: ქრისტე აღდგაო! იცით, მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ჯვარზე გაკვრის თემაზე მოძღვარს უნდა გავსაუბრებოდი. არც კი ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა, ეს ჯვარი რომ ვიტვირთე - ვიცოდი, რომ ეს ფილმს სჭირდებოდა. ისიც ვიცოდი, რომ გოდერძი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით იღებდა "ლუკას სახარებას". მაგრამ ალბათ მაინც მაწუხებდა, ცოდვა არ იყოს-მეთქი და მინდოდა, მოძღვრისთვის გამეზიარებინა...
ლუკა ჩოხელი და თამარ სხირტლაძე
საუბარში გოდერძის მეუღლე, ნინო მელაშვილი-ჩოხელი ჩაერთო:
- რატომ არ ამბობ, "ლუკას სახარების" გადაღებამდე, 7-8 თვის განმავლობაში რომ არ ლაპარაკობდი? 13 წლის ბიჭს, თითქოს, დუმილის აღთქმა ჰქონდა დადებული ან გარე სამყაროს უცხადებდა პროტესტს - არც სკოლაში ამბობდა სიტყვას, არც ოჯახში. ხან გვითხრეს, ხატის მიზეზიაო და გამოსალოცად წავიყვანეთ, ხან - ლოგონევროზიო და ექიმების მითითებით წამლებიც ვასვით. ერთმა ბერმა უთხრა: რისი გეშინია, შენ ისეთი მაგარი მამა გყავსო... საბოლოოდ მივხვდით, ლუკას თავს რაღაც სხვა ხდებოდა. პარალელურად, გოდერძი "ლუკას სახარების" გადასაღებად ემზადებოდა და არც კი უფიქრია, ლუკა გადაეღო. მერე ლუკამ სცენარი წაიკითხა და ამდენი ხნის შემდეგ პირველად დაილაპარაკა: დედა, ეს მე უნდა ვითამაშოო. გოდერძისაც ვუთხარი და შევფიქრიანდით - ძალიან მძიმე როლი იყო. რომ ვერ ეთამაშა ან უფრო დამძიმებულიყო? არადა, ძლივს ამოიღო ხმა. გოდერძი მაინც დათანხმდა და სხვა ბავშვებთან ერთად სასინჯი კადრებიც გადაუღეს. სამხატვრო საბჭომ არც იცოდა, გოდერძის შვილი რომ იყო და ერთხმად სწორედ ლუკა მოიწონა. ლუკამ გოდერძის ისიც უთხრა, 1-2 დუბლით გადამიღე, მეტს ვერ ვითამაშებო. მეტი თითქმის არც დასჭირვებია. არათუ თავისი, სხვისი როლებიც ზეპირად იცოდა. წარმოგიდგენია? გადაღებაზე სათქმელს უშეცდომოდ ამბობდა, მერე კვლავ დუმდა. თავისი შესრულებით გოდერძიც კი გააოცა. ჯვრის ტარების ეპიზოდის გადაღებისას, მახსოვს, აივანზე ვიდექით მასწავლებლების როლის შემსრულებლები და ყველანი ვტიროდით: უმძიმესი საცქერი იყო ლუკა.
კადრი ფილმიდან 'ლუკას სახარება'
- საკუთარი შვილის განცდისა და ტანჯვის ყურებას როგორ გაუძელი?
- სხვათა შორის, გოდერძისაც ჰკითხეს, ასეთი მძიმე როლისთვის როგორ გაიმეტე შვილიო? - აბა, სხვის შვილს ხომ ვერ გავიმეტებდიო, - უპასუხა. მე კი... საშინელი შეგრძნება მქონდა. ისიც კი გავიფიქრე, ღმერთო მაპატიე და, ალბათ როგორ იტანჯებოდა ღვთისმშობელი, საკუთარი შვილის ჯვარცმას რომ უყურებდა-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცოდით, მხოლოდ გადაღება იყო და სხვა არაფერი, ენით აუწერელი განცდა დაგვეუფლა... ფილმის დასრულების შემდეგ რომ ეკითხებოდნენ ლუკას, რას გრძნობდი თამაშისასო, - არ ვთამაშობდი, იმ ცხოვრებით ვცხოვრობდიო, - პასუხობდა. სხვათა შორის, საუკეთესოდ გაახმოვანა როლი. ისეთი შეგრძნება დაგვრჩა, თითქოს იმ 7-8 თვის განმავლობაში, დამუნჯებული რომ იყო, შეუცნობლად, მაგრამ მაინც, ამ როლისთვის ემზადებოდა. დასრულდა ფილმი და ლუკაც ერთბაშად ალაპარაკდა.

ლუკა:
- მწარედ მახსოვს, ჩემი ძმის - ნიკას, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, და ჩემი გაროზგვისას გოდერძი მსახიობ ბორია წიფურიას ეუბნებოდა, მაგრად დაარტყიო. სხვათა შორის, ნიკაც მართლა ტირის კადრში. ალბათ, გოდერძი იმ კადრის გადაღებისას შვილებად ვერც აღგვიქვამდა, ისე იყო ჩართული გადაღებაში.
ნინო მელაშვილი და ლუკა ჩოხელი
ნინო:
- ომის შემდგომი წლები იყო და გოდერძი ამბობდა, ახლა საქართველოს მოსახლეობას უფრო სულიერებაზე დამყარებული ფილმები, სევდიანი კომედიები სჭირდებაო. "ლუკას სახარება" კომედია არ არის, მაგრამ სევდიანი და ამავე დროს - იმედიანი ფილმია. ხომ გახსოვს ფინალი? - ობოლ ლუკას სკოლიდანაც აგდებენ და გამზრდელი ბებიაც უკვდება, მაგრამ ამ მომენტში მანამდე გაჭირვების გამო გაყიდული საყვარელი ხარი - ნიკორა უბრუნდება და ბედნიერი ბიჭი ხართან ერთად ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს: ორივენი ვიმუშავებთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. საოცარი იყო, გოდერძიმ იმედისა და სიძლიერის სიმბოლოდ ფილმში ხარი რომ გამოიყვანა და არც იცოდა, თურმე, ლუკას სახარების სიმბოლო სწორედ ხარი რომ ყოფილა. ეს ფილმის ნახვის შემდეგ უწმინდესისგან შეიტყო. აშკარად, ქვეცნობიერად შეარჩია ხარი - გოდერძის ცხოვრებაში ასეთი უცნაური ამბები ძალიან ხშირად ხდებოდა!

პ.ს. "– ხომ არ არსებობს აღდგომა?
– დიახ, მასწავლებელო.
– დიახ კი არა, არა–თქო!
– არა, მასწავლებელო!
– მაშ ეს ბიჭი ხომ იმსახურებს ამისათვის სასჯელს?! – ლუკაზე მიუთითა დირექტორმა.
– დიახ, მასწავლებელო!
– აბა, შემოარბენინეთ ასი წრე! – ბრძანა დირექტორმა და ბალღები კიჟინით გაეკიდნენ ლუკას. ორმოცდამეთხუთმეტე წრეზე მთელი ეზო თვალებში დაუტრიალდა ლუკას და გონი აერია, მუხლები მოეკვეთა და წაიქცა. დირექტორმა წამოაყენა და ჩაეკითხა:
– აბა, აღდგა ქრისტე?
– ჭეშმარიტად, მასწავლებელო!"

გოდერძი ჩოხელი, "ლუკას სახარება"



(სპეციალურად საიტისთვის)

მზია
24 აპრილი 2019 12:46
ჭეშმარიტ გენიოსს ვერ მოვუფრთხილდით, სამწუხაროდ. სიკეთე, სიყვარული, სევდა, იმედი - ეს ყველაფერია ჩატეული ამ საოცარი ადამიანის შემოქმედებაში - ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს იმ ქვეყნად
IRAKLI
24 აპრილი 2019 12:36
დაუფასებლად წავიდა ამ ქვეყნიდან დიდი ადამიანი
მაია
24 აპრილი 2019 12:20
ეს ფილმი განსაკუთრებულად მიყვარს, სწორედ ლუკას საოცრად შესრულებულ;ი როლის გამო!!!ბედნიერი ყოფილიყავი!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები