"ასინეთა" მანდატურები და ვარსკვლავიანი სკოლები - კვირის პალიტრა

"ასინეთა" მანდატურები და ვარსკვლავიანი სკოლები

"სკოლაში არ დავუშვებთ ჯუნგლის კანონს"

მრავალვარსკვლავიანი სასტუმროების გარდა, მალე საქართველოში ვარსკვლავიანი სკოლებიც გაჩნდება. რა მიზანს ისახავს სკოლების ბრენდირება და  რა მოჰყვა სკოლებში მანდატურების გამოჩენას, დიმიტრი შაშკინთან ინტერვიუში შეიტყობთ:

- სკოლების ბრენდირებისას მნიშვნელობა მიენიჭება მოსწავლეების სასკოლო და საერთაშორისო ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და კონკურსებში მონაწილეობას; სერტიფიცირებულ, მაგისტრ, დოქტორანტ, პრეზიდენტის სტიპენდიანტ მასწავლებელთა და მედალოსან მოსწავლეთა რაოდენობას; უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობას; შენობის მდგომარეობას, სკოლის პერიმეტრის დაცულობას; მოსწავლეთა დასწრებასა და რაოდენობას. სკოლების ბრენდირება ამ წლის ბოლომდე დამთავრდება. ყველა სკოლას თავიდან ავტომატურად მიენიჭება ხუთი ვარსკვლავი.

მოსწავლეებს, რომლებიც ათვარსკვლავიან სკოლებს დაამთავრებენ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საატესტატო გამოცდების ჩაბარება არ მოუწევთ, რადგან სამინისტრო თავად სკოლის მიერ ჩატარებულ გამოცდებს აღიარებს.

ვარსკვლავების მისანიჭებლად სკოლებს არაერთი კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევთ და ჩემი ვარაუდით, ათვარსკვლავიანი სკოლების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელი იქნება.

- მინდა ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გამცნოთ, პირმა, რომელმაც მანდატურების ტრენინგი გაიარა, სკოლაში წასვლაზე უარი განაცხადა, რადგან მიუთითეს, რომ მისი ამოცანა მოსწავლეების კი არა, მასწავლებლის გაკონტროლება იყო. ნებისმიერი დარღვევის (დაგვიანების თუ მოსწავლესთან პედაგოგის კონფლიქტის) შესახებ აქტი უნდა შეედგინა და სამინისტროსთვის ეცნობებინა(!). მანდატურის ინსტიტუტი მართლაც პედაგოგების გასაკონტროლებლად შეიქმნა?

- საზოგადოების ნაწილს რატომღაც შეთქმულების თეორიებზე გამოდევნება დასჩემდა. ისიც ითქვა, რომ მანდატურები მასონები და სხვადასხვა სექტის წევრები არიან, ისევე როგორც ინგლისურენოვანი მასწავლებლები - CIA-ის აგენტები. ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი იმასაც ამბობდა, თითქოს მანდატურებს მე დავავალე, ხატები გაეტანათ სკოლებიდან. ერთ-ერთმა ისიც კი თქვა, რომ სკოლებში ჩემს სურათებს კიდებენ. ეს ხომ სისულელეა, მაგრამ ფაქტია, ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მანდატურები სათანადოდ მომზადებული არიან, სკოლებში მათი შესვლა ეტაპობრივად ვარჩიეთ, რათა სულ მცირე გაუთვალისწინებელი შემთხვევაც კი გამოგვერიცხა. მართალია, მანდატურებმა ფსიქოლოგებთან გაიარეს ტრენინგი, მაგრამ ჯერჯერობით მაინც სჭირდებათ მუდმივად გაკონტროლება, რომ შეცდომა არ დაუშვან.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თბილისის ყველა სკოლაში ვიდეოსისტემის დამონტაჟება დასრულდა. იგივე გაკეთდება ბათუმში, გორში, ფოთსა და რუსთავში... ჩემი ყოველი სამუშაო დღე სხვადასხვა სკოლიდან მიღებული რაპორტების გაცნობით იწყება. ვიღებ ინფორმაციას, რა ხდება სკოლებში დღის განმავლობაში და რა რეაგირება მოახდინა მანდატურმა.

აშშ-ის სკოლებში შეიარაღებული პოლიციელი შედის, მაგრამ ჩვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მანდატურს იარაღი არ ჰქონოდა. მანდატური დანაშაულის პრევენციაზეა ორიენტირებული და არა ვინმეს დასჯაზე.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მანდატურებმა ერთ-ერთი სკოლიდან ორი მასწავლებელი გააგდეს, მაგრამ მას დაავიწყდა ეთქვა, რომ ერთმა მასწავლებელმა მოსწავლეს სცემა, მეორემ კი მოსწავლეს ჩანთა გადაუგდო ფანჯრიდან. ასეთი მასწავლებლის ადგილი სკოლაში არ არის.

- უკაცრავად, მოსწავლის ცემა დააფიქსირა კამერამ? კამერა ხომ კლასში არ არის?

- კამერამ დააფიქსირა ატირებული ბავშვი, რომელიც კლასიდან გამოვარდა. ბავშვი უმიზეზოდ ატირდა, თავი გაილახა და მერე კლასიდან გავარდა? ვიდეომონიტორინგი სწორედ ამისთვის გვჭირდება სკოლაში, რომ ჩანაწერზე ვნახოთ, რა ხდება სკოლაში. როდესაც მასწავლებელი ყურს უწევს ბავშვს ან ჩანთას უგდებს ფანჯრიდან, ეს სადიზმია! მოსწავლის ცემაზე უთუოდ იქნება რეაგირება.

- ბრძანეთ, სადიზმია ბავშვისთვის ყურის აწევაო, მაგრამ არაფერი გითქვამთ იმაზე, რომ მანდატურს მოსწავლის გაჩხრეკის უფლება აქვს. Eეს ნაკლები ფსიქოლოგიური სტრესია მოზარდისთვის?

- მანდატურს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს მოსწავლის გაჩხრეკის უფლება, თუ შენიშნა, რომ ბავშვს უკანონო ნივთი აქვს. ამით ბავშვების უფლება არ ილახება(?!). სკოლაში არ დავუშვებთ ჯუნგლის კანონს, უფროსკლასელი უმცროსკლასელს საჭმელს რომ ართმევს სასადილოში.

- ერთმა მშობელმა მითხრა, რომ არ მოსწონს, როცა მის შვილს  ვიდეოთვალი აკონტროლებს. ეს ბავშვის ფსიქიკაზე მოქმედებს და თავისუფლებას უზღუდავსო.

- ვიდეოკამერა დერეფანსა და საჯარო ზონებშია. წავიდეთ სკოლაში, ვერსად ნახავთ, რომ ბავშვები ვიდეოკამერების გამო კედელთან არიან ატუზული და დერეფანში არ დარბიან. რატომღაც დიდი შეტევაა მანდატურებზე. მათ ხელფასზეც უსაფუძვლოდ ატყდა აჟიოტაჟი, თითქოს 800 ლარს იღებენ. სინამდვილეში მანდატურის ხელფასი 400 ლარია.

- ერთ-ერთ სკოლაში იყო შემთხვევა, როდესაც მეხუთეკლასელს აქტი შეუდგინეს, რადგან ტუალეტში მაშინ შევიდა, როდესაც იქ უფროსკლასელები სიგარეტს ეწეოდნენ.

- არ გამოვრიცხავ, გაუგებრობა მომხდარიყო, მაგრამ რატომ გამოვრიცხოთ, რომ 11 წლის  მოსწავლეც ეწეოდა უფროსკლასელებთან ერთად? რა მოხდა ცუდი, თუ მეხუთეკლასელის მშობელი გააფრთხილეს, რომ მისი შვილი უფროსკლასელებთან იმ დროს იყო, როდესაც ისინი სიგარეტს ეწეოდნენ? ამის შემდეგ მშობელი ორჯერ უფრო ფრთხილად იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ მოსწავლეებზეც შედგა აქტი, ვინც სიგარეტს ეწეოდა.

- ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა მითხრა, აღარ ვიცი, გავუშვა თუ არა გაკვეთილიდან მოსწავლე საპირფარეშოში, ვაითუ, მანდატურმა სხვაგვარად გაიგოსო.

- როგორ ფიქრობთ, უნდა გაუშვას?

- როდესაც სკოლაში ვასწავლიდი, გაკვეთილის დროს მოსწავლეს საპირფარეშოში ვუშვებდი.

- ე. ი. სწორად იქცეოდით. განკარგულებას ხომ არ გამოვცემ, მასწავლებელმა უნდა გაუშვას თუ არა მოსწავლე? ცხადია, უნდა გაუშვას.

- საიდან ვიცით, იქნებ მოსწავლე მოსაწევად გავიდა?

- პასუხს მოსწავლე აგებს და არა მასწავლებელი. ასეთი საუბარი უკვე ცინიზმამდე მიდის.

- ზემოთ ბრძანეთ, მანდატურებს რელიგიის კუთხეები არ მოუშლიათო, მაგრამ ცნობილია სამინისტროს პოზიცია, რომ არ მიესალმება სკოლებში რელიგიის კუთხეების მოწყობას.

- საიდან მოდის ასეთი ჭორები? გეგულებათ საქართველოში ადამიანი, ვინც სკოლაში და არა მხოლოდ სკოლაში რელიგიის კუთხეს მოშლის?

- სამტრედიის სპეცსკოლის აღდგენა, სადაც, სავარაუდოდ, ურჩ მოსწავლეებს გაამწესებენ, საბჭოთა გადმონაშთად მიაჩნიათ.

- სამტრედიის სპეცსკოლა ყოველთვის არსებობდა. მხოლოდ ცრუექსპერტები ამბობენ, რომ ეს სკოლა ახლა აღდგა. ასეთივე სკოლა იყო კაჭრეთშიც, მაგრამ, რადგან პირობები და ინფრასტრუქტურა არადამაკმაყოფილებელი იყო, არ მუშაობდა. სპეცსკოლა აუცილებელია. ზოგჯერ სკოლაში არიან ძნელად დასამორჩილებელი ბავშვები, რომელთა გამო ასობით მოსწავლე ზარალდება და სასწავლო პროცესი იშლება. ასეთი ბავშვის გარიცხვას და ქუჩაში დატოვებას, სჯობს, სპეცსკოლაში ისწავლოს, სადაც მასთან ფსიქოლოგები იმუშავებენ. მშობლის თანხმობის გარეშე სამტრედიის სპეცსკოლაში მოსწავლეს არავინ გადაიყვანს.

- მშობლებისთვის ერთ-ერთი პრობლემაა სკოლაში ფულის სხვადასხვა მიზეზით აკრეფა.

- მეტსაც გეტყვით, ზოგიერთი მასწავლებელი მშობელს არწმუნებს, რომ  ამა თუ იმ მიზეზის გამო დააჯარიმეს. ყველა დირექტორი სასტიკად მყავს გაფრთხილებული - სკოლას არა აქვს უფლება, ჯარიმა დააწესოს. სასტიკად დაისჯება იმ სკოლის დირექტორი ან მასწავლებელი, რომელიც სამინისტროს სახელით ვინმეს დააჯარიმებს.

მინდა მშობლები კიდევ ერთხელ გავაფრთხილო: ფულის შეგროვება სკოლაში აკრძალულია. თუ მშობელს სურვილი აქვს, სკოლას რაიმე პროექტის განხორციელებაში დაეხმაროს, შეუძლია პროექტ ALUMNI-ს ფარგლებში თანხა საბანკო ანგარიზე გადარიცხოს. ფულის შეგროვება დანაშაულია და ამაზე თვალს არ დავხუჭავთ.