სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს - კვირის პალიტრა

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

სააღდგომო დღეებში კვერცხის და ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის და კვერცხის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი, - ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის, ხორცპროდუქტებისა და კვერცხის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები პროდუქტების შენახვის პირობები. ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი.

"გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

• ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი;

• თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან ("წარმოშობა − საქართველო"), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;

• თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;

სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.

ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რიგ შემთხვევებში, სააღდგომოდ სარეალიზაციოდ გამოტანილი კვერცხი დიდი ხნის ნაგროვებია, მაშინ როცა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხის შენახვა ხდება 0°C‑დან 10°C‑მდე, შესაძლოა მომხმარებლისთვის კვერცხის მიწოდება მოხდეს მისი დადებიდან 1 თვის განმავლობაში და არაუმეტეს ამ პერიოდისა.

"კვერცხის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდგომ გარემოებებს:

• კვერცხი შეიძინოს ისეთ ადგილებში სადაც ჰიგიენური და შენახვის ნორმები დაცულია;

მოხარშული კვერცხი უნდა ინახებოდეს მაცივარში 24 საათი, +2-6 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმზე.

მაცივარში ან სხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭელში მოთავსებამდე კვერცხი უნდა გაირეცხოს - სასურველია დაცული ხელებით;

• იმისთვის, რომ კვერცხი მოხმარებისთვის უსაფრთხო იყოს, იგი გულდასმით უნდა მოიხარშოს ან შეიწვას;

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები.

გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას გთხოვთ, დარეკოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15-01", - აღნიშნავენ FAO-ში.

"ინტერპრესნიუსი"