"მთავარია ხალხი მიხვდეს, რომ..." - რას ამბობს პანკისში ჰესის მშენებელი კომპანიის დირექტორი? - კვირის პალიტრა

"მთავარია ხალხი მიხვდეს, რომ..." - რას ამბობს პანკისში ჰესის მშენებელი კომპანიის დირექტორი?

თუ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის იქნება კონსენსუსი, რომ არ გვჭირდება ჰიდროელექტროსადგურები, ჩვენც შესაბამისად მივყვებით ამას, - ამის შესახებ კომპანია "ფერის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა პანკისში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა კომპანია მოსახლეობასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას, იორდანიშვილი განმარტავს, რომ კონკრეტული გეგმა არ აქვთ და გაიზიარებენ იმ გადაწყვეტილებას, რასაც სახელმწიფო და საზოგადოება მიიღებს.

"ამ ეტაპზე გადასატანია ეს მძიმე დღე, რომელიც ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო. ჩვენი მხრიდან რამე გეგმა და კონკრეტული მიმართულებები მოლაპარაკებების კუთხით არაა,"-აცხადებს იორდანიშვილი.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში ყველაზე მეტად მისი კომპანია დაზარალდა.

"ზარალი საკმაოდ დიდია. ტექნიკა, რომელიც დაიწვა, მილიონი ლარის ღირებულებას სცილდება და სადგურის არ აშენებას, ასევე უკვე ჩამოტანილი ტექნიკის დანაკარგს რომ თავი დავანებოთ. მთავარია ხალხი მიხვდეს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა ჰიდროენერგეტიკის განვითარება ,"-აცხადებს იორდანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში ადგილობრივების პროტესტი მცირე ჰესის "ხადორი - 3"-ის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას მოჰყვა. მდინარე ალაზანზე "ხადორი-3"-ს კომპანიები "ალაზანი ენერჯი" და "ფერი" აშენებენ.

"ინტერპრესნიუსი"