"საქართველოს კრივის ისტორიაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, არც გოგონა ყოფილა მონაწილეებს შორის..." - კვირის პალიტრა

"საქართველოს კრივის ისტორიაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, არც გოგონა ყოფილა მონაწილეებს შორის..."

19 წლის ანა ხუნჯუა პირველი ქართველი მოკრივე გოგონაა, რომელმაც ვლადიკავკაზში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"სპორტულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. 11 წლიდან კრივზე სიარული დავიწყე. მამაჩემი მოჭიდავე და მწვრთნელია, დედა _ დიასახლისი. მამისგან ბევრი რამ ვისწავლე სპორტული სამყაროს შესახებ. თავიდან 2-3 წელი დავუთმე კრივს, შემდეგ თავი ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაშიც ვცადე, მაგრამ შემდეგ ისევ კრივს მივუბრუნდი. ამ მიმართულებით განვაგრძე სისტემატიური ვარჯიში. თავს არ ვზოგავდი, ვიცოდი, რომ სასურველ შედეგს მივაღწევდი. გავედი ღია ტურნირებზე. შარშანწინ, შარშან ვიყავი ევროპის ჩემპიონატზე, სადაც სპეციალისტების დიდი მოწონებაც დავიმსახურე, მაგრამ ისტორიული შედეგი დაიდო წელს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს კრივის ისტორიაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, არც გოგონა ყოფილა მონაწილეებს შორის..."

"მომავალში ვფიქრობ უმაღლესში ჩაბარებას. ისევ და ისევ კრივის მიმართულებით მინდა განათლების მიღება, რომ თავად გავზარდო გოგონების და ბიჭების მომავალი თაობა. ამ ეტაპზე ამ სპორტში ბევრი გოგონა არ არის. ჩემთან ერთად ვარჯიშობს ნინი გეწაძე. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში უფრო გაიზრდება გოგონებში კრივით დაინტერესება და ყველა ერთად მივაღწევთ მაღალ შედეგებს..."

"სამი დედმამიშვილი ვართ, მე ვარ ყველაზე უფროსი. ძმა მოჭიდავეა და ხელოვნებით გატაცებული. როგორც გითხარით, მამაც მოჭიდავეა. ასე რომ, ოჯახიდან მე, მამა და ძმა ვართ სპორტით დაკავებული. სხვათა შორის, 7 წელი ვცეკვავდი, მაგრამ მერე კრივი გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი..."

"ვეცდები ბოლომდე დავიცვა ჩემი ქვეყნის ღირსება და ჩემი გულშემატკივარი გავახარო. ჩემს ქვეყანაში ვაპირებ დიდ მოკრივეობასაც და მწვრთნელობასაც. მანამდე დიდი დროა, ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი და მერე უკვე სხვა ამპლუაშიც გადავინაცვლებ..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 25 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე