"გია, ძმაო, გაიქეც ამ დაწყევლილი შენობიდან!" - კვირის პალიტრა

"გია, ძმაო, გაიქეც ამ დაწყევლილი შენობიდან!"

მე მგონია, საზმაუ (საზოგადოებრივი მაუწყებელი) მოჯადოებულია. ალბათ, ადრე აქ სასაფლაო იყო და ამიტომ მიცვალებულთა მშფოთვარე სულები ტელევიზიაში მუშაობისათვის არახელსაყრელ აურას ქმნიან. ან შეიძლება იქვე, ზოოპარკში დამწყვდეული ცხოველების გმინვა უფრთხობს საზმაუელებს მუზას. ერთი რამ ცხადია, ვერ ეღირსა ეს კანტორა ტელევიზიად ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, რომ ფულს ოხრად აძლევენ, ერთი ხეირიანი ლოგო ვერ გაუკეთებიათ - ხან ფალიკურ სიმბოლოს, ხან მწვანე ჭიაყელას და ხან ბავშვის მიერ ქაღალდისაგან გაკეთებულ თვითმფრინავს მაგონებს. ეს აშკარად წყევლის ბრალია.

გასაგებია, ბატონო, რომ არსებობს ცენზურა და პოლიტიკურად მწვავე გადაცემებს საზმაუზე ვერ გააკეთებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც მიშა, არც ტყეშელაშვილი და არც ადეიშვილი არ კარნახობენ საზმაუს უფროსს, თუ როგორი ლოგო უნდა დასვას ეკრანზე. ბრმა არავინ არის და ყველა ხედავს, რომ ახალი ლოგო ხალტურაა. ჰოდა, კიდევ ასეთი ლოგო უნდოდა ახლა ამ საცოდავ არხს? ამიტომ მგონია, ეს ბიჭი (ჭანტურია) და მისი დამქაშები მოჯადოებული არიან. ვერ ხედავენ და არ ესმით.

ვფიქრობ, გათიშულია დათო პაიჭაძეც. ამ  კაცმა, რომელსაც მიჰყავს საზმაუზე გადაცემა, ჩემთან რადიოგადაცემაში თქვა, არც ერთხელ (ხაზს ვუსვამ - არც ერთხელ) არ დავინტერესებულვარ საკუთარი გადაცემის რეიტინგითო. ეს იმას ნიშნავს, რომ პაიჭაძეს არ უკითხავს პროდიუსერებისთვის, ნეტავ რამდენი კაცი უყურებს იმას, რასაც მე ვბაზრობო. ეს ნიშნავს, რომ პაიჭაძეს არ აინტერესებს, უყურებს თუ არა საერთოდ ვინმე. ის უბრალოდ ზის სტუდიაში და მოწყენილი სახით სიბრძნეს ქადაგებს. საზოგადოდ, ეს საზმაუს სტილია. სევდიანი გამომეტყველება ამ ხალხის საფირმო ნიშანი გახდა.

ასე იყო კომუნისტების დროს - ასეა ახლაც. ეს იმიტომ, რომ ჯადო, რომელზეც ამდენი ხანია ვლაპარაკობ, ტელევიზიის შენობაში შესულ ადამიანებს ესხმის თავს და აზიანებს. მაგალითად, ერთ დროს სიცოცხლით აღსავსე ბიჭი გია ჭანტურია ახლა მძიმე მდგომარეობაშია - გახელაძეს ტყვედ ჰყავს და თოჯინასავით ათამაშებს. ვინც არ იცნობთ, გეტყვით, რომ ლევან გახელაძე არის საზმაუს ბორდის თავმჯდომარე, რუხი კარდინალი, ფუნქციონერ-ტერმინატორი, რომელიც განათლების და მეცნიერების სამინისტროს ჩინოსანი იყო.

ახლა ის "პო ხოდუ, პიესი" - გიგი თევზაძის უნივერსიტეტის (ილიაუნის) პიარიც არის. კაცმა რომ თქვას, გახელაძე ბნელეთის ჯადოქრის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ის დემაგოგია. შეუძლია გიმტკიცოს, რომ მიშას ხუშტურით გაკეთებული "პირველი კავკასიური" საჭირო რაღაცაა და მასზე დახარჯული მილიონები სამშობლოს წაადგება.

თან ამას ისე მონოტონურად, დემაგოგიურად და მოსაწყენად აკეთებს, რომ კამათის ხალისი გიქრება. ჭანტურია ამ კაცს ყოველდღე ხვდება, გია კი ფაქიზი სულის, ანუ ლაბილური ფსიქიკის პატრონია, სხვის გავლენაში იოლად ექცევა. ამიტომ, როგორც მგონია, ახლა აშკარად ტყვეობაშია.

მინდა მივმართო ჭანტურიას: გია, ძმაო,  გაიქეც... გაიქეც ამ დაწყევლილი შენობიდან! ჩადი იქვე მიწისქვეშა გადასასვლელში, აიღე გიტარა და დაუკარი სიმღერები. შენ ხომ ეს ადრე გაცილებით უკეთ გამოგდიოდა, ვიდრე ის, რასაც ახლა აკეთებ. რან, ფორესტ, რან.

გაქცევისკენ მინდა მოვუწოდო იმ გოგონებსაც, რომლებიც ახლა შევიდნენ ამ დაწყევლილი ტელევიზიის ბორდში - სამეურვეო საბჭოში. ასეთი სამია: შორენა შავერდაშვილი, ლია ჩახუნაშვილი და ნინო დანელია. სამივეს უმწიკვლო და სტაჟიანი ლიბერალის, პატიოსანი ადამიანის რეპუტაცია აქვს, მაგრამ მათი იქ ყოფნა არაფრით არ ეტყობა საზმაუს. რა თქმა უნდა, ესეც ჯადოს ბრალია. შორენა კარგ ჟურნალს გამოსცემს, ლია - არასამთავრობო ამბებშია წარმატებული, ნინო კი ლექციებს კითხულობს აქა-იქ.

ანუ, ცალ-ცალკე რაღაცას ჩალიჩობენ, მაგრამ საკმარისია კოსტავას 68-ში აღმოჩნდნენ, რომ ბოროტი დემონები ეპატრონებიან. სხვა რით ავხსნათ, რომ სამი აქტიური, ენერგიული, ჭკვიანი, მცოდნე და პატიოსანი ადამიანი ვერაფერს ახერხებს, არაფერს ცვლის მოჯადოებულ ტელევიზიაში.

თუმცა რატომ? ერთ ფუნქციას ნამდვილად ასრულებენ: საშუალებას აძლევენ მიშას, უცხოელებთან წაიტრაბახოს, აგერ, ბატონო, ჩემი ყველაზე მხურვალე კრიტიკოსები საზმაუს მართვაში მონაწილეობენო (ანუ შირმა, რა!). არ მინდა ვიფიქრო, რომ გოგონებს უბრალოდ აქტივობის იმიტაცია ევასებათ, რომ საზმაუს ბორდის წევრობა მათ თვითშეფასებას ზრდის, მაგრამ ასე მეფიქრება და რა ვქნა?! თუმცა შეიძლება ყოველივეში ისევ და ისევ ჯადო და მაგიაა დამნაშავე.

ასე რომ, ჩემი აზრით, ამ ტელევიზიაში ჯერ არა ვინმე უცხოელი მედიამენეჯერი, არამედ ვუდუს მცოდნე შამანი უნდა მოვიწვიოთ. გამოვყოთ თანხა ბიუჯეტიდან, გამოულოცავს შამანი ტელევიზიას და იქნებ გვეშველოს რამე.

შალვა რამიშვილი