"ჩემს ოჯახს რამდენჯერმე მოუხდა ყველაფრის ნულიდან დაწყება"
"ჩემს ოჯახს რამდენჯერმე მოუხდა ყველაფრის ნულიდან დაწყება"
"საქართველოს ყველა კუთხეში ცხოვრობდნენ გამორჩეული მანდილოსნები და ვთვლი, რომ ქართველი ქალი ქუჩაშიც კი განსაკუთრებულად გამოიყურება"

"თუ პოზიტიურად უყურებ შენ ირგვლივ სამყაროს და ცდილობ, უფრო მეტი კარგი დაინახო, ეს ყველაფერზე აისახება - სახის კანზე, თმაზე, მიმიკაზე და ასე შემდეგ... ამიტომ, რაც უნდა რთული გარემო იყოს, მაინც უნდა შევეცადოთ ოპტიმისტებად დავრჩეთ...", - ამბობს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, სილამაზით ცნობილი ვერა ქობალია... დღეს ის კანადაში ცხოვრობს, კანადის მთავრობის მრჩევლის თანამდებობა უჭირავს და მიუხედავად ცხოვრებაში
გადატანილი მრავალი ბარიერისა, შეუდარებლად გამოიყურება.


- რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაზე?
- რამდენიმე ფაქტორი... ერთ-ერთი გადამწყვეტია გარემო, სადაც ა
დამიანი იზრდება. ეს არ ნიშნავს, რომ მატერიალურად იდეალურ გარემოს ვგულისხმობ! მწერლებში არსებობს გამოთქმა, - სადმე ურთულეს პირობებში წავალ, რათა იქ გენიალური აზრები მოვიდეს და კარგი ნაწარმოები დავწეროო... ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა პირობები იყო საქართველოში 90-იან წლებში და ზუსტად იმ პერიოდმა შექმნა ძალიან კარგი ხელოვანები, საუკეთესო თაობა... ვთვლი, რომ ინტელექტს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ადამიანის მაღალი გემოვნების ჩამოყალიბებაში...

- ბავშვობაში რომელი მწერლები და ნაწარმოებები იყო თქვენთვის განსაკუთრებით საყვარელი?
- შეიძლება საზოგადოებას გაუკვირდეს, მაგრამ ბავშვობიდანვე ინტროვენტული ადამიანი ვიყავი... ყოველთვის მერჩივნა დრო ახლობელ ადამიანებთან და წიგნებთან გამეტარებინა. ამიტომაც, პატარაობიდანვე ძალიან ბევრს ვკითხულობდი. ახლაც მაქვს თვისება: რომელ ქვეყანაშიც უნდა ჩავიდე, ყველგან ძალიან ბევრ წიგნს ვყიდულობ და მერე აღარ ვიცი ხოლმე, ამდენი წიგნი სად დავალაგო... ბავშვობაში ყველაფერს ვკითხულობდი, რასაც ვიპოვიდი, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დავიბადე და სასურველი წიგნების შოვნა მარტივი არ იყო. 8-9 წლის ასაკში განსაკუთრებულად მიყვარდა მაინ რიდი... მახსოვს, ამერიკაში პირველად რომ წავედი და იქ ვთქვი, - ჩემი საყვარელი მწერალი მაინ რიდია-მეთქი, გაუკვირდათ, რადგან ასეთი მწერალი თუ არსებობდა, არც იცოდნენ. ამერიკაში არ იყო ალბათ იმდენად ცნობილი და ჩვენთან, რადგან ნათარგმნი იყო რუსულად თუ ქართულად, ბავშვების უმეტესობას გვიყვარდა და იქ იყო ჩვენი თვალით დანახული ამერიკა... ვინაიდან ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია წიგნების მეშვეობით კონკრეტულ ქვეყნებზე გავიგოთ, ამიტომაც ვცდილობ აზიელი ან აფრიკელი მწერლების ნაწარმოებების წაკითხვას...

- ბოლოს რა წაიკითხეთ?
- ბოლოს ცნობილი ნიგერიელი მწერლის ნაწარმოები წავიკითხე, სადაც საუკეთესოდ არის ასახული ნიგერიის 60-იანი წლები, როდესაც ქვეყანა ომის შედეგად ორად გაიყო. ჩვენ ისტორიის გაკვეთილებზე ქვეყნის ისტორიას არ გვასწავლიდნენ, არადა, აუცილებელია ქვეყნის ახლო წარსული ყველა ბავშვმა იცოდეს. ასეთი მხატვრული წიგნებით უნდა გააცნონ მწერლებმა ადამიანებს თავიანთი სამშობლო!

- სამოგზაუროდ რომელი ქვეყნებია თქვენთვის ყველაზე მეტად მიმზიდველი - თანამედროვე მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე?
- უფრო ახალგაზრდა ასაკში, ენერგიულობიდან გამომდინარე, სულ ვცდილობდი მეგაპოლისებში მემოგზაურა, იქაური ენერგია, ადამიანების სწრაფი რიტმი ძალიან მხიბლავდა... ახლა, როცა უკვე შვილი მყავს, სამყაროს სხვა თვალით ვხედავ და ძალიან დიდ სიხარულს ღია სივრცე მანიჭებს. სულ ვცდილობ მთაში წავიდე ან ბუნებაში ვიხეტიალო. საქართველოში იმდენი საინტერესო რამ არის სანახავი, რომ ვერასოდეს ამოწურავ! სამსახურის გამო დედამიწის ყველა კუთხეში მიწევს სიარული, მაგრამ თავისუფალ დროს სამშობლოში ჩამოსვლას ვცდილობ. საქართველოში ალბათ ყველა კუთხეში ნამყოფი ვარ, მაგრამ ვგეგმავ, კიდევ ბევრჯერ ვეწვიო თითოეულ მხარეს და ჩემს შვილსაც ყველა კუთხე საუკეთესოდ გავაცნო... აქედან გამომდინარე, ამჟამად ისტორიული წარსულის ქვეყნებია ჩემთვის უპირატესი!
ვერა ქობალია ქალიშვილთან ერთად
- ძალიან ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. საინტერესოა, რომელმა დატოვა თქვენზე საუკეთესო შთაბეჭდილება, ყველაზე გემოვნებიანი მოსახლეობის მიხედვით?
- ყველა ქვეყანა საინტერესო სანახავია და თითოეულ ადგილას მოსახლეობის გემოვნებაც - თავისებური... განსაკუთრებულად ავსტრალია მიყვარს, რადგან იქ ძალიან ფერადად იმოსებიან... 90-იან წლებში საქართველოში ვცხოვრობდი, მაშინ ყველა შავებს იცვამდა და ამის შემდეგ ავსტრალიაში ჩასული მათმა ფერადოვნებამ ძალიან გამაოცა... ქვეყნის მზიანი ამინდების, ადამიანებს ხასიათის გამო იქ შავს ვერ დაინახავ და ეს საუკეთესოდ აისახება ადამიანის განწყობაზე. ძალიან გემოვნებიანად და მხიარულად აცვიათ, რაც ძალიან მომწონს!
მოგზაურობა მიყვარს და საუკეთესო შთაბეჭდილებები დამიტოვა ევროპულმა ქვეყნებმა. ჩემი დის მეუღლე იტალიელია და იქ ხშირად ჩავდივართ. იტალიას და სხვა ქვეყნებს მართლაც ბევრი რამ აქვთ დამახასიათებელი და საინტერესო, ამიტომ გამიჭირდება კონკრეტულად ერთი ქვეყანა გამოვყო...

- რომელი ქართველი ქალბატონი გახსენდებათ მისაბაძად გემოვნებიანად?
- საქმიანი ვიზიტით ვიმყოფებოდი ერევანში და იქ მეორეჯერ ვეწვიე ფარაჯანოვის ძალიან საინტერესო სახლ-მუზეუმს... იქ გამოფენის ერთ-ერთი ნაწილი ეძღვნება ქართველ მსახიობებს, რომლებიც ფარაჯანოვის ფილმებში თამაშობდნენ. საქართველოსთვის უმძიმეს წლებში ეს ქალბატონები საოცრად გამოიყურებოდნენ. დიდი ბედნიერებაა, რომ მართლა არაჩვეულებრივი მსახიობები გვყავდნენ... განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სოფიკო ჭიაურელი...
ახლა ძალიან ბევრი გემოვნებიანი ქართველი ქალბატონი მახსენდება, მაგრამ დასახელება მიჭირს, არ მინდა ვინმე გამომრჩეს... მხოლოდ ამ დროის ქალბატონები კი არა, ძველი თაობის წარმომადგენლებიც ძალიან გემოვნებიანები იყვნენ და ამის დასტურია ისიც, რომ ჯერ კიდევ ფრანგი მწერლები, XVIII-XIX საუკუნის მოგზაურები ქართველ ქალებს საუკეთესოდ აღწერენ. საქართველოს ყველა კუთხეში ცხოვრობდნენ გამორჩეული მანდილოსნები და ვთვლი, რომ ქართველი ქალი ქუჩაშიც კი განსაკუთრებულად გამოიყურება.

- თავად როგორი ჩაცმულობა გიყვართ - თავისუფალი თუ კლასიკური?
- ყოველთვის კლასიკურ სტილს ვარჩევ... მარტივიც არის, ბევრი ფიქრი არ სჭირდება და ბიუჯეტში ჩაჯდომაც ადვილია... როდესაც სახელმწიფო სექტორში ვიყავი დასაქმებული, მაშინ ცხადია, არ შემეძლო სურვილის მიხედვით ჩამეცვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საზღვარგარეთ მიწევდა წასვლა - რადგან ასეთ დროს შენს ქვეყანას წარმოადგენ და სწორად უნდა წარმოაჩინო ყველაფერი, მით უმეტეს, როცა დიპლომატიურ წრეებში გიწევს ყოფნა, სიტყვით გამოდიხარ და ყველამ იცის, რომ საქართველოს, ტრადიციული ქვეყნის წარმომადგენელი ხარ. ამ დროს შენი პირადი ინტერესების დრო აღარ არის და ჩაცმულობას ირჩევ მაქსიმალურად კლასიკურ სტილში.

- ძალიან "ბავშვურად" გამოიყურებით... რა არის ამის საიდუმლო?
- ყველაფერი საბოლოო ჯამში შინაგანი განწყობიდან მოდის... ამიტომ, რაც უნდა რთული გარემო იყოს, მაინც უნდა შევეცადოთ, რომ ოპტიმისტებად დავრჩეთ და ეს ჩვენს გარეგნობაზეც კარგად აისახება.

- გამოგიცდიათ სიღარიბე?
- ჩვენ აფხაზეთიდან მანქანით წამოვედით და როგორც კი თბილისში ჩამოვედით, ამ ავტომობილის გაყიდვა მოგვიხდა, რადგან "კაპიკიც" არ გვქონდა... ბევრი წლის განმავლობაში, 12 ადამიანი ერთსაძინებლიან ბინაში ვცხოვრობდით. ჩემს ოჯახს რამდენჯერმე მოუხდა ყველაფრის ნულიდან დაწყება. ბებიაჩემი, რომელიც სკოლაში წარმატებული პედაგოგი იყო, 90-იან წლებში ნამცხვრების ცხობით და ტკბილეულის ბაზრობაზე გატანით ცდილობდა ოჯახის გადარჩენას... ყველაფერი გავიარეთ, მაგრამ თუ კარგისკენ სწრაფვა, ამის ინტერესი და სურვილი გაქვს ადამიანს, ყველა სირთულის გადალახვას შეძლებ. მთავარია, არ მოვდუნდეთ და ბრძოლა გავაგრძელოთ მიზნების მისაღწევად!



მანანა გაბრიჭიძე
ჟურნალი "გზა"

simartle
27 აპრილი 2019 09:03
zura-ს
შვილო,ჯერ ქართული ისწავლე და მერე წერე უნიჭო და უაზრო ჭორები.შენს უფროსს,ბატონ ყანდიაშვილს მაინც დაესესხე ქართული ენის ცოდნა(რაღა სხვა უმსგავსოებებში ემგვანები)
aburjga
26 აპრილი 2019 14:13
ძალიან ლამაზი თვალები აქვს ვერას!
zura
26 აპრილი 2019 12:54
ბებიაჩემს აქ მცხეთაში დათრეული კომერციული ფართები სვეტიცხოველთან მინისტრობის დროს

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?