"სულ მარტუაი ვარ, 20 წელიწადი გამიდისთ, როგორც ველის ნადირი, ეგრე ვცხოვრობ..." - კვირის პალიტრა

"სულ მარტუაი ვარ, 20 წელიწადი გამიდისთ, როგორც ველის ნადირი, ეგრე ვცხოვრობ..."

"მარტო ის მინდა, რომ შინ წავიდე. ჩიტი სადაც იბადების, იმის ბაღდადი იქ არის!"

მიხა პაპაზე უნდა მოგითხროთ, მიხა არაბულზე - პირაქეთა ხევსურეთის ერთადერთ კაცზე, 20 წელიწადია, მარტოდმარტო რომ დარაჯობს შვიდ სოფელს, მარტოდმარტო უშვებს ზეცისკენ კვამლს და მარტოდმარტო შეჰყვირებს ხოლმე გორშემოღმა ხეობაში აყმუვლებულ მგლებს. 76 წლის არის. ვინც ჰყავდა, ყველა დაეხოცა. სოფლიდანაც ყველა წავიდა, მათ მიხა პაპას სახლიც მიჰყვა, ძველი იყო და ჩამოიქცა. მაშინ მიხა პაპამ თავისი ხელით გააკეთა მიწური, იქ შესახლდა და ასეა 20 წელიწადია.

მიხა არაბულის შესახებ წლების წინ ბარისახოელი გოგი ჭინჭარაულისგან შევიტყვე, თითებზე ითვლიდა გარშემოღმა ხეობის დაცლილ სოფლებს და მიხა პაპა მაშინ გაიხსენა - ამ ხეობის 15 სოფლიდან 8 დაცარიელდა, დანარჩენ 7 სოფელში კი ზაფხულობით ცოტ-ცოტანი ადიან - მოიმთაბარებენ და ისევ უკან ბრუნდებიან, ამ 7 სოფლიდან მარტოოდენ ზეისტეოჩში რჩება ერთი კაცი, მიხა არაბულიო. ვუთხარი, დაცლილ სოფლებზე რომ მიყვებით, გული მისკდება, მითხარით, ვინ არის და რა სულიერია ის მიხა არაბული, ვინც ამხელა მარტოობა დაიდო თავზე და იქიდან არ მოდის-მეთქი. მითხრა, ჯიუტი ხევსურია, ეგ თავის მიწა-წყლის გარეშე ვერ იცოცხლებს, სწორედ მაგიტომაც გამოუჩინა ღმერთმა პატრონი: ჯერ წლების წინ მთებში ამოსულმა თბილისელმა ბიჭებმა გაიცნეს და ჰპატრონობენ, მერე ჩვენი ხევსური მესაზღვრეებიც მეთვალყურეობენ.

"სულ მარტუაი ვარ, 20 წელიწადი გამიდისთ. როგორც ველის ნადირი, ეგრე ვცხოვრობ. გაზაფხულზე ამოდიან, ამაღლალვენ საქონსა, შაიყრების ხალხი. მერე გაღრეკვენ საქონს იქავ და წავლენ საზამთროდ. რო გავხედებ წინხადუს, გინდა ჭალას, კაციშვილის ჭაჭანება აღარ არს. ხალხ რო გაიკრიფებ, ეშმან ეპატრონებიან აქაობას. შეიძლება თქვათ, გიჟიაო, მაგრამ გიჟი არა ვარ. ერთ კაც მაინც უნდა იყოს აქ ყოველთვის.

სანთელი და შუქი არ უნდა გაქრეს. აქედან ჯვარის, ხატის ხათრით ვერ მივდიოდ მე აქით, თორე აქ მარტო კაცის ცხოვრება არ შაიძლების!"

მერე შერცხვა საქართველოს და ვისაც რა შეეძლო, ის გაიღო მიხა პაპას სახლის აშენებისთვის. სახლის მასალა ქალაქელმა ბიჭებმა ზურგით აზიდეს მიხას კერიამდე.

...ბოლო დღეებში მიხა პაპა ავად გახდა. უფალმა ისეთი კაცი გამოუჩინა მშველელად, წესით, დაცარიელებულ სოფლებში ჯერ რომ არ უნდა გამოჩენილიყო - 15 კილომეტრით დაშორებული სოფელ წინამხარიდან მიაკითხა გენადი არაბულმა.

მზექალა არაბული, ბარისახოში დუშეთის მერიის წარმომადგენელი:

- გენადი ნახირის პატრონია. გაზაფხულზე ამოდის და სოფელს მოივლის. მერე უკან გაბრუნდება და ნახირსაც ამორეკავს, მაგრამ ეგ ხან როდის ხდება, ხან როდის. ახლა კი მაინცდამაინც იმ დროს ავიდა, როცა მიხა ავად გამხდარიყო, თორემ შეიძლებოდა ყველაფერი ცუდად დამთავრებულიყო. თავისი კარ-მიდამო რომ მოინახულა, მერე მიხას სანახავადაც წავიდა 15 კილომეტრზე. რომ მივიდა, ნახა, რომ მოხუცს სუნთქვა ძალიან უჭირდა. იქ მობილური ტელეფონი არ იჭერს, გენადიმ მერე კარგა დიდი მანძილი იარა, რომ სასწრაფო დახმარებაში დაერეკა. მოკლედ, სულზე მიუსწრო ვერტმფრენმა და მიხა დუშეთის საავადმყოფოში ჩამოიყვანეს.

- ახლა როგორ არის. - ჯერ კიდევ სუსტადაა. კაცს თავის დღეში წამალი არ დაულევია, რომ გამოჯანმრთელდება, იტყვის, სახლში წამიყვანეთო და წავა!

- ავადმყოფობამ ხომ არ შეაშინა. - რომ შეშინებოდა, 20 წელი მარტოდმარტო არ იცხოვრებდა მთებში! - მითხრა მზექალა არაბულმა. თავის ავადმყოფობაზე მიხა არაბული ამბობს: "სიკვდილს წინ ვინ დაუდგება, ექიმ კი არა, მთელ საზღვარგარეთ რომ აქ ჩამავიდეს, რაც დაწერილობაი გაქვ დაბადებიდან სიცოცხლისაი, ის დღეებ რო მაგივა, სულ რომ რკინის კიდობან შაჰყარა და ჩაჯდ, იქ ჩამაგყვების სიკვდილ! რათ უნდა მეშინოდეს! მარტო ის მინდა, რომ შინ წავიდე. ჩიტი სადაც იბადების, იმის ბაღდადი იქ არის!"

მართლაც, მიხა პაპავ, ღმერთმა კიდევ დიდხანს გაცოცხლოს შენს ბაღდადში, რომლის დარაჯიც ხარ!