"დღეს, ძირითადად, ყალბი სილამაზეა" - კვირის პალიტრა

"დღეს, ძირითადად, ყალბი სილამაზეა"

"ოთარ იოსელიანი ძალიან კარგი ადამიანია და ფოტოგადაღებების დროს ხელს მიწყობდა. სერგო ფარაჯანოვი რომ ვნახე, შემოქმედებაში კრიზისი ჰქონდა. მისი ფოტოები მის მგრძნობიარობას გადმოსცემს"

ვენეციელი ფოტოგრაფი გრაციანო არიჩი ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოდოკუმენტალისტია. ის იყო პირველი ფოტოგრაფი, რომელიც 2012 წელს პრესტიჟული კულტურული საზოგადოება "ატანეო ვენეტოს" წევრად აირჩიეს, რომელიც ვენეციაში 200 წელია არსებობს. ფოტოგრაფი ბევრს მოგზაურობს და ფირზე აღბეჭდილი აქვს ევროპის საინტერესო მოვლენები.

სოციოლოგიის შესწავლის შემდეგ გრაციანო არიჩი ფოტოგრაფიით, თეატრის ცხოვრებითა და ფოტოპორტრეტების გადაღებით დაინტერესდა. 1980 წელს ვენეციის ერთ-ერთ უძველეს საოპერო თეატრ "ლა ფენიჩესთან" დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც 20 წელს გაგრძელდა. იტალიური ნეორეალიზმი, ჰოლივუდის ვარსკვლავები - გრაციანო არიჩი 30 წელია მათი ფოტომემატიანეა. ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველს გრაციანო არიჩი თავისი შემოქმედებისა და ქართველ რეჟისორებთან თანამშრომლობის შესახებ უამბობს:

- ჩემთვის ფოტოგრაფია ცოდნის ერთობაა. ეს პროფესია საშუალებას გაძლევს, ადამიანის სულს ჩასწვდე, სხვადასხვა ქვეყნის კულტურა გაიცნო... მეორე მიზეზი, რომლის გამოც ფოტოგრაფობა მომინდა, არის ფოტომეხსიერება. ჩემი არქივი 1900 წლიდან დღემდე ვენეციის ამსახველ ფოტოებს ინახავს. 40 წლის განმავლობაში არქივში უკვე მილიონ-ნახევარი ფოტო დამიგროვდა.

სერგო ფარაჯანოვი

მომწონს, როდესაც ადამიანს ყოველდღიურობაში ავსახავ, მაგრამ უფრო მეტად მისი ინტელექტუალური მხარის წარმოჩენა მხიბლავს. ჩემი კარიერის დასაწყისში თავისუფლად შემეძლო ცნობილი ვარსკვლავების საათობით გადაღება, ახლა კი ისინი პირადი დაცვითა და პრესაგენტებით არიან გარშემორტყმული. დღეს მხოლოდ 5-10 წუთი გაქვს, რომ გადაღებამდე ფოტოგმირს გაესაუბრო.

გამიმართლა, რომ მამა პატარაობიდანვე დამატარებდა გამოფენებზე. ბავშვი ვიყავი, ფოტოების გადაღება რომ დავიწყე, ბევრი ჯილდოც მივიღე, მაგრამ მაშინ ფოტოგრაფია ძვირად ღირებული პროფესია იყო, ძვირი ღირდა ფირი, აპარატურა... ამიტომ სხვა პროფესიას დავეუფლე. ფოტოგრაფობას მხოლოდ 1978 წელს დავუბრუნდი.

- თქვენი აზრით, XXI საუკუნეში შეიცვალა სილამაზის აღქმა?

- სილამაზე ბევრჯერ შეიცვალა, დღეს, ძირითადად, ყალბი სილამაზეა. ახლახან ფოტოსერიისთვის "სასტუმრო", დიდხანს ვეძებე ქალი, რომლის სულიერი სილამაზე, ფიქრები გარეგნობაზე იქნებოდა ასახული.

- ბევრი ცნობილი ადამიანი გყავთ გადაღებული, მათ შორის ქართველებიც... - მარჩელო მასტროიანს ძალიან რთულ პერიოდში შევხვდი, ის ცუდად გრძნობდა თავს და დაკარგული ჰქონდა მისთვის დამახასიათებელი ირონია, სიცოცხლით ტკბობის უნარი.

ოთარ იოსელიანი

ოთარ იოსელიანს ვენეციის კინოფესტივალზე შევხვდი. ძალიან კარგი ადამიანია და ფოტოგადაღებების დროს ხელს მიწყობდა. სერგო ფარაჯანოვი რომ ვნახე, შემოქმედებაში კრიზისი ჰქონდა. მისი ფოტოები მის მგრძნობიარობას გადმოსცემს.

- ერთი ფოტოს ამბავი მოგვიყევით, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ. - დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მწერალმა ჰაროლდ ბროდკიმ, რომელსაც ამერიკელ პრუსტს უწოდებდნენ. მთელი დღე გავატარეთ ვენეციაში, ძალიან ლამაზი ფოტოები გადავუღე, მეორე დღისთვის სტუდიაში მოსვლა ვთხოვე. მოვიდა, მაგრამ დაღლილი. მაშინვე დავსვი სკამზე და მისი გადაღება დავიწყე. ერთ მომენტში ქუდიანი თავი დამიკრა და ეს წამი ყველაზე კარგად ასახავდა მის სულიერ მდგომარეობას. მითხრა, უკანასკნელად მიღებ ფოტოსო... მას შიდსი ჰქონდა.

- ვენეციასა და თქვენს გეგმებზეც ვისაუბროთ?

- ვენეციაში დავიბადე, ჩემი საგვარეულო იქ 1600 წლიდან ცხოვრობდა. ახლა ეს ქალაქი მკვდარია და 8 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ.

ქართველ დამთვალიერებელს ჩემს ფოტოებს 5 მაისს წარვუდგენ თბილისის ისტორიის მუზეუმში. შემდეგ ბერლინში მაქვს გამოფენა. საქართველო ძალიან მომწონს, ასე რომ, მალე ისევ დავბრუნდები.