საუნჯე, რომელიც ერს დაუტოვა, მარად ცოცხალია - კვირის პალიტრა

საუნჯე, რომელიც ერს დაუტოვა, მარად ცოცხალია

მომავალ კვირაში "ქართული პროზის საგანძურის" სერიით იაკობ გოგებაშვილის საგანძურს მიიღებთ ჟურნალ "გზასთან" ერთად

1940 წელია. იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან ასი წელი გავიდა, გარდაცვალებიდან - 28. ქართველი ერის ნებით, ერის მასწავლებლის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. განისვენა იქ, სადაც უნდა იყოს ადამიანი, რომელმაც "დედა ენა" დაუტოვა შთამომავლობას.

"დედა ენა" კი უცვლელად რჩება ყველა ქართველის მთავარ წიგნად.

იაკობ გოგებაშვილზე საუბარი  მრავალი გზა-ბილიკით შეიძლება წაიყვანო: მოჰყვე მის თავდადებაზე, როგორ უნდოდა, რომ მთელ საქართველოში არავინ დარჩენილიყო ქართული წერა-კითხვის უცოდინარი, როგორ გაიღო მთელი ჰონორარი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის, როგორ ცხოვრობდა ასკეტივით და დღედაღამ ერთ საქმეს ემსახურებოდა - ადგენდა სახელმძღვანელოებს, დაუსრულებლად დადიოდა სტამბაში, ასწორებინებდა შეცდომებს... იმასაც კი ამბობენ, საპრიზო ჰონორარიც ჰქონდა დადგენილი სტამბის თანამშრომლებისათვის და თითო შეცდომის პოვნისთვის საკუთარი ჯიბიდან უხდიდა 20 კაპიკსო... მაგრამ მე ძალიან შორიდან მინდა დავიწყო.

ეს "შორი" მართლაც შორი ფერეიდანია, სადაც XVI საუკუნეში გადაასახლეს ქართველები. რას წაიღებდნენ ტყვეები - თავი თუ გადაირჩინეს ურთულეს გზაზე, ესეც დიდი მიღწევა გახლდათ. მაგრამ ხსოვნა ხომ ჰქონდათ და ფერეიდანში ჩასულებმა ზოგი რამ ზეპირად, ზოგი - წეს-ჩვეულებით, ზოგიც კი წერილობით გადასცეს შთამომავლობას. რაღაცნაირად მოახერხეს და ქართველებად დარჩნენ.

როცა საშუალება გაჩნდა და დედა საქართველოდან, საიდანაც 400 წლის წინ ტირილითა და თრევით წაიყვანეს მათი მამა-პაპანი, ფერეიდანში ჩავიდნენ ქართველები, იცით, როგორი პატარა საქართველო დაახვედრეს?.. მოკრძალებული თხოვნაც ჰქონდათ: იქნებ როგორმე საქართველოს ისტორია გაგვაცნოთ და ისეთი წიგნიც მოგვაწოდოთ, ქართული წერა-კითხვა რომ ვისწავლოთო... და აი, აქედან იწყება ჩვენი ამბავიც... იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" დიდ მოგზაურობაში მიდის...

მაგრამ ბევრ წიგნს ვერავინ წაიღებს მაშინდელი საბჭოთა კავშირიდან ირანში, ამიტომ ერთი თუ ორი წიგნი ხელიდან ხელში გადადის, კითხულობენ, დამარცვლით სწავლობენ, ასოებს მონდომებით იწერენ. ფურცლები ცვდება, უკვე გადაშლაც ჭირს.

რა უნდა ქნან? - შორია საქართველომდე! და ფერეიდნელები "დედა ენის " გადაწერას იწყებენ. დიდი მონდომებით გამოჰყავთ ასოები საგანგებო რვეულში. მინახავს ასეთი "დედაენები". ჯერ "აი ია", მერე "აი თასი"... მერე კი ის პატარა ლექსები და მოთხრობები, იაკობ გოგებაშვილმა რომ საგანგებოდ, დიდი ცოდნითა და გემოვნებით შეარჩია ქართველი პატარებისათვის.

სწორედ მაშინ ვიფიქრე პირველად, რომ დედა ენასაც ჰყავს ისეთივე გადამწერები, როგორიც "სახარებას", ან მოწამებრივ ლიტერატურას ჰყავდა წარსულში სულიერების მაღალ საფეხურზე მდგომი ბერების სახით, იმიტომ, რომ "დედა ენა" დიდი წიგნია, ის ქართველობის დარაჯი და გადამრჩენია.

იაკობ გოგებაშვილის შრომები ყველა ოჯახში უნდა იყოს და არა მარტო ერთ წიგნად... ეს არის ჩვენი შემეცნებისა და წიგნიერების დასაწყისიცა და ჩვენი პოზიციაც: მე შინ მაქვს იაკობ გოგებაშვილის არაერთი წიგნი, ვკითხულობ და ვაკითხებ ჩემიანებს - მე ქართველი ვარ!

KvirisPalitra.Geიაკობ გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. არ იშურებდა სახსრებს, რომ ყმაწვილებისათვის ქართული სიბრძნე შეესწავლებინა. ხელმოკლე მოწაფეებს მატერიალურადაც ეხმარებოდა. არა მარტო პატარებს სწვდებოდა მისი სიკეთე, რუსეთსა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებსაც უგზავნიდა ფულს, ციმბირში გადასახლებულ მოღვაწეებსაც...

ჯერ კიდევ სიყმაწვილეში ეტყობოდა, რომ მისი სახით უნიჭიერესი შვილი ეზრდებოდა სამშობლოს. სასულიერო განათლებას იღებდა, პარალელურად საბუნებისმეტყველო ლექციებსაც უსმენდა. მისი პროგრესული აზროვნება თვალში ეკლად ესობოდა მეფის რუსეთის ხელისუფლებას... სინოდიც უკმაყოფილო იყო. 1874 წელს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, სამსახურიდან მოხსნეს (სასულიერო სასწავლებელში მუშაობდა).

იმედი ჰქონდათ, მისი პედაგოგობა დასრულდებოდა. ძალიან შეცდნენ. იაკობ გოგებაშვილმა გადაწყვიტა, აღარასოდეს ჩამდგარიყო ოფიციალურ სამსახურში და ახლა სკოლების გახსნასა და სწავლების ხარისხზე დაიწყო ზრუნვა. პარალელურად სახელმძღვანელოებზეც მუშაობდა.

დიდი ღვაწლი დასდო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნას... სიკვდილის წინ მთელი თავისი ქონება მას უანდერძა.

საუნჯე, რომელიც ერს დაუტოვა, შეუფასებელი და, რაც მთავარია, მარად ცოცხალია.