"თავი მისკდებოდა ფიქრისგან, როგორ დამართა ქალმა ეს საშინელება-მეთქი" - კვირის პალიტრა

"თავი მისკდებოდა ფიქრისგან, როგორ დამართა ქალმა ეს საშინელება-მეთქი"

პეკინის ქუჩაზე ტაქსი გავაჩერე და უკანა სავარძელზე დავჯექი. მძღოლი შუახნის კაცი იყო. მაშინვე თვალში მომხვდა, ყური არ ჰქონდა, გრძელი იარა კისერზე ღრმად ჩასდევდა და პერანგის საყელოში იკარგებოდა. ვიფიქრე, ალბათ, ყველა მიზეზს ეკითხება და გაბეზრებული იქნება-მეთქი. სარკეში რამდენჯერმე დაიჭირა მის კისერზე შეჩერებული ჩემი მზერა. მომერიდა და მზის სათვალე გავიკეთე... "რა დაგემართათ, ავარია?" - მაინც ვერ მოვითმინე. სარკეში გამომხედა და გაეცინა. ავარია არა, ქალიო და, გაჩუმდა. დუმილი დიდხანს არ გაგრძელებულა და ამბის მოყოლა დაიწყო, თორემ თავი გამისკდებოდა ფიქრისგან, როგორ დამართა ქალმა ეს საშინელება-მეთქი. მძღოლს პირობითად ავთოს დავარქმევ და აი, რა მიამბო:

- 16 წლის ვიყავი, ბიძაჩემს რუსეთში რომ გავყევი. მამით ობოლს, შვილივით მპატრონობდა, საქმეს მასწავლიდა, შრომას მაჩვევდა. თბილი და ძალიან ჭკვიანი კაცი იყო, მაგრამ ერთი ნაკლი ჰქონდა, იოლად ენდობოდა ქალებს, ვერ ხვდებოდა, რომ ატყუებდნენ. ბიძაჩემთან კონფლიქტი სწორედ ქალების გამო მქონდა, იმ ქალების, მისი ქონების დაპატრონებას რომ ცდილობდნენ.

მარინა ლამაზი ქალი იყო, უამრავ კაცს ურევდა თავგზას, მაგრამ მისი მთავარი სამიზნე ბიძაჩემი იყო. როგორ არ ვეცადე, მაგრამ ვერ დავანახე მარინას მზაკვარი ხასიათი. სხვა თუ არაფერი, იმ რაიონში კაცს ვერ ნახავდი, მარინასთან რომ არ გაეზიარებინა სარეცელი. როცა სადმე სუფრასთან მოვხვდებოდი, ბიძაჩემს დამცინავი ღიმილით მოიკითხავდნენ კაცები, მარინა ჯერ კიდევ გურამთან არისო? მაგრამ ბიძაჩემს აეხირებინა, მიყვარს და შეეგუე იმ აზრს, რომ ჩვენ გვერდით მოგიწევს ცხოვრება, ან სადაც გინდა, წადი, უკვე დიდი კაცი ხარ, ცხოვრება გასწავლე და თავს თვითონ მიხედეო... სხვა ქალაქში წავედი, მაგრამ სულ მეშინოდა, რომ მარინა ბიძაჩემს რაღაცას მოსწევდა. არც შევმცდარვარ. 8 თვის თავზე მეგობრებმა შემომითვალეს, ბიძაშენს ჯანმრთელობა შეერყა, დევივით კაცი მომჩვარული დადისო. მარინას მოუხშირებია სამსახურში სიარული, თურმე არც მალავდა, გურამი მე გადმომიფორმებს ყველაფერს და აქედანვე უნდა შემეჩვიოთ თქვენს მომავალ უფროსსო. როცა ქმარი შეუძლოდ ყოფნის გამო ოფისში ვერ მიდიოდა, ქალი თავის ჭკუაზე გასცემდა განკარგულებებს.

ვიფიქრე, გურამი რომ ამ კახპამ მოინელოს, თავს როგორ ვაპატიო-მეთქი და დავბრუნდი. ბიძაჩემი გასაცოდავებული დამხვდა. მარინამ რომ დამინახა, თავისი ნივთები აიღო და მოიმიზეზა, ჩემი და ყოფილა ცუდად მეზობელ რაიონში და მასთან დავრჩები ერთი კვირითო. ალბათ, ფიქრობდა, რომ ამ დროში მეც წავიდოდი. სამ დღეში ბიძაჩემმა უცნაურად მოიკეთა, ხასიათზე მოვიდა, ძალა მიეცა. მეოთხე დღეს მითხრა, მგონი, მარინა საჭმელში რაღაცას მიყრისო. კვირის თავზე უფრო რომ მოიკეთა, ეჭვი უფრო გაგვიღრმავდა. გადავწყვიტეთ, ფაქტზე დაგვეჭირა, მაგრამ ის ფაქტი ჩემთვის საბედისწერო აღმოჩნდა... სათვალთვალოდან ვუყურებდი, ბრინჯის კონტეინერში ჩაფლული საწამლავით სავსე შუშა როგორ გამოიღო და ჩააწვეთა გურამისთვის გამზადებულ კერძში. სამზარეულოში შევუვარდი. იმ ურჩხულმა სამზარეულოს უზარმაზარ დანას ორივე ხელი ჩასჭიდა და ზევით ასწია, რომ მთელი ძალით ჩაერტყა. ვიმარჯვე, თავი მოვარიდე, მაგრამ ყური ჩამომათალა და საძილე არტერია გადამიჭრა. მერე ოთახის კარში ჩემს ყვირილზე გაშეშებული ბიძისკენ გაიქცა და ახლა მისთვის აპირებდა დანის ჩარტყმას. გურამი ყოფილი მოკრივე იყო და ეს ალქაჯი მოიგერია - კისერში ჩაარტყა და გათიშა. მერე სასწრაფო დახმარება და მილიცია გამოიძახა. აღდგომის დღესასწაული იყო. თითქმის სისხლისგან დაცლილი მიმიყვანეს საავადმყოფოში. იშვიათი, მეოთხე უარყოფითი ჯგუფის სისხლი მაქვს. საბედნიეროდ, ბიძაჩემსაც იგივე აღმოაჩნდა. მისმა სისხლმა გამიხანგრძლივა სიცოცხლე, სანამ სხვა დონორები შემეშველებოდნენ.

- მარინას რა ბედი ეწია?

- დააპატიმრეს. რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალი. 10 წლის წინ ციხეში მოკლესო, ბიძაჩემის დაკრძალვაზე ჩამოსულმა მისმა ძველმა მეგობარმა მითხრა.

ჩემი უცნაური იარის გამო არაერთხელ მოვხვედრილვარ გაუგებრობაში - ხშირად სამართალდამცავებს და კრიმინალებს რეციდივისტი ვგონებივარ, არადა, ერთი წესიერი კაცი ვარ, ქალის სხეულში ჩასახლებული ურჩხულის მიერ დადებული დამღით. ამ დამღის გამო პირადი ცხოვრებაც ძლივს ავაწყვე.

ეკა ლომიძე