დაცულია თუ არა მეტროში მგზავრების უსაფრთხოება - კვირის პალიტრა

დაცულია თუ არა მეტროში მგზავრების უსაფრთხოება

"სატრანსპორტო კომპანია გასული საუკუნის მენეჯმენტზეა აწყობილი. როგორ შეიძლება კვირაში ორჯერ მეტროს ავარიული გაჩერება? ხან ჭერი ინგრევა, ხან კი ხანძარი ჩნდება, რა უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი?!"

ერთი თვის განმავლობაში თბილისის მეტროპოლიტენში მოძრაობა რამდენჯერმე შეფერხდა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ელექტროსადენებზე ხანძარმა გამოიწვია. რატომ ფერხდება ხშირად მეტროს მუშაობა და რაში ხედავს ექსპერტი გამოსავალს, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრას" ა/ო ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ესაუბრა.

- მეტროს შეფერხების რამდენიმე მიზეზი არსებობს, უპირველესად კი მოძველებული ინფრასტრუქტურა.

პრობლემაა ისიც, რომ სატრანსპორტო კომპანიისა და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელებს პრიორიტეტები არა აქვთ სწორად დალაგებული. როცა ფული გაქვს და არ გეგმავ, სად უნდა დახარჯო, ბუნებრივია, პრობლემები ნელ-ნელა იჩენს თავს, ამის მიზეზი კი არაპროფესიონალიზმია.

სატრანსპორტო კომპანიის თანამდებობის პირები არაკომპეტენტურები არიან. ამის ნათელი მაგალითია "ვარკეთილის" ჩამონგრეული ჭერი და დაშავებული მოქალაქეები. ტენდერში გაამარჯვებინეს ისეთ კომპანიას, რომელზეც უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს. მერე ვინ ჩაიბარა ჭერი? ვინმე ხომ უნდა იყოს სატრანსპორტო კომპანიაში პროფესიონალი, რომელიც მიიღებდა გადაწყვეტილებას, ჩაბარებულიყო თუ არა.

- რა პრობლემა აქვს მეტროს? - ინფრასტრუქტურა მწყობრიდან არის გამოსული: ესკალატორები, მატარებლები, გვირაბები, სადაც წყალი ჩადის და ა.შ. ასეთ პირობებში მუშაობა ნამდვილად გმირობაა, მეტროს მუშაკებს ხელფასი ორჯერ უნდა გაეზარდოს, რადგან ჯოჯოხეთში მუშაობენ. მაშინ, როდესაც ამდენი პრობლემაა, კალაძეს ავლაბრის მეტროსადგურის ინტერიერი არ მოეწონა და შეაჩერა.

- კალაძემ ფასადი დაიწუნა, არადა, როგორც ამბობენ, სადგურს უამრავი ტექნიკური პრობლემა აქვს... - გეთანხმებით, ფასადებს აკეთებენ, რომ კარგად გამოიყურებოდეს. მერსაც, სავარაუდოდ, დიზაინი არ მოეწონა. ნეტავ მხოლოდ ეს იყოს პრობლემა. პრობლემა უფრო ღრმაა და მის აღმოფხვრას დიდძალი თანხა სჭირდება.

- საიდან შეიძლება საამისო სახსრების მოძიება?

- თბილისის მერიის ბალანსზე ასეულობით ავტომობილია, გაყიდონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ და გამოთავისუფლდება არა მარტო მათი მომსახურების თანხები, არამედ საწვავის ხარჯიც და ერთ წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი ლარი დაიზოგება.

ახლა ლილო-სამგორის მიმართულებით მეტროს განვითარებაზე ლაპარაკობენ. ჯერ ერთი, ვინ გადაწყვიტა, რომ ეს სადგური უფრო პრიორიტეტულია და არა დიდი დიღომი, სადაც მოსახლეობა უფრო მჭიდროდ არის დასახლებული. ლილო-სამგორის მეტროსთვის გათვალისწინებული 90 მილიონი დოლარი მოახმარონ იმ მეტროსადგურებს, რომლებიც უკვე გვაქვს, რომ მგზავრობა უსაფრთხო გახდეს.

- კალაძემ განაცხადა, - ის, რაც 70 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, ერთ წელიწადში ნუ მომთხოვთო. - 1966 წლიდან თითი-თითზე არ დადებულაო, რომ ამბობს კალაძე, ცრუობს. წინა ხელისუფლების დროს მეტროსადგურებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. რამდენიმე სადგური ახლიდან აღდგა. რატომ უკვირთ, მეტრო რომ დაძველდა? ტრანსპორტი ცოცხალი ორგანიზმია, ის მუდმივად ვითარდება, თუ არ ვითარდება, ძველდება და განახლება სჭირდება. ქმედითი სატრანსპორტო პოლიტიკაა საჭირო. არ იციან, რა როდის გააკეთონ და ამიტომაც გვიწევს ფორსმაჟორულ სიტუაციაში ცხოვრება - ხან რაღაც დაიწვება, ხან რაღაც ჩამოინგრევა. ამ დროს მთავრობა გვაყვედრის, მოსახლეობის უსაფრთხოებას ვიცავთო, რადგან დროულად აცხადებენ ევაკუაციას.

- რეაბილიტაციისთვის პირველად რა არის გასაკეთებელი?

- ბევრი რამ, მაგრამ ამ ყოველივეს წინ უნდა უსწრებდეს საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები. სატრანსპორტო კომპანია გასული საუკუნის მენეჯმენტზეა აწყობილი. როგორ შეიძლება კვირაში ორჯერ მეტროს ავარიული გაჩერება? ხან ჭერი ინგრევა, ხან კი ხანძარი ჩნდება, რა უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი?!

- დაბურულ მატარებლებზე რას ფიქრობთ? - საინტერესოა, ეს ვინ მოიგონა. უამრავი ქვეყნის მეტროთი მიმგზავრია და მსგავსი რამ არც ერთში არ მინახავს. ჯერ ერთი, არაკომფორტულია, გარდა ამისა, როცა შემადგენლობა ჩამოდგება, ხშირად მგზავრები თავისუფალ ვაგონს ეძებენ, რომ კომფორტულად იმგზავრონ, ამათ კი ეს შესაძლებლობა წაართვეს. რა შეიძლება ამას ეწოდოს, თუ არა არაპროფესიონალიზმი?!