"თბილისის მეტრო ყოველდღიურად მოწმდება" - კვირის პალიტრა

"თბილისის მეტრო ყოველდღიურად მოწმდება"

უზრუნველყოფილია თუ არა მიწისქვეშა ტრანსპორტში მგზავრთა უსაფრთხოება? - "კვირის პალიტრის" კითხვებს შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი პასუხობს:

- რა სჭირს თბილისის მეტროპოლიტენს, რატომ ფერხდება ასე ხშირად მგზავრობა?

- თბილისის მეტროთი გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა. ბოლოდროინდელი შეფერხებები გამოწვეულია ინფრასტრუქტურის მოძველებით, ის ძირეულ სისტემურ ცვლილებებსა და განახლებას საჭიროებს. ამისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია.

დედაქალაქის მერიამ 2018-2019 წლებში თბილისის მეტროს განახლებისთვის 100 მლნ ლარი გამოყო, რომელიც მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მოძრავი შემადგენლობების მოდერნიზებას, ასევე კომუნიკაციების შეცვლა-განახლებას. პერიოდულ ტექნიკურ შეფერხებებზე კი დროულად ვრეაგირებთ.

- ექსპერტების აზრით, მეტროს გაუმართავი მუშაობის ერთ-ერთი მიზეზია სატრანსპორტო კომპანიასა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ტოპმენეჯმენტის, თანამდებობის პირების არაპროფესიონალიზმი, რის გამოც დედაქალაქის მთავრობას არა აქვს სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა. - ეს უსაფუძვლო ბრალდებებია - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტოპმენეჯმენტი, ისევე როგორც ტექნიკოსები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მეტროსა თუ ავტობაზების გამართულ მუშაობაზე, პროფესიონალები არიან.

- ამდენი ტექნიკური ხარვეზის გამო მოქალაქეები მეტროში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ.

- ვიმეორებ, თბილისის მეტრო სრულიად უსაფრთხოა მგზავრებისთვის. ყოველდღიურად მოწმდება და მზადდება ხაზზე გასასვლელად როგორც მოძრავი შემადგენლობები, ასევე ესკალატორები. ყოველღამე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თითქმის 600 თანამშრომელი ამოწმებს და აწესრიგებს მეტროსადგურებსა და გვირაბებს მატარებლების შეუფერხებელი მოძრაობისთვის.

- ამ ეტაპზე რისი რეაბილიტაცია იგეგმება? როგორც ვიცი, კალაძემ ელექტროსადენების გამოცვლის პირობა დადო. - დედაქალაქის მერიის მიერ გამოყოფილი 100 მლნ ლარის დიდი ნაწილი მეტროსადგურების რეაბილიტაციასა და მოძრავი შემადგენლობების მოდერნიზაციას მოხმარდება. აქედან 15 მლნ დოლარი ADB-ს გრანტია ელექტროსადენებისა და გამნიავებელი სისტემების განახლებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს კვლევითი და საპროექტო სამუშაოები, ხოლო ზაფხულში უკვე დაგეგმილია სადენების განახლება, კონტრაქტორმა კომპანიამ უკვე შეიძინა 450 კმ მაღალი ხარისხის ელექტროსადენები.

საფუძვლიანად შევისწავლით იმ სადგურებს, რომელთა რეაბილიტაცია კომპანიას აქვს დაგეგმილი. სადგურების გეოლოგიურად და ინსტრუმენტულად გამოკვლევის შემდგომ შედგება =ახალი პროექტები=, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება როგორც ტექნიკური საკითხები, ასევე სადგურების ინტერიერის მოწესრიგებაც. მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმება თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაცია.

- რა ბედი ეწევა "ავლაბრისა" და "გურამიშვილის" სადგურებს, რომელთა რეაბილიტაცია შეჩერებულია? - თბილისის სატრანსპორტო კომპანია უახლოეს დღეებში გააფორმებს ხელშეკრულებას სამი სადგურის ("ვარკეთილი", "ავლაბარი", "გურამიშვილი") კვლევის მომსახურების შესყიდვაზე.

2019 წელს დაგეგმილია 11 მეტროსადგურის კვლევა-შესწავლა. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი 15 ვაგონის კაპიტალურ შეკეთება-მოდერნიზაციაზე, რომელიც, ფაქტობრივად, დასრულებულია. წელსვე დაგეგმილია 11 ვაგონის საშუალოდ შეკეთება და უკვე შემოდგომაზე პიკის საათებში თბილისის მეტროში მგზავრობის ინტერვალი 3-დან 2 წუთ-ნახევრამდე შემცირდება.