როგორ ხვდებიან აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - კვირის პალიტრა

როგორ ხვდებიან აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

გერმანია

გერმანელები აღდგომას Ostern-ს უწოდებენ. ამ დღესასწაულის სიმბოლო მათთვის, ნაირფრად შეღებილი კვერცხების გარდა, შოკოლადის ბაჭიებია. ოქროსფერ სადღესასწაულო ბაჭიებს, სხვა საჩუქრებთან ერთად, მშობლები ეზოებისა და სკვერების კუთხეებში მალავენ. ბავშვები ფერად კვერცხებსა და სადღესასწაულო საჩუქრებს პოულობენ და სწამთ, რომ სწორედ სააღდგომო ბაჭიამ მოუტანა მათ ისინი. ეს ტრადიცია მე-17 საუკუნიდან იღებს სათავეს. ამ დღისთვის ბავშვები სააღდგომო ბაჭიებს ხატავენ და იქვე სურვილებს წერენ. სააღდგომოდ გერმანელები ხეებს ფერად-ფერადი კვერცხებით რთავენ.

ესპანეთი

ესპანური კათოლიკური ეკლესია განსაკუთრებულად აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს. ამ დღეს ესპანელები სპეციალურ ფორმას იცვამენ და მოსახლეობა მონაწილეობას იღებს წმინდა კვირის მსვლელობებში. ბავშვებს ჯიბეები სავსე აქვთ კანფეტებითა და ტკბილეულით, რომლებსაც ქუჩაში ურიგებენ გამვლელებს. ამ დღის სიმბოლო, როგორც ჩვენებური პასქა, საკონდიტრო ნაწარმი "მონა" და ფერადი კვერცხია. წითელ პარასკევს ესპანეთში სიჩუმის ღამეა - ჩაბნელებულ ქუჩებში იესოს ქანდაკებას გამოასვენებენ, ზოგიერთი მორწმუნე კი ქუჩებში ფეხშიშველიც დადის. კვირას დილით კი ოვაციებითა და სიხარულით ეგებებიან იესოს აღდგომის რიტუალს.

ინგლისი

ინგლისელებისთვის აღდგომა ბევრად მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ვიდრე შობა. სააღდგომო წირვა სრულდება ნაშუაღამევს. მერე საორგანო კონცერტი იწყება. ამის შემდეგ ყველა ერთმანეთს დიდმარხვის დასრულებას და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავს. ეკლესიას რთავენ ნარცისებითა და შეღებილი კვერცხებით. ოჯახის წევრები კი ერთმანეთს სააღდგომო პასქებითა და შოკოლადის კვერცხებით უმასპინძლდებიან. ამ დღეს მიღებულია ახალი სამოსის ჩაცმაც, რისთვისაც ღია ცის ქვეშ ეწყობა ბაზრობები.

იტალია

აღდგომა იტალიელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია. ვნების პარასკევს ქუჩაში ჯვრებითა და სანთლებით ხელში აწყობენ მსვლელობას ვატიკანიდან კოლიზეუმამდე. აღდგომას კი ვატიკანის მთავარ მოედანზე რომის პაპი მართავს მესას. იტალიელები აღდგომის დღესასწაულს ოჯახურ წრეში აღნიშნავენ. ეწყობა სააღდგომო საუზმე, რომელზეც ფერად კვერცხებს, ყველიან ღვეზელებსა და ნეაპოლურ ტორტს მიირთმევენ. იტალიურ სააღდგომო სუფრას ყოველთვის ამშვენებს შემწვარი ბატკნის ხორცი.

პოლონეთი

აღდგომას აუცილებლად შეღებილი კვერცხებითა და სააღდგომო "ბაბკით" ხვდებიან. სუფრაზე ყოველთვის აქვთ პირშუშხა და ძეხვი. პოლონელები "სველ ორშაბათს" აღნიშნავენ და ამ დღეს გამვლელებს წყალს ასხამენ, ეს კეთილი სააღდგომო ტრადიციაა.