"შეგეწიოთ კაცხის მაცხოვრის ძლევამოსილი ხატის ძალა!" - "კვირის პალიტრის" სააღდგომო საჩუქარი მკითხველს - კვირის პალიტრა

"შეგეწიოთ კაცხის მაცხოვრის ძლევამოსილი ხატის ძალა!" - "კვირის პალიტრის" სააღდგომო საჩუქარი მკითხველს

"წმინდა მიწიდან ჩამოტანილი ცეცხლით თავმომწვარი სანთელი და კაცხის "მაცხოვარი ყოვლისმპყრობელი" სიმშვიდეს შეიტანს ყველა ქრისტიანის ოჯახში"

მართლმადიდებლური სამყარო ყველაზე დიდ დღესასწაულს - იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობს. "კვირის პალიტრა" არ არღვევს ტრადიციას და მკითხველს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ხატითა და მაცხოვრის საფლავიდან გადმოსული მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით ულოცავს.

ამჯერად ჩვენს ერთგულ მკითხველს კაცხის მამათა მონასტრის მაცხოვრის ხატს ვთავაზობთ, რომელიც ქართული დეკორატიული ლითონმქანდაკებლობის საგანძურს წარმოადგენს.

კაცხის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი ჭიათურაში, სოფელ კაცხში მდებარეობს. მონასტერი ოდესღაც დიდი კულტურული ცენტრი იყო. კაცხის ტაძარი X-XI საუკუნეების მიჯნაზე აუგიათ. იგი წმინდა სამების სახელობისა ყოფილა და ბაღვაშთა საგვარეულო ტაძარს წარმოადგენდა. აქ მრავალი სიწმინდე ინახებოდა, მათ შორის, კაცხის მაცხოვარი.

კაცხის მაცხოვრის შარავანდი და ჩარჩო მოოქრული ვერცხლის ფირფიტებით არის დაფარული. ხატი შემკულია სამი დიდი საფირონით. ეს პატიოსანი თვალი შუა საუკუნეების ლითონმქანდაკებლობაში ფართოდ გამოიყენებოდა, საფირონის ფერი სიმბოლურად სულიწმინდას უკავშირდება. კაცხის მაცხოვრის მარჯვენა მაკურთხებელია, მარცხენაში კი სახარება უპყრია. ეს სახარება საყურადღებოა მოჭედილობით, რომელიც ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. მაცხოვრის ხატზე გამოყენებულია ტიხრული მინანქარიც. ამდენად, კაცხის მაცხოვრის ხატი, რომლის შესრულებისას ერთდროულად არის გამოყენებული ფერწერა, მოოქრული ვერცხლი და მინანქარი, მე-12 საუკუნის ლითონმქანდაკებლობის საგანძურს წარმოადგენს.

"მაცხოვარი ყოვლისმპყრობელი" კაცხის ეკლესიისთვის XII საუკუნეში შეუწირავს ერისთავთ-ერისთავ კახაბერს. სწორედ იმ კახაბერს, რომელმაც ქუთაისელ ეპისკოპოს ანტონთან ერთად თამარ მეფეს დაადგა სამეფო გვირგვინი. მას შემდეგ "მაცხოვარი ყოვლისმპყრობელი" რვა საუკუნის განმავლობაში მფარველობდა საქართველოს, სანამ ტაძრიდან 1923 წელს მძარცველმა ბოლშევიკებმა არ გამოიტანეს სხვა სიწმინდეებთან ერთად. თუმცა, თვისივე ძალმოსილებამ გადაარჩინა კაცხის ტაძართან ერთად, რომლის სილამაზე დღესაც აოცებს მნახველს. "მაცხოვარმა ყოვლისმპყრობელმა" ბოლშევიკების ხელიდან 1925 წელს გააღწია და დღემდე ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმშია დაუნჯებული. ასე რომ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ სიწმინდეს პირველად მიეახლება. კაცხის ხატისა და ტაძრის მრავალგანსაცდელიან გზაზე ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, მეცნიერებათა დოქტორი ელენე კავლელიშვილი გვესაუბრება:

- ქართულ ტაძართა შორის ერთ-ერთ ულამაზეს კაცხის ტაძარს გამორჩეული ისტორია აქვს: ტაძარი ბაღვაშთა გვარის საძვალე იყო, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ერთ-ერთი უძლიერესი ფეოდალთა გვარის წარმომადგენლები, ბაღვაშები, სადაც უნდა გარდაცვლილიყვნენ, მაინც ამ ტაძარში დაიკრძალებოდნენ. ბაღვაშები მუდმივ ოპოზიციაში ედგნენ საქართველოს მეფეებს, რის გამოც საქართველოს მეფეებს მათთან არაერთი ბრძოლა გაუმართავთ. ამისი კვალი კაცხის წარწერაზეც აისახება - ტაძარი X საუკუნის ბოლოს არის აგებული, მაგრამ უკვე XII საუკუნის დასაწყისში მის კედლებზე ბაგრატ III-ისადმი მიძღვნილი წარწერა ჩნდება, სწორედ იმდროინდელი, როცა ბაგრატმა ბაღვაშებს შეუტია და შეავიწროვა: "წმინდაო სამებაო, ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა და ქართუელთა მეფე, ტაოსა, რანთა, კახთა და ყოვლის აღმოსავლეთის დიდი კუროპალატი"... ბაღვაშებს საბოლოოდ დავით აღმაშენებელმა სძლია. თუმცა XII საუკუნეში თამარ მეფეს გვირგვინს სწორედ ამ გვარის წარმომადგენელი კახაბერ ერისთავთ-ერისთავი ადგამს. სწორედ მან შესწირა კაცხის ტაძარს "მაცხოვარი ყოვლისმპყრობლის" ხატი. აი, იმ დროიდან ხატი ჩვენამდე მობრძანდა, მიუხედავად იმისა, რომ 1923 წელს ბოლშევიკებმა ტაძრის პირწმინდად გაძარცვისას სხვა სიწმინდეებთან ერთად გაიტაცეს ეკლესიიდან.

- სად წაიღეს? - კაცხის თემის გლეხთა კომიტეტში. ასეთ კომიტეტებში, როგორც წესი, სხვა ნაძარცვიც მიჰქონდათ და მათგან უამრავი განადგურდა, მაგრამ კაცხის მაცხოვარი, სხვა სიწმინდეებთან ერთად, საბედნიეროდ, გადარჩა. ეს ხატი უძველესია, რაც ამ ტაძრის შემოწირულობიდან შემოგვრჩა. მოოქრული ვერცხლით არის მოჭედილი და თანაც ძალზე უხვად შემკულია მცენარეული დეკორით - წრეებში ვაზის ფოთლებია ჩაწერილი. ხატი, რა თქმა უნდა, ბუნებრივი საღებავებით არის დაწერილი. დაზიანებული ფერწერა უკვე XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე თავიდან გადაუწერიათ. მთელ სიმაღლეზე თვალისთვის პირველად თითქოს შეუმჩნეველი კახაბერ ერისთავის სავედრებელი წარწერა მიჰყვება: "სამებაო წმინდაო, ერთო ღმერთო, თაყვანისმცემელო, შენდა მფარველ ეყავ ორსავე ცხოვრებასა ერისთავთ ერისთავს კახაბერს".

- როგორ გამოაღწია "მაცხოვარმა ყოვლისმპყრობელმა" გლეხთა კომიტეტიდან? - მართალია, ექვთიმე თაყაიშვილი ქართულ განძს თან გაჰყვა, მაგრამ ქვეყანაში მისი საქმის გამგრძელებლები დარჩნენ: ამ დროისთვის არსებობდა "საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება", რომელსაც ივანე ჯავახიშვილი ედგა სათავეში. სწორედ ეს საზოგადოება აკეთებდა იმ საქმეს, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლო იყო - როგორღაც მოახერხეს ეკლესიიდან გატანილი სიწმინდეების შეგროვება და აღრიცხვა დაიწყეს. ეს ადვილი არ იყო. სხვათა შორის, საზოგადოებას ამ საქმეში მოსკოვიდან ქართველი ბოლშევიკი ჯგუშია ეხმარებოდა. ივანე ჯავახიშვილმა კაცხის თემში გიორგი ბოჭორიძე გაგზავნა ტაძრის სიწმინდეების ჩამოსატანად და 1925 წელს გიორგი ბოჭორიძემ ეს ხატი და სხვა სიწმინდეები თბილისში ჩამოაბრძანა. და არა მხოლოდ ეს - ეს საოცარი ადამიანი მთელ თავის სახსრებს ამ საქმეს სწირავდა და ფეხშიშველა დადიოდა ეკლესიების წმინდა ნაძარცვის შესაგროვებლად. 1937 წლის რეპრესიებისას ის ჩრდილოეთ კავკასიაში მოახრჩვეს, თუმცა რა გასაკვირია, თითქმის იგივე ბედი ერგო ამ სიწმინდეების სხვა შემგროვებლებსაც. გიორგი ბოჭორიძე საწმინდანე კაცად აქცია თავისივე გაკეთებულმა საქმეებმა.

"მაცხოვრის ხატი სიმშვიდეს შეიტანს ყველა ქრისტიანის ოჯახში"

მაცხოვრის ხატები და სანთლები სტამბა "კოლორში" კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახურმა, დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ აკურთხა. სანთლები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ჩამოიქნა.

მამა არჩილი: - ეს არის არაჩვეულებრივი ტრადიცია, რომელიც მედიაჰოლდინგმა წელსაც გააგრძელა - წელსაც მიულოცა თავის ერთგულ მკითხველს და სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ყველა მართლმადიდებელს, ყველა ქრისტიანს ვულოცავთ - ჩვენს ხალხს აუცილებლად სჭირდება სტაბილურობა! ტრადიცია, რომელიც "კვირის პალიტრაში" წლიდან წლამდე ღირსეულად გრძელდება, დიდ სიხარულს იწვევს. წმინდა მიწიდან ჩამოტანილი ცეცხლით თავმომწვარი სანთელი და კაცხის მაცხოვრის ხატი სიმშვიდეს შეიტანს ყველა ქრისტიანის ოჯახში. ღმერთმა ინებოს, რომ მაცხოვარმა და ყოვლადწმინდა სამებამ დალოცოს სრულიად საქართველო. მრავალი ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ყველას. ღმერთმა ინებოს, რომ სიმსუბუქე, სიხარული, სინათლე, ერთობა და მშვიდობა ჰქონოდეს ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოს. შეგეწიოთ კაცხის მაცხოვრის ძლევამოსილი ხატის ძალა. მრავალი ბედნიერი აღდგომა გასთენებოდეს ყველას.

ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ქრისტე აღდგა! გილოცავთ!