2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია - კვირის პალიტრა

2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია

2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 723 ათას კაცს შეადგენს, რითაც აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (4 614) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-10 783).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენდა.

რაც შეეხება მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივ შემადგენლობას, 2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.3 პროცენტს შეადგენდა, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.9-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 14.8 პროცენტს წარმოადგენდა.

რაც შეეხება მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების მიხედვით, 2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, თბილისში 1 171 ათასი კაცი ცხოვრობს, აჭარაში - 349 ათასი, გურიაში - 109 ათასი, იმერეთში - 497 ათასი, კახეთში - 312 ათასი, მცხეთა-მთიანეთში - 93 ათასი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 29 ათასი, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 316 ათასი, სამცხე-ჯავახეთში - 154 ათასი, ქვემო ქართლში - 433 ათასი და შიდა ქართლში - 257 ათასი.

იხილეთ ასევე: საქართველოში მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 69 წელია, ხოლო ქალების - 78 წელი

"ინტერპრესნიუსი"