"ორივე მხრიდან დაშვებული იყო შეცდომა. თუმცა..." - პანკისის ხეობის მცხოვრებლები პატრიარქს შეხვდნენ - კვირის პალიტრა

"ორივე მხრიდან დაშვებული იყო შეცდომა. თუმცა..." - პანკისის ხეობის მცხოვრებლები პატრიარქს შეხვდნენ

პანკისის ხეობის მცხოვრებლების ნაწილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ისინი ილია მეორეს ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვენ. საქმე ეხება 21 აპრილს ხეობაში განვითარებულ მოვლენებს. პანკისელები მიიჩნევენ, რომ პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებულების წინააღმდეგ გამოძიება უნდა შეწყდეს. როგორც პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პანკისის მცხოვრებლებმა განაცხადეს, მათ პატრიარქისგან კურთხევა მიიღეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებს წერილობით მიმართონ.

"ორივე მხრიდან დაშვებული იყო შეცდომა. თუმცა, როგორც ვიცით, იურიდიული სამართლის კუთხით საპატრიარქოს ამის შესაძლებლობები არ აქვს, მაგრამ პატრიარქმა ჩვენ კურთხევა მოგვცა, რათა მიგვემართა ზემდგომი ორგანოებისთვის, რომ ეს წამოწყებული გამოძიება შეჩერდეს ამ ადამიანების მიმართ - საუბარია 400-ზე მეტ ადამიანზე, რომელთა შორისაც არიან ბავშვები, ახალგაზრდები, ქალები და მოხუცები",-განაცხადა თემურ ძიძიაშვილმა

ხეობის ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, პანკისში განვითარებული მოვლენები იყო ძალიან დიდი დანაშაული და მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

"პატრიარქი ღრმა წუხილს გამოთქვამდა მომხდარის გამო და მან აღნიშნა, რომ ჩვენ ძმები ვართ და მსგავსი რამე არ შეიძლება ჩვენს შორის მოხდეს, არ უნდა დავუშვათ ასეთი რამ, რომ ხელი აღვმართოთ ერთმანეთზე. უფლება მოგვცა, მივმართოთ მთავრობას წერილობით და ჩვენ მივმართავთ. ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული ჩვენი მხრიდანაც და ეს უნდა ვაღიაროთ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება. იმისთვის, რომ არ გამწვავდეს ვითარება, აუცილებლად უნდა შეწყდეს გამოძიება",-განაცხადა პანკისის მცხოვრებმა ნონა ხანგოშვილმა

"ინტერპრესნიუსი"