"მე აქედან ვეღარსად წავალ..." - 25 წლის ბიჭი, რომელიც მე-4 წელია მშობლიურ ხევსურეთს დაუბრუნდა და მძიმე გარემო პირობებს არ უშინდება - კვირის პალიტრა

"მე აქედან ვეღარსად წავალ..." - 25 წლის ბიჭი, რომელიც მე-4 წელია მშობლიურ ხევსურეთს დაუბრუნდა და მძიმე გარემო პირობებს არ უშინდება

25 წლის გიორგი ჭინჭარაული მე-4 წელია თბილისიდან ხევსურეთში გადავიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ შატილის კოშკებს იცავს... მას უამრავი გეგმა აქვს, უნდა მთის განვითარებაში წვლილი შეიტანოს, თუმცა სახელმწიფოს დახმარების გარეშე, მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებით, ეს არც ისე მარტივია.

- მეოთხე წელია, რაც შატილში გადმოვედი საცხოვრებლად. ზამთარი ძალიან რთულია, გარეთ გაუსაძლისი ყინვა და კოშკში კი - სიბნელე. მთელი ზამთარი უშუქოდ გავატარეთ, რადგან ჰიდროელექტროსადგურს შეექმნა პრობლემები. სხვა ჩემ ადგილას ჰესის გაფუჭებისთანავე დატოვებდა აქაურობას, მაგრამ მიუხედავად მსგავსი პრობლემებისა, უფრო მეტ მიჯაჭვულობას ვგრძნობ მთის მიმართ და წასვლითაც აღარსად წავალ.

სამსახურიც მაქვს, რამდენიმე თვეა კულტურული მემკვიდრეობის დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ დამასაქმა, კოშკების მოვლა-პატრონობა მევალება... საქმე ყოველთვის არის და სეზონების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, გაზაფხულის ამ დროს ხვნა-თესვით ვარ დაკავებული. ხევსურეთის ამ მინიმალურ რესურს ვიყენებ და  ჩემთვის საკმარისი პროდუქტი მომყავს ჩემს საგვარეული მიწებზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა.

- ალბათ ძნელია ახალგაზრდა ადამიანისთვის ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე ცხოვრება...

- აქ გატარებული წლები ისევე როგორც სხვებისთვის, ჩემთვისაც არ იყო მარტივი. ეს განვლილი გზა ვიღაცისთვის ალბათ უმძიმესიც იქნებოდა. ამ კონტექსტის მიუხედავად, არცერთხელ მინანია აქ წამოსვლა და არასოდეს მიფიქრია ამ ყველაფრის მიტოვება ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი. ახალგაზრდები არ წამოვლენ აქ თუ ეს მდგომარეობა არ შეიცვალა და პირობები არ გაუმჯობესდა. როდესაც შენი სოფელი ზამთრის სეზონზე გარესამყაროს არის მოწყვეტილი, გზა იკეტება, არ არის ელექტროენერგია, სატელეფონო კავშირი, ინტერნეტი და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, რომ დავფიქრდეთ, ნორმალური ადამიანი ამ პირობებში ცხოვრებას რატომ მოინდომებს?!. შატილს იქით, სხვა სოფლებში სატელეფონო კავშირი საერთოდ არ არის, უგზოობის გამო გადაადგილებაც კი ვერ ხერხდება.

- ხელისუფლება მუდმივად ლაპარაკობს მთაში მაცხოვრებელი ან დაბრუნების მსურველი ადამიანებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე და არსებული მძიმე ყოფის შემსუბუქებაზე...

- ის ფაქტი, რომ ვითომ სახელმწიფო ხელს უწყობს ხალხს მთაში დასაბრუნებლად, ერთი დიდი ტყუილია. მიწა რომ მიწაა, რასაც ჩემი მამა-პაპები უმძიმეს პირობებში იცავდნენ, რომელიც წლებია ჩემს გვარს ეკუთვნოდა და მე შთამომავლობით მერგო, არ მაძლევენ საკუთრებაში. მიზეზი არ გაინტერესებთ? აზრს მოკლებული და უსაფუძვლო.

3 წლის წინ, როდესაც შატილში გადმოვედი საცხოვრებლად, ადგილობრივ ხელისუფლებას შევხვდი, რადგან იქნებ რაიმე სამუშაო ადგილი გამოჩენილიყო, მათგან უარყოფითი დამოკიდებულების მეტი არაფერი მახსოვს და სიმართლე გითხრათ, დღეს ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მათთან უსიამოვნო იქნება ჩემთვის. მათგან მხარდაჭერა და თანადგომა არ მიგვრძნია.

- როგორც ვიცი, საკმაოდ აქტიურად ხარ ჩართული მთაში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებელ საკითხებში?

- ძირითადი პრობლემა ელექტროენერგია და სატელეფონო კავშირია. მათ გარეშე აქ ცხოვრება რთულია. ასაკიან ხალხსაც კი, რომლებიც აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ, უჭირთ უკვე და ახალგაზრდის ან ნებისმიერი ასაკის ადამიანის მთაში გადმოსახლება თითქმის შეუძლებელია. ძალიან კარგი პროექტია დაწყებული არასამთავრობო ორგანიზაცია "მთის სათემო ქსელის" მიერ, რომლის წევრიც მეც ვარ, აპირებენ გუდამაყარ-ფშავ-ხევსურეთის ინტერნეტიზაციას. ამ სამ რეგიონს ინტერნეტი დაფარავს შემოდგომის ბოლომდე, რაც, ვფიქრობ, ძალიან კარგად აისახება ადგილობრივებზე.

- ელემენტარული პირობების არსებობის შემთხვევაში ხევსურეთი ტურისტულად საკმაოდ აქტიური რეგიონი იქნება...

- ჩემი აზრით, ხალხის მთაში დამაგრების ერთ-ერთი გზა ტურიზმია, რომელიც თავისთავად უამრავ ენერგიას და რესურს მოითხოვს. ტურიზმის მხრივ ხევსურეთს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს, ულამაზესი ხეობებია, კულტურული ძეგლები და ტრადიციები. ამ ყველაფრის კარგად შეფუთვა და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის შეთავაზება შეიძლება. პირიქითა ხევსურეთში სასტუმრო მხოლოდ შატილშია, რადგან სხვა სოფლებში ელექტროენერგია და ინტერნეტი არ არის, ზოგ სოფელში გზაც არ მიდის… როდესაც შენ, ადგილობრივი სახელმწიფოსგან იგრძნობ მხარდაჭერას, სოფლებამდე საავტომობილო გზა გაკეთდება, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება და სატელეფონო კავშირი იქნება იმ სოფლებშიც დაბრუნდება ხალხი, როგორც შატილში ჩამოდიან ზაფხულობით. ასევე მიწების რეგისტრაცია მათ გარკვეული ქონებრივ სტატუს აძლევს და შეეძლებათ ბიზნესგეგმის დაწერა, იპოთეკით დატვირთვა და რაიმე სახის სერვისის შექმნა ვიზიტორებისათვის. ასევე ძალიან კარგი იქნება სახელმწიფომ შექმნას ფონდი, საიდანაც შეძლებდა ხალხი გრძელვადიანი, დაბალპტოცენტიანი სესხების აღებას. არის ხალხი, ვისაც სურვილი აქვს დაბრუნების და ცდილობენ კიდეც საქმეს ხელი მოკიდონ, მაგრამ სულ მინიმუმ, საგვარეულო მიწებს ვერ იფორმებენ და ყველაფერი კარგავს აზრს. ამ ელემენტარული პირობების გარეშე რა უნდა გაკეთდეს, არ ვიცი...

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)