"უკან დაბრუნებისას ავტოავარია შეემთხვათ, მორჩილი ანა ადგილზევე გარდაიცვალა" - ვინ იყო პირველი ქართველი მჭედელი ქალი?
"უკან დაბრუნებისას ავტოავარია შეემთხვათ, მორჩილი ანა ადგილზევე გარდაიცვალა" - ვინ იყო პირველი ქართველი მჭედელი ქალი?
ქართული ჭედური ხელოვნების ისტორია მჭედელი მამაკაცებითაა სახელგანთქმული და ამას, ცხადია, თავად საქმის თავისებურება განაპირობებს - მჭედლობა ღონეს, გამძლეობასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რაც შეეხება ქალებს, ზოგადად, ხატმჭედი ქალი ისეთი იშვიათია, შეიძლება თითზეც კი ჩამოთვალო. ამიტომაც მიაჩნიათ ანა მიქიანი არა - ერთადერთ, მაგრამ პირველ ქართველ მჭედელ ქალად, რომელიც XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. იგი, ფაქტობრივად, "იმორჩილებდა" ლითონს - სპილენძს, თითბერს, ვერცხლს, ოქროს და მათგან საოცარ ნამუშევრებს ჰქმნიდა. ანა მიქიანის შემოქმედებაზე მისი დისშვილი,
ხელოვნებათმცოდნე ეკატერინე ჯოხაძე გვიამბობს:

- ანა მიქიანის ხელოვნების თავისებურება შეგვიძლია იმ გარემოს "დავაბრალოთ", სადაც გაიზარდა - ულამაზეს აფხაზეთს, გულრიფშის რაიონის სოფელ აჟარას, რომელიც კოდორის ანუ დალის ზღაპრულ ხეობაშია. იქაურობა ულამაზესია, გასაოცარი ლეგენდებითა და ადათ-წესებით - თავისებური. ყველაფერმა თავისი კვალი დააჩნია მის მხატვრად ჩამოყალიბებას.

ანა 1953
წლის 9 მარტს მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, თერთმეტი დედმამიშვილის მეცხრე შვილი იყო.
ხელოვნება მან თავდაპირველად თბილისის მოსე თოიძის სახელმწიფო სასწავლებელში შეისწავლა და იმ წლებს საკმაოდ ნაყოფიერად მიიჩნევდა. ახალგაზრდა იყო, ოცნებებით სავსე და კიდევ მეტის შესწავლა სურდა, ამიტომაც სწავლის დამთავრებისთანავე ბედის საძებნელად მოსკოვში გაემგზავრა. იქ ბევრს შრომობდა, მუშაობდა და სწორედ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა იგი შემოქმედად, მხატვრად. ანას მითოსი და ფოლკლორი აინტერესებდა, ლირიკულ-რომანტიკული ჟანრის ხელოვანი იყო. მის შემოქმედებაში ნელ-ნელა იხსნებოდა ადამიანების ფსიქოლოგია, იკვეთებოდა ეროვნული ნიშან-თვისებების მთელი სისტემა და მხატვრის ინტელექტუალურ-ემოციური ხელწერის ევოლუცია. ქართული თანამედროვე ლითონპლასტიკის მხატვრობაში იგი განსხვავებული მიმდინარეობით, ჟანრითა და თემით წარდგა. მისეული მითოლოგია, ლირიზმი და ხატწერა საკმაოდ ორიგინალურია.
'ზღვის ნიმფა', სპილენძი
- მხოლოდ ქართულ მითოსს იყენებდა?
- მის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი აფხაზურ და სვანურ მითოლოგიას აქვს. მათში წარმოსახვის ხატები ზღაპრის სიუჟეტის მსგავსია, სადაც მოვლენების, კერძოდ, დროისა და სივრცის აღქმა ზღაპრისა და სიზმრის ცნობიერების მსგავსად მიმდინარეობს. ასეთია კომპოზიციები: "ანანა-გუნდა"", "ბეთქილი", "ნადირობის ქალღმერთი დალი" და სხვ. თუმცა აქტიურად იყენებს თუნდაც ბერძნული და გერმანული მითოლოგიის სიუჟეტებსაც, რისი ნიმუშიცაა: "ამორძალი", "მედეა", "ზღვის ნიმფა", "არტემიდე". მითოსურ ჟანრში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "ამირანის" მონუმენტური კომპოზიცია. მასში კარგად ჩანს არა მარტო შემოქმედი ანას მიქიანის სტილისტური, მითოსურ-შინაარსობრივი თავისებურებანი, არამედ უშუალოდ მისი ფსიქოლოგიურ-დრამატული, პატრიოტული, ეროვნული სულისკვეთება, განცდები, რაც საქართველოს სვებედთან არის დაკავშირებული. აქ ამგვარი მიდგომა ჩანს - არა, ვთქვათ, კერძო პეიზაჟი, სამშობლოს ზოგადი ხატი ან ცალკეული ადამიანი, არამედ - მთელი ერის სიმბოლო. ანამ ლითონის ფირფიტაზე ჭედურობის თითქმის ყველა ჟანრის რთული და უჩვეულო კომპოზიციები გამოსახა, სადაც ადამიანები, ცხოველები, მცენარეები ორგანულად დაუკავშირა ერთმანეთს.

- თქვენი დეიდა დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში?
- 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ვეღარ გაჩერდა იქ და საქართველოში დაბრუნდა. სწორედ ამ ამბავს მიუძღვნა ნაწარმოები "რწმენისა და თავისუფლებისათვის წამებულნი", რომელიც ღრმა ფსიქოლოგიური დამუშავებით, დინამიკურობითა და დრამატიზმით გამოირჩევა.
1994 წლის აპრილში თბილისის ეროვნულ მუზეუმში მოეწყო მისი პირველი პერსონალური გამოფენა. დამთვალიერებლები აღფრთოვანებული უყურებდნენ, თურმე, ნამუშევრებს და უცრემლოდ არავინ გასულა დარბაზიდან. მის ჭედურობას, განსაკუთრებით - ორნამენტს, ყველაზე მეტად XI-XII საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების ოსტატების, ბექა და ბეშქენ ოპიზრების სტილს ამსგავსებენ. თუმცა, გარდა მსგავსებისა, მხატვარს საკუთარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხელწერაც აქვს, რაც აშკარაა სხვადასხვა მცენარისა და გეომეტრიული ფიგურის გრაფიკულ გამოსახულებებში. გამოფენის შთაბეჭდილების წიგნში პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს ჩაუწერია: "აფერუმ მართლაც შენს მარჯვენას, ქართველო მანდილოსანო! რა გრანდიოზულია შენი შემოქმედება!... მართლაც საოცარ სამყაროში მგონია თავი. პირადად ჩემთვის აღმოჩენა გახლავთ!".
სახარების უკანა ყდა - მოოქროვილი ვერცხლი
- ოსტატი ეკლესიამდე ჭედურობამ მიიყვანა?
- ქრისტეს რწმენა და სიყვარული ისედაც ჰქონდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებისთანავე განსაკუთრებულად გაუძლიერდა, ამიტომაც გადაწყვიტა, მონაზონი გამხდარიყო. მისი მოძღვრის, დეკანოზ ტარიელ სიკინჭალაშვილის კურთხევით დაბინავდა "ჯვრის მამის" დედათა მონასტერში, მორჩილად. სწორედ იქ შეუცვალეს სიყრმის სახელი ლიანა და უწოდეს ანა. ძალიან ბევრს ლოცულობდა, გაორმაგებულად შრომობდა და მცირე ხანში საკმაოდ ბევრი ხატის შექმნა მოასწრო.

- მითხარით, მონაზვნად უნდა ეკურთხათ, მაგრამ ცოტა ხნით ადრე დაიღუპაო...
- გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შეატყობინეს, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მას მონაზვნად აკურთხებდნენ. კელიაც კი გამოუყვეს საპატრიარქოში. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ამიტომ უფლის სადიდებლად სხვადახვა მონასტერში დადიოდა. იმ დღესაც, 2006 წლის 21 ივნისს თავის მოძღვარ დეკანოზ ტარიელ სიკინჭალაშვილსა და მის ოჯახთან ერთად სწორედ სალოცავად გაემგზავრა დუშეთის რაიონში, ლომისის მონასტერში. უკან დაბრუნებისას ავტოავარია შეემთხვათ და მორჩილი ანა ადგილზევე გარდაიცვალა. უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მორჩილი ანა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს.
წმინდა გიორგი - მოოქროვილი ვერცხლი
- რა ნამუშევრები დაგვიტოვა ოსტატმა, სად არის მისი ჭედურობის ნიმუშები?
- რელიგიურ ჟანრში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია 1994-95 წლებში მოჭედილ ტრიფტიქს, რომლის ცენტრალურ ნაწილში ღვთისმშობლის "შობის" კომპოზიციაა გამოსახული. აქ ოსტატი გვთავაზობს მოგვთა და მწყემსთა ღვთისმშობლისადმი თაყვანისცემის განსხვავებულ მხატვრულ გადაწყვეტას. ამავე წლებში მან საპატრიარქოს დაკვეთით შეასრულა შენობის შესასვლელის კარიბჭე და ტიმპანი - "ჯვრის ამაღლების" კომპოზიცია; ასევე, ანა მიქიანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1987-2004 წლებში სამების საკათედრო ტაძრისთვის შექმნილი გრანდიოზული სახარების ყდის მოჭედვა-შემკობაში - "სიცოცხლის წიგნის" უკანა (აბრაამის სტუმართმოყვარეობა), გვერდითი და წინ დასმული ტიხრული მინანქრის კომპოზიციები (ოთხი მახარობელი) მისი ნამუშევარია; მორჩილმა ანამ შეასრულა საქართველოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მიერ დაწერილი ხატების - "ღვთისმშობლის", "სამების" და სხვათა ჩარჩოები ჭედურობაში; ეს ხატები სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. ოსტატმა ასეთივე ცხოველხატული ჩარჩო შემოარტყა ივერიის ღვთისმშობლის ხატს, სადაც ორნამენტები თანაბარზომიერად წყდება, ზოგან ძვირფასი თვლებით, ზოგან მინანქრული კომპოზიციებით, რის შედეგადაც წყობა მთლიანად დეკორატიულ-ორნამენტულ ხასიათს იღებს; მჭედელმა ერთ-ერთი წმ. გიორგის ხატი შეასრულა სვანური გვარის - საღლიანების დაკვეთით, რომელიც 2002 წელს ხატად იკურთხა და დღეს იგი ქაშუეთის წმ.გიორგის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. გამომსახველობით ეს ხატი მოგვაგონებს XVI საუკუნის ილორის წმ. გიორგის ჭედურ ხატს. ამითაც კარგად ჩანს მორჩილი ანას ძველი ქართული ძეგლებისადმი ძლიერი სიყვარული, ასევე, ტრადიციული ეროვნული ტექნოლოგიის შენარჩუნების სურვილი.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?