"სიკვდილის ბანაკის" ტყვე ქართველთა საფლავები ცაითჰაინში - კვირის პალიტრა

"სიკვდილის ბანაკის" ტყვე ქართველთა საფლავები ცაითჰაინში

მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული დიდი ბაბუის საფლავის ძიებაში ქართველმა ემიგრანტმა მეგი სტემპენმა გერმანიაში უამრავი ქართველის საფლავი მოიძია. ტყვეობაში სულდალეული, როგორც მათ მეგიმ უწოდა, "მზის ბიჭები" უცხო მიწაზე განისვენებენ. მეგისთვის "მზის ბიჭების" საფლავების მოძიება ცხოვრების მთავარ მოწოდებად იქცა. დადის არქივებში, ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკებში, სასაფლაოებზე... 200-მდე მათგანის ოჯახს მიაკვლია საქართველოში და მრავალი ათეული წლის მერე შთამომავლების ცრემლის ღირსი გახადა ომს შეწირული ბიჭები.

გერმანიაში მივლინებით ჩასული "პალიტრელების" მასპინძლობა მეგიმ და მისმა მეუღლემ რობერტ გიუნტერმა ითავეს. რობერტი მეგის საქმის დიდი გულშემატკივარია. ამჟამად ცაითჰაინის ტყვეთა ბანაკის გათავისუფლების 74-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მინდა გიამბოთ. ამ ტერიტორიაზე მუზეუმი, საფლავები და მემორიალია. წელს ქართული დელეგაცია პირველად დაესწრო ამ ღონისძიებას.

"ვინაიდან ტყვეობა დასრულდა, მჯერა, რომ სამოთხეში მოვხვდები, რადგან ჯოჯოხეთი უკვე გამოვლილი მაქვს", - ეს სიტყვები ნაცისტების ტყვეობაგამოვლილ ამერიკელს ეკუთვნის... ცაითჰაინისკენ მიმავალ გზაზე სწორედ ეს ტყვე გამახსენდა.

დაახლოებით ერთი საათი ვიმგზავრეთ. ისეთი ამინდია, ჩემს განწყობას რომ ზუსტად გადმოსცემს - ქარს ადგილი ვერ მოუნახავს და თითოეული საფლავის ქვას თავგანწირვით ეხეთქება. ჩვენთან ერთად კიდევ რამდენიმე ქართველია დრეზდენის ქართული სათვისტომოდან. გერმანიის ქართული საელჩოს წარმომადგენლებიც, ბატონი იოსებ ჩხიკვიშვილი - დესპანი და სამხედრო ატაშე დავით მამულაშვილი.

ჯერ მთავარ მემორიალს ვამკობთ ყვავილებით. მის ორივე მხარეს ყველა იმ ქვეყნის დროშაა აღმართული, რომელთა წარმომადგენელთა გულისცემა ამ ბანაკში შეწყდა. ღონისძიება ცაითჰაინის მუზეუმის მმართველმა იენს ნაგელიმმა გახსნა. გამომსვლელთაგან შთამბეჭდავი იყო 98 წლის იტალიელი დოქტორი მიკელე მონტაგანო, რომელმაც რამდენიმე საკონცენტრაციო ბანაკში აუტანელი ტანჯვა გამოიარა.

"ამ მოვლენებიდან 70-ზე მეტი წლის შემდეგ, მე, მიკელე მონტაგანო, ვგრძნობ პასუხისმგებლობას იტალიელი ტუსაღების წინაშე, რომლებიც შეეჯახნენ ფაშიზმის საშინელებას. ვგრძნობ ვალდებულებას არა მარტო მათ წინაშე, არამედ იმ ადამიანების წინაშეც, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპნენ. ათასობით მათგანი ვერ დაბრუნდა, ყველა ის კი, რომელსაც ჩემსავით გაუმართლა, ვერასოდეს დაივიწყებს იმ საშინელ დღეებს...", - გვითხრა დოქტორმა მონტაგანომ, რომელმაც რომ გაიგო, ქართველები ვიყავით, მღელვარება ვერ დაფარა. "ჯორჯია, ჯორჯია", - იმეორებდა და თვალებში ნაღველი და სიყვარული უციმციმებდა.

ღონისძიების დასასრულს ყველამ თავი მოიყარა მთავარ მემორიალთან და პატივი მიაგეს დაღუპულთა სულებს, მერე კი ცაითჰაინში ჩამოსულმა ჭირისუფლებმა საკუთარ მიცვალებულთა სასაფლაოებთან გადაინაცვლეს. თითოეულ ქვაზე ორმოცდაათამდე გვარს ნახავთ, მათ შორის ქართველებისასაც: კილაძე, ჯავახიშვილი, ცხოვრებაძე, ოქროაშვილი, აბელაშვილი, ხონელიძე, ალხანიშვილი, ბენაშვილი, ძიმისტარიშვილი, ჭიჭინაძე, ვერულაშვილი, მაისურაძე, სურამელაშვილი, სვანიძე... - კითხულობ და გრძნობ, სუნთქვა როგორ გიმძიმდება.

იოსებ ჩხიკვიშვილი: "დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ იმ 187 ქართველი მეომრის ხსოვნას, რომლებიც ცაითჰაინში განისვენებენ. შეიძლება მეტიც არის, მაგრამ ჯერ-ჯერობით იდენტიფიცირებულია 187 მეომარი. იმედია, დადგება დრო, როდესაც ყველა ახლობელს ეცოდინება, თუ სად არის მათი ბაბუის, დიდი ბაბუისა თუ მამის საფლავი. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ მეგის, რომელიც ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს თითოეული ქართველი მეომრის კვალის მოძიებისთვის. მადლობა ასევე გერმანულ მხარესაც ასეთი მოვლილი საფლავებისთვის"."

"მზის ბიჭები" საქართველოდან

მეგი სტემპენი: - როდესაც "მზის ბიჭების" ისტორიებს ვკითხულობდი, ხშირად მიჩნდებოდა კითხვა, როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთ პირობებში თუნდაც 1 თვე გაძლოს. არ ჰქონდათ წყალი, ტერიტორიაზე არ იყო საპირფარეშო, მხოლოდ თვეში ერთხელ ხდებოდა ტყვეთა დეზინფიცირება, დილიდან საღამომდე ამუშავებდნენ, განიცდიდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წნეხს, დამცირებას... თუ საბუთებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ პირობებს მხოლოდ 7-8 თვე უძლებდნენ ტყვეები. ზოგიერთმა წელიწად-ნახევარი იცოცხლა, ალბათ, იმ იმედით, რომ როდესღაც ტყვეობას თავს დააღწევდნენ, დაბრუნდებოდნენ საქართველოში.

ძალიან ბევრი "მზის ბიჭის" ოჯახი გავიცანი. ენით აღუწერელი წუთები განვიცადე, როდესაც ქართველი ტყვის, ზოსიმე კილაძის შვილთაშვილები მეწვივნენ და ყველამ ერთად მოვინახულეთ დაკარგული წინაპრის საფლავი ცაითჰაინის ბანაკის ტყვეთა სასაფლაოზე. ჩამოიტანეს მშობლიური კორბოულის მიწა და მის საფლავს მოაყარეს, აანთეს სანთლები. იმ წუთებში ერთდროულად სიამაყეს, სიხარულსა და ტკივილს ვგრძნობდი...

"ზოსიმე კილაძე. დაბადებული 1907 წელს საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში. დედის გვარი: სამხარაძე. ტყვედ ჩავარდა 13.07.1942 წელს. ბანაკი: შტალაგი 4; გარდაიცვალა 23.08.1943 წელს" - მეგი სტემპენის ამ საჯარო პოსტით დაიწყო ყველაფერი", - იხსენებს ზოსიმე კილაძის შვილთაშვილი გიგა კილაძე:

- ბაბუაჩემი, გუგულა კილაძე, 5 წლის ყოფილა, როდესაც მამამისი ზოსიმე ომში წასულა. ზოსიმე თანასოფლელებს სამხედრო საქმეში ავარჯიშებდა. ამიტომ, როდესაც სოფელში ჩამოუვლიათ, აბა, ომში ვინ წამოხვალთო, ისე გაჰყოლია, ოჯახს არც გამომშვიდობებია. მეზობლისთვის დაუბარებია, შინ რომ მიხვალ, ჩემებს შეუარე და უთხარი, ომში წავიდაო. ბაბუა გულდაწყვეტილი ამბობს, რომ გაიგო, ქვეყანას სჭირდებოდა, ისე წავიდა, არც დაგვემშვიდობაო. დარჩნენ გუგულა და მისი და დედის ანაბარად. შვილების გამოსაკვებად ზოსიმეს მეუღლე ხან კენკრას კრეფდა და ყიდდა, ხან მიწას ამუშავებდა... მოკლედ, ოჯახის მარჩენლობა იტვირთა, გუგულამ და მისმა დამ კი - ერთმანეთის გამზრდელების. გუგულა ბაბუა იხსენებს, დედა ყოველდღე ელოდა მამას, სულ კარს შესცქეროდა, აგერ ახლა შემოაღებსო. მამასთან შეხვედრის იმედს არც შვილებს უკარგავდა, სიმწრით ხუმრობდა, ომში წასვლის წინ ისეთი გამოწკეპილი გავუშვი, კიტელში, როცა ჩამოვა, დახეული რომ ჰქონდეს, ჩემი ხელით მოვკლავო.

საოცარია, ერთი წერილიც არ მიუღია ზოსიმეს ოჯახს, არც ცნობა. კორბოულიდან ბევრი იყო ომში წასული, მათგან არაერთ ოჯახს მიუვიდა უგზო-უკვლოდ დაკარგვის ცნობა, ჩვენ - არაფერი.

მამამისის ფოტო ახლაც კედელზე აქვს გაკრული გუგულა ბაბუას. ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. როდესაც ჩვენს მეზობელს მეგი სტემპენის მიერ გავრცელებული ინფორმაციისთვის მოუკრავს თვალი, მაშინვე გვითხრა, ვიცანი, ნამდვილად ზოსიმე კილაძის შესახებ წერდაო. ვნახეთ და ყველა მონაცემი დაემთხვა. მერე გავიცანით მეგი და ოჯახში მოვიწვიეთ. ბაბუამ მეგი შვილიშვილივით მიიღო და უთხრა, როდესაც საქართველოში ჩამოხვალ, იცოდე, გუგულა ბაბუა აუცილებლად უნდა მოინახულოო.

ასე იპოვა 82 წლის გუგულა კილაძემ თავისი 36 წლის მამის, ზოსიმე კილაძის საფლავი ცაითჰაინის ტყვეთა სასაფლაოზე.

მივედით ზოსიმე კილაძის საფლავთან და ვუთხარით, რომ მისი გვარი გრძელდება: გუგულა ბაბუას 9 შვილი, 24 შვილიშვილი და 30 შვილთაშვილი ჰყავს.

ცაითჰაინის ტყვეთა ბანაკი

1941 წელს ცაითჰაინში გერმანელებმა ახალი ბანაკი შექმნეს, რომელსაც ახალი ტყვეების გამანაწილებლად იყენებდნენ. პირველი ტყვეთა ბარაკი აქ 1942 წელს აშენდა, მანამდე კი ტერიტორია მავთულხლართებით იყო შემოკავებული და ტყვეები ღია ცის ქვეშ ეყარნენ. 1942 წელს წელს ცაითჰაინის ტყვეთა ბანაკს სამთო-სამრეწველო საკითხებში ვერმახტის რეფერენტი კარლ შმიტი ეწვია და საბჭოთა ტყვეთა ახალი პარტიის გადარჩევა ფერადი ფოტოსესიით აისახა. გადარჩეულნი გერმანელების კონტროლირებად ბელგიის ქვანახშირის მომპოვებელ შახტებში უნდა გაენაწილებინათ. კარლ შმიტი პირადად წყვეტდა, ვინ გაეგზავნა ბელგიაში სამუშაოდ.

1941-დან 1945 წლის ჩათვლით ცაითჰაინის ტყვეთა ბანაკში 30 ათასამდე კაცი დაიღუპა. ის 1945 წლის 23 აპრილს გაათავისუფლეს. მემორიალი ამ ტერიტორიაზე 1977 წლიდან არსებობს.

სამკუთხა წერილები ფრონტიდან

"სალამი ჩემს გულიდან განუშორებელს, საყვარელ ნინას. მოგიკითხავ ძალიან დიდი მოწყენით და ძალიან მაგრა მაგრა მაგრა პირზე კოცნით - ისე კოცნით, რომლის დაწერა სიტყვებით ვერ მომიხერხებია. ჩემო გულიდან განუშორებელო ნინა, როგორ ხარ, როგორ სცხოვრობ, როგორ ატარებ თავისუფალ დროს, მუდამ წუთს მეინტერესება, რომ ვიცოდე... ძვირფასო და ძვირად სანახაო ნინა, მე გამოგიგზავნე სურათები, პატარები გულის ბროშკისთვის. მართალია ჯავრი მომდის შენზე, რამდენსა გწერ, ჩვენ რომ ერთად სურათი გადავიღეთ, ის გამომიგზავნე-მეთქი და არა ჰგზავნი... მწერე წერილები და რა გიჭირს, რა გაკლია, ან ხო არ გცივა. მოუარე შენს თავს. თუ როგორმე იშოვი ვალინკებს, იყიდე. ჩაიცოდე ჩემი ჩექმები. ტუფლები წითელი. ოღონდ ნუ შეიციებ, ოღონდ ნუ მოიმშიებ. იყავი კარგად, მოუწყენლად. გკოცნი ბევრს. მაგონდება ის საყვარელი საათები, როცა შენ თვალით გხედავდი, გკოცნიდი, მკოცნიდი და სიყვარულით მაინც ვერა ვძღებოდით. გწერს შენსკე მოწყენილი ლადო..."

"ჩემო ჭკვიანო ქეთუნია, მაქვს იმედი, რომ შენებურად ვაჟკაცურად გაუმკლავდები ყველა დაბრკოლებას. ხომ გაქვს გამოცდილება შვიდი-რვა წლის? ათი წლით არის ხალხი გადასახლებული და ოჯახი იტანს გაჭირვებას. შენც, ჩემო ოქრო გოგო, იყავი შვილების ერთგული, ნუ გაუჯავრდებიდა უფრო გაგიფრთხილდებიან. ღმერთმა თუ არ გაგვწირა, ყველაფერი კარგად იქნება... მე ახლა ფრონტზე ვარ უკრაინაში.ასე წავიდა, ჩემო საყვარელო ცოლ-შვილო, ჩემი საქმე. მაგრამ მიუხედავად ყოვლისა, იმიტომ, რომ კიდევ ვეღირსო თქვენს მოფერებას, თქვენს პატრონობას, როგორც ჰქვია, ისე ვარ, თუ ტყვიამ არ მიმსხვერპლა. ყველაფერს ავიტან თქვენთვის, ჩემი სულის სწორო ცოლ-შვილო. ცეცხლზე რომ დამდვან, არ შევუშინდები. ვარ ისეთ პირობებში, რაც კინოში გინახავს, მაგრამ არაფერია. ოღონდ თქვენს ნახვას ვეღირსო, ოღონდ თქვენთან მოვაღწიო და არ დავიშურებ არავითარ გამძლეობას".