"თუ წონიანი ჟურნალისტი ხარ, საზოგადოების აზრის შეცვლაც შეგიძლია" - კვირის პალიტრა

"თუ წონიანი ჟურნალისტი ხარ, საზოგადოების აზრის შეცვლაც შეგიძლია"

"უნდა ვაღიარო, შემილამაზებია, გადამიმეტებია, ფარულად ჩამიწერია, პირადი საუბარი გამომიყენებია, მაგრამ ტყუილი არასდროს დამიწერია"

"ჯერ კიდევ იმ ასაკში ავირჩიე ეს პროფესია, როცა კარგად არ მესმოდა, რა პასუხისმგებლობას ვიღებდი საკუთარ თავზე. უბრალოდ, მაინტერესებდა სელებრითების" ცხოვრება და მინდოდა, რაც შეიძლება მეტი გამეგო მათზე. მოგვიანებით ამიტომაც ავირჩიე ჩემი საქმიანობის სფეროდ კულტურა. თუმცა სოციალურ თემაზეც არაერთი სტატია დამიწერია", - ამბობს ჟურნალისტი ნინო მჭედლიშვილი, რომელიც 21 წელია, რაც თავის სფეროში წარმატებით საქმიანობს. ამ წლების განმავლობაში ბევრ პოპულარულ გამოცემაში უმუშავია.

- გუშინდელ დღესავით მახსოვს ჩემი პირველი ნაბიჯები, პირველი დიქტოფონი, პირველი შეგრძნება სტატიის ქვეშ ჩემი სახელისა და გვარის წაკითხვისას და პირველი ხელფასი...

- ეს საქმე რომ არ გიყვარდეს, ამ სფეროში საქმიანობა რთულია...

- ერთი ბოლოდროინდელი სტატია გამახსენდა, რომლითაც შემიძლია ვიამაყო. მართლაც საოცარი ძალა გვაქვს ჟურნალისტებს. ჩემი პუბლიკაციის საფუძველზე არასამთავრობოების დახმარებით ერთი ფეხმძიმე გოგონა გამოვიყვანეთ ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, რომელიც დედამ სრულიად ჯანმრთელი გამოამწყვდია მხოლოდ იმიტომ, რომ დისკომფორტს უქმნიდა. არ მავიწყდება იმ გოგონას ხმა, რომ დამირეკა და შველას ითხოვდა...

- ყველაზე მეტად რა მოგწონს შენს პროფესიაში?

- სათქმელის საზოგადოებამდე მიტანა რომ შემიძლია, მონაწილე ხარ პროცესების, რომლებიც შენს ქვეყანაშია, საზოგადოების აზრის შეცვლაც შეგიძლია, თუ"წონიანი ჟურნალისტი ხარ.

- ყველაზე რთული სიტუაცია, რომელიც მუშაობის დროს შეგქმნია. - დიქტოფონში ინტერვიუ ყველა ჟურნალისტს წაშლია ერთხელ მაინც. მახსოვს, გადაცემაში სტუმრად მყავდა მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური. კოტე ახალი გარდაცვლილი იყო. მძიმე თემებზე მოგვიწია საუბარმა. ჩაწერიდან მეორე დღეს მითხრეს, რომ "პეტლიჩკა", რომელიც მეკეთა, გამორთული ყოფილა და ჩემი შეკითხვები არ ისმოდა. იმავე დღეს ზუსტად იმ ტანსაცმლით, ვარცხნილობითა და"მეიქაფით თავიდან ჩავწერეთ ჩემი შეკითხვები. ძალიან რთული იყო ზუსტად იმ ხასიათის გამეორება, როცა წინ რესპონდენტი არ ზის, მაგრამ გამოვიდა, ვერავინ შენიშნა ეს ნიუანსი. მაშინ მივხვდი, რომ ჟურნალისტი გარკვეულწილად მსახიობიცაა.

- რა არის მთავარი შენთვის? - როგორც ჟურნალისტისთვის? საზოგადოების ინტერესი. ჩვენ ხომ მკითხველისთვის, მაყურებლისთვის ვმუშაობთ. მთავარია, ზუსტად მიხვდე როდის, რა და რა დოზით მიაწოდო მკითხველს.

- რას თვლი პროფესიის სასიამოვნო და უსიამოვნო მომენტებად? - ვგიჟდები მადლობის წერილებსა და ზარებზე. ამაზე დიდი ჰონორარი არ არსებობს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩემს რესპონდენტს, რომელთაც ერთხელ მაინც უთქვამთ, თუ როგორი კმაყოფილი დარჩნენ ჩემი სტატიით. უკმაყოფილო რესპონდენტებიც მყოლია. უნდა ვაღიარო, შემილამაზებია, გადამიმეტებია, ფარულად ჩამიწერია, პირადი საუბარი გამომიყენებია, მაგრამ ტყუილი არასდროს დამიწერია.

გამიმართლა და საუკეთესო გამოცემებში ვიმუშავე: "ახალ თაობაში", "გზაში", "რეიტინგში", "პრაიმტაიმში"... ყველამ დიდი გამოცდილება შემძინა და თითოეულს დღემდე ვგულშემატკივრობ. პატივს ვცემ ყველა ჩემს კოლეგას, იმიტომ, რომ ვიცი, რას ნიშნავს, როცა პირადი ცხოვრებისთვის ვერ იცლი, შვილისთვის ვერ პოულობ დროს, როცა სიზმარშიც შენი სიუჟეტის თუ სტატიის გმირებს ხედავ და დილით იმ შეგრძნებით იღვიძებ, სადმე ხომ არ დაგაგვიანდა... მაინც ძალიან მაგარია, სხვანაირი ცხოვრება ვერც წარმომიდგენია.

- ამერიკაში ხარ, მანდ რას საქმიანობ? - პირველად საქმიანი ვიზიტით ჩამოვედი - ქართული კულტურის ცენტრმა ამერიკაში და მისმა დამფუძნებელმა ვანო გოდერძიშვილმა მოგვიწვია ამერიკული თბილისობის გასაშუქებლად. ერთი კვირა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრებაზე დავფიქრებულიყავი (არა სამუდამოდ, რა თქმა უნდა). მეორე ვიზიტზე დარჩენა გადავწყვიტე. ცოტა ხნის წინ გავწევრდი აქაურ ჟურნალისტთა დამოუკიდებელ ფედერაციაში, რომელიც საშუალებას მაძლევს, დავესწრო უფასო ტრენინგებს, ავიმაღლო კვალიფიკაცია. ვთანამშრომლობ ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრთან - "ფესვები".