"ბედის ირონიით, რუსეთის პატარა უფლისწული ჰემოფილიამ კი არა, ბოლშევიკების ტყვიამ მოკლა" - კვირის პალიტრა

"ბედის ირონიით, რუსეთის პატარა უფლისწული ჰემოფილიამ კი არა, ბოლშევიკების ტყვიამ მოკლა"

რომანოვები ყველა სამედიცინო საშუალებას ყიდულობდნენ, რაც თანამედროვე მსოფლიოში არსებობდა. მათ ხომ შვილი ჰყავდათ განუკურნებელი სენით დაავადებული...

საბედნიეროდ, საქართველომ რუსეთის იმპერიის მემკვიდრე რუსეთთან კავშირი გაწყვიტა, თუმცაღა ის თავისი მონარქებიანად ჩვენი ისტორიის ნაწილად იქცა. და არა მხოლოდ - თავის დროზე ამ მონარქიის ბედმა მსოფლიო შეძრა, განსაკუთრებით კი ევროპის მონარქები, რომლებიც დახვრეტილი რუსეთის უფლისწულების სისხლით ნათესავებიც იყვნენ. რუსეთის უკანასკნელი დედოფალი ალექსანდრა ინგლისის დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილი გახლდათ. სწორედ ვიქტორიასგან მიიტანა მან რუსეთის იმპერიაში უმძიმესი სისხლის დაავადება - ჰემოფილია, რითაც ერთადერთი ვაჟი, ალექსეიც დაავადდა, ჰემოფილია ხომ დედისგან მხოლოდ ვაჟიშვილებს გადაეცემათ. სწორედ ამ ნათესაობის "ხათრით" დაესწრო რომანოვებისადმი მიძღვნილ გამოფენას ლონდონის ცენტრალურ მუზეუმში ინგლისელების რეკორდული რაოდენობა. გამოფენის სანახავად მისული ჩემი ლონდონელი მეგობარი ნანა თავართქილაძე რომანოვების სამკურნალო საშუალებებმა იმდენად გააოცა, რომ შთაბეჭდილება გამიზიარა.

- რიგი მთელი დღე იდგა, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთები ძვირი ღირდა... რომანოვები თურმე ყველა სამედიცინო საშუალებას ყიდულობდნენ, რაც მსოფლიოში არსებობდა. თუმცა არ მიკვირს, მათ შვილი ჰყავდათ განუკურნებელი სენით დაავადებული. რომანოვების ისტორიკოსები წერდნენ, პატარას რომ არ მოეწყინა, მთელი ოჯახი ასკეტურად ცხოვრობდა, სახლიდან არ გადიოდნენო.

გამოფენას ამდენი ხალხი დედოფალ ვიქტორიას გამოც მოაწყდა, რომელიც რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის მეუღლის დიდი ბებია იყო. ამ ქვეყანაში ვიქტორიას დიდ პატივს სცემენ. ის 64 წელი მართავდა დიდ ბრიტანეთს, სწორედ ამ პერიოდში მიაღწია ინგლისმა დიდ წარმატებას...

თუმცა, ალბათ, ვერც ერთი ადამიანი ბოლომდე ბედნიერი ვერ იქნება, "სანაცვლოდ" ის ბედმა იმით დასაჯა, რომ ჰემოფილიის მატარებელი იყო. ვიქტორიამ ეს დაავადება თავის ვაჟს, ალბერტს გადასცა, რომელიც 31 წლისა გარდაიცვალა. ვიქტორიას ქალიშვილებმა კი, ელისმა და ბეატრისმა, ჰემოფილია გერმანიის და ესპანეთის მონარქიებში გაავრცელეს. ბეატრისის ოთხი ვაჟიდან ორი ჰემოფილიით დაავადდა, ხოლო ქალიშვილმა, ვიქტორია-ევგენიამ, რომელიც ესპანეთის მეფეს გაჰყვა ცოლად, სამი ვაჟიდან ორი ჰემოფილიით დაავადებული გააჩინა. ამ ბავშვებს ესპანეთის მეფეც ისე დაჰკანკალებდა თავს, როგორც რუსეთის იმპერატორი თავის ავადმყოფ ვაჟიშვილს - ბიჭებს სპეციალური ბამბით გატენილი ტანსაცმელი შეუკერეს, რომ კანი არ გაეკაწრათ. თუმცა ბედის ირონიით, რუსეთის პატარა უფლისწული ამ დაავადებამ კი არა, ბოლშევიკების ტყვიამ მოკლა.

- რომანოვები რა სამედიცინო საშუალებებს იყენებდნენ სამკურნალოდ?

- ყველაფერს, რაც კი იმდროინდელ მედიცინაში არსებობდა: მათ შორის გინეკოლოგიურ იარაღებსა და რენტგენის აპარატს, რომელიც სულ ახალი შექმნილი იყო და, ალბათ, მხოლოდ რომანოვებს ჰქონდათ მთელ რუსეთში. გამოფენაზე ვნახე უამრავი შუშა სამედიცინო ფხვნილებისთვის, რომლებიც რუსეთის უკანასკნელ იმპერატორს სულ თან დაჰქონდა.

- იმპერატორებსაც აქვთ დარდი... ცუდია, როცა ადამიანს იმიტომ მოავლენს განგება, რომ ოჯახის დახოცვა საკუთარი თვალით ნახოს. - სხვათა შორის, გამოფენის ნახვის შემდეგ მეც ის ფიქრი ამედევნა, რომ გაცილებით ჯობს ღატაკი და ბედნიერი იყო, ვიდრე მდიდარი, ცნობილი, მაგრამ ბედისწერის მსხვერპლი.