"ყველას აქვს სიტყვის ხმამაღლა თქმის უფლება, მაგრამ მათ არა, ვინც ჯინაზე აკეთებს რაღაცას!" - რა იგეგმება 17 მაისს? - კვირის პალიტრა

"ყველას აქვს სიტყვის ხმამაღლა თქმის უფლება, მაგრამ მათ არა, ვინც ჯინაზე აკეთებს რაღაცას!" - რა იგეგმება 17 მაისს?

უკვე კარგა ხანია ქვეყანაში ვნებათაღელვა არ ცხრება 17 მაისთან დაკავშირებით... "ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ "ფეისბუკში" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ლგბტქი თემს შეეშინდა და დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა, თუმცა როგორც ირკვევა, ამგვარი ღონისძიება არც ჰქონიათ დაგეგმილი. მათი განმარტებით, "ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე პოლიტიკურმა და რელიგიურმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს და ლგბტქი ადამიანებისთვის ქუჩაში უსაფრთხო სივრცე აღარ დატოვეს". ისინი აცხადებენ, რომ მათი ღონისძიება ლგბტქ პრაიდი 18-23 ივნისს გაიმართება.

როგორც მოგეხსენებათ, 17 მაისს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად გალა-კონცერტის გამართვას გეგმავს. ვინაიდან ამ ღონისძიებაში მონაწილობაზე უარი ცნობილმა მომღერლებმა სხვადასხვა საბაბით განაცხადეს, მათ მიმართ აგრესიამ პიკს მიაღწია... შევეცადეთ გაგვერკვია რა ხდება სინამდვილეში და სასაუბროდ ყველა მხარეს დავუკავშირდით...

ნინო ბოლქვაძე, "თბილისი პრაიდის " ერთ-ერთი ორგანიზატორი:

- არ ვიცი, რატომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს "პრაიდი კვირეული" 17 მაისს იყო დაგეგმილი და ვიღაცების შიშით გადაიდო... ჯერ კიდევ შარშან დაიგეგმა, რომ პრაიდის კვირეული თბილისში 18-23 ივნისს გაიმართება - ივნისი მსოფლიოში ლგბტ სიამაყის თვეა… ასეა ეს და ვერ ვხვდები რატომ უნდა ცდილობდნენ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

მამა ანდრეა ჯღამაიძე, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი: - გალა-კონცერტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამე არ არის განსაზღვრული და ამიტომ არ ვაკეთებთ დამატებით განმარტებებს.

- რადგან 17 მაისს ლგბტქ თემი ღონისძიებას არ მართავას, ამიტომ შეიძლება ცვლილება იყოს?

- არა, ჩვენ არავის დავდევთ... ჩვენ ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად ვაკეთებთ ამ ღონისძიებას და არა ვიღაცასთან დასაპირისპირებლად! ქრისტიანული იდეა შეიძლება სხვა იდეას უპირისპირდებოდეს, მაგრამ ქრისტიანობა პიროვნულად არავის! გალა-კონცერტი შეიძლება სხვა ადგილზე ჩატარდეს, დრო დაკორექტირდეს და მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზეა ლაპარაკი.. კონცერტი კი აუცილებლად ჩატარდება!

მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ გალა-კონცერტში მონაწილოებაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ არ სურდა საზოგადოებაში დაპირისპირებისთვის შეეწყო ხელი. ახლა კი, აი, რა გვითხრა:

- 17 მაისს თუ მხოლოდ ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება, მაშინ დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ გალა-კონცერტში... ბუნებრივია, ამას მე ვერ შევთავაზებ, თვითონ თუ დამიკავშირდებიან და კიდევ აქვთ სურვილი ჩემი მიწვევის, არაფერი მოსარიდებელი არ არის! თუ აღარ აქვთ ის წყენა, რაც ხალხში, მე ვიტყოდი, უნამუსოდ გავრცელდა... ერთი პატარა ფეხის დაცდომა და იმ წუთას გადაგთელავენ!

- თქვენ ხომ არ თვლიდით, რომ ეს ფეხის დაცდომა იყო და კონცერტში მონაწილეობაზე უარი გააზრებულად თქვით...

- დიახ, რა თქმა უნდა! ყველაფერი გააზრებულად გადავწყვიტე და მაშინვე ცილი დამწამეს, სამშობლოს და პატრიარქს უღალატაო... შემეჯიბროს ყველა საქართველოს და პატრიარქის სიყვარულშიც, ასევე ოჯახის სიწმინდის მიმართულებით! მთელი ჩემი ცხოვრების წესით ვამტკიცებ, მგონი, ამ ყველაფერს! ამიტომ არავის მივცემ იმის უფლებას, ასე ერთი ხელის მოსმით გადამთელონ!

თურმე აღმოჩნდა, რომ სასულიერო პირებისგანაც ყოფილა ჩემზე თავდასხმა. მითხრეს, მათი არასწორი და არასამართლიანი გამონათქვამების შესახებ და ყველას ვთხოვ, თავიანთ ცხოვრებას მიხედონ განურჩევლად მრწამსისა... თქვენი მედიის საშუალებით მივმართავ საპატრიარქოს, 17 მაისს თუ მხოლოდ კონცერტი იქნება და საჭირო ვიქნები, დამიკავშირდნენ და ნებისმიერ დროს მზად ვარ მონაწილეობის მისაღებად!

მაქსიმალურად თავს ვარიდებ სოციალურ ქსელს, ამდენი ბოროტება და ცილისწამება რომ თავიდან ავიცილო! შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩემს პრესტიჟს და ღირსებას ვერაფერს დააკლებენ, რამდენიც უნდა, იმდენი წეროს უსინდისო ხალხმა!

ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი:

- ჩვენი მიპატიჟება ვერცერთმა მხარემ ვერ "გაბედა"... საპატრიარქო არ დაგვკავშირებია, თორემ აუცილებლად მივიღებდით გალა-კონცერტში მონაწილობას... ბოდიში ასეთი გამოთქმისთვის და ხომ ვერ შევეტენებით?! ოჯახის სიწმინდის საპატივცემულოდ გამართულ ღონისძიებაზე ბუნებრივია გვინდა მონაწილეობის მიღება! როცა ოჯახის სიწმინდეზეა საუბარი, დავიჩოქებ და ისე ვიმღერებ!

- ლგბტქი თემის ღონისძიების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ყველას აქვს სიტყვის ხმამაღლა თქმის უფლება, მაგრამ მათ არა, ვინც ჯინაზე აკეთებს რაღაცას! ასეთ დროს უფლება კი არა, უნდა გაროზგო და გააგდო! ჩემთვის ოჯახია სიწმინდე და მაგათთვის ოჯახი არ არსებობს, ან რად უნდათ?! არიქა გამოვალთო და რა? – ყველა მაგათნაირი უნდა გავხდეთ, თუ რა უნდათ? ჩემთვის კი ძალიან გვიანია, მაგრამ მაინც...

17 მაისთან დაკავშირებით ვკითხეთ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: "ყველა ადამიანს თავის არჩევანი აქვს და ვისაც როგორ სურს, ისე უნდა მოიქცეს".