როგორ "ზრუნავენ" აფხაზეთში ქართულ ტაძრებზე - კვირის პალიტრა

როგორ "ზრუნავენ" აფხაზეთში ქართულ ტაძრებზე

"სხვათა შორის, ვანდალური ფაქტები აფხაზმა საზოგადოებამ გააპროტესტა"

კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს 1990 წლის 4 მარტს მტკიცებისა და ეკლესიის მეთაურის საპატრიარქოს ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები გადასცა. ამ მნიშვნელოვანი ამბის აღსანიშნავად, კათოლიკოს-პატრიარქმა ისურვა აფხაზეთს სწვეოდა და იქ ლოცვა აღევლინა (უნეტარესი 80-იან წლებში აფხაზეთის ეპარქიაში მოღვაწეობდა).

1990 წლის 21 ნოემბერს პატრიარქმა სოხუმის საკათედრო ტაძარში ლოცვა აღავლინა. შემდეგ გალის, ოჩამჩირის, სოხუმის რაიონისა და გაგრის ზონის ყველა მშენებარე თუ მოქმედი ეკლესიის მონახულება, იოანე ოქროპირის სახელობის ახლად აღორძინებული კამანის ეკლესიის კურთხევა გადაწყვიტა, გიორგობა დღეს კი ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვა დაგეგმა. მოგვიანებით ბრიფინგზე განაცხადა: "ეპარქიის ყველა კუთხის დათვალიერებისას შევეცდებით გავარკვიოთ საკითხები და პრობლემები, რომლებიც ხელს გვიშლის მშვიდობისა და ძმური ურთიერთობის დამყარებაში. მინდა მთელი ძალისხმევა მოვახმარო სიტუაციის სტაბილიზაციას".

აფხაზეთში ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიებში წირვა-ლოცვა ოთხ ენაზე აღევლინებოდა: ქართულ, აფხაზურ, ბერძნულ და რუსულ ენებზე. მიუხედავად ამისა, მართლმადიდებელი ეკლესიის "შვილებმა" პატრიარქის ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე გაზეთ "სოვეტსკაია აბხაზიაში" (იმჟამად სეპარატისტული ორგანიზაციების იდეოლოგიის გამტარებელი გახლდათ) აფხაზი დედების სახელით გაავრცელეს განცხადება: "მაინც რა უნდა პატრიარქს აფხაზეთში, რატომ ისურვა მან სტუმრად სწვეოდა ამ მიწას?! ნამდვილად იმისთვის, რომ იქადაგოს, ეს მიწა მხოლოდ ქართველებისააო"...

ორი დღის შემდეგ პატრიარქის მცირე კორტეჟს ლიხნის გადასახვევთან აფხაზებმა გზა გადაუკეტეს. ორი ან სამი ათასი კაცი იქნებოდა, მათ შორის, ქალებიც. ერთ-ერთი მრავალათასიანი მიტინგი სოხუმში სწორედ ამ თავხედურ გამოხდომას მოჰყვა, აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიამ კი მიტროპოლიტ დავითის განცხადება ეთერში არ გაუშვა... ისე გამოვიდა, რომ ილია II პირველი ქართველი აღმოჩნდა, რომელიც აფხაზებმა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში არ შეუშვეს... მხოლოდ ისღა შეგვიძლია, რომ შორიდან დავაკვირდეთ, როგორ ანადგურებენ რუსები ჩვენს სიწმინდეებს.

ირაკლი გელენავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი:

- 2015 წელს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური შეიქმნა. უმოქმედობა აღარ შეიძლებოდა, დაგვიანებულიც იყო. ჩვენმა სამსახურმა ოკუპირებულ აფხაზეთში ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობების აღნუსხვა დაიწყო, გამოიცა რუკა, რომელზეც დატანილია 178 ნაგებობა მათი ამჟამინდელი მდგომარეობის მითითებით. შეიქმნა ონლაინრუკაც...

1993 წლიდან აფხაზეთის არც ერთ ისტორიულ ნაგებობას არ მინიჭებია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ამიტომ მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე, 21 ნაგებობას მიენიჭა ეს სტატუსი. სულ აფხაზეთის ტერიტორიაზე აღნუსხული 178 ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობიდან 123-ს მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მათგან ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს 33-ს.

ჩვენი მოქმედების პარალელურად, დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს ისტორიული ნაშთების ავთენტურობის შეცვლასა და განადგურებას. ამის მაგალითია ბედიის ტაძარი, სეპარატისტებმა მონასტრის კედლები და ფრესკები, გაერთიანებული ქართული სამეფოს პირველი მეფის, ბედიის სამონასტრო კომპლექსის აღმშენებელ ბაგრატ III-ის გამოსახულება თეთრად გადაღებეს. ახლა ამ ტაძარში აკურთხებს სეპარატისტების ცეცხლსასროლ იარაღს აფხაზეთის ეკლესიის თვითგამოცხადებული მეთაური. დე–ფაქტო ყოფილ პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას ეკუთვნის სიტყვები: "მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მონასტერს"ბარბაროსებისგან (ე.ი. ქართველებისგან) იცავდნენ".

ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაც თეთრად არის გადაღებილი. სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა მას რუსული გუმბათი დაადგეს, აღმოსავლეთის მხარეს ამოკვეთილი ქართული წარწერები გადაღებეს, ეკლესიის კედლები დახვრიტეს და კონდიციონერები დაამონტაჟეს. რაც შეეხება ტაძრის მთავარ სივრცეს, ჩვენი ინფორმაციით, არ შეუცვლიათ.

გადაღებილია VI-VIII საუკუნეების დრანდის ტაძარიც, "რესტავრაციას" შეეწირა ტაძრის VII საუკუნით დათარიღებული უნიკალური სანათლავი ემბაზი.

ლიხნი კი ისეთ დღეშია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო კულტურისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროც შეშფოთებულია. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ლიხნის ტაძარში თვითნებურად დაიწყეს ეკლესიისთვის შენობა-ნაგებობების მიშენება. მთლიანად დარღვეულია ამ სივრცის კომპოზიცია და როგორც ვიცით, დროებით შეჩერებულია "სარესტავრაციო" სამუშაოები...

დანგრევის პირასაა გუდაუთის რაიონის სოფელ ამბარის ეკლესიაც ( VII-VIII IIIსს.) და საჭიროებს სასწრაფო საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

2007 წელს დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ ბიჭვინთის ტაძარზეც "იზრუნა". ჩვენი ინფორმაციით, ამჟამადაც გრძელდება არქეოლოგიური გამოკვლევები და არც რესტავრაციაა დასრულებული.

ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული იმ ძეგლებისა, რომლებსაც ვანდალურად მოექცნენ.

საქართველოს ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა და საპატრიარქომ არაერთგზის მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკოსა და სხვა ორგანიზაციებს, სათანადოდ შეეფასებინათ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედება და მოეხდინათ რეაგირება... განცხადებები დარჩა განცხადებებად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი გრძელდება ისტორიული ნაგებობების დამახინჯება-განადგურება.

- როგორც ამბობენ, აფხაზეთში სასაფლაოებიც არ დაინდვეს. - ეს წებელდის (გულრიფშის რ-ნი) არქიტექტურული კომპლექსის სიახლოვეს მდებარე ეკლესიასთან მოხდა, რომლის გარშემო პოლონელთა სასაფლაო იყო. 2011 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს ტერიტორია რუსეთის სასაზღვრო სამსახურს გადასცა პოლიგონისთვის.

რუსმა სამხედროებმა ეკლესიის ნანგრევები და სასაფლაო ბულდოზერებით მოასწორეს, ეკლესიის კედლების ნაწილები და გალავანი 100 მეტრზე გაათრიეს და გაფანტეს, რის შედეგადაც დაიკარგა შუა საუკუნეების ტაძრის ნაშთები. ასეთივე ბედი ეწია ადამიანთა ნეშტებსაც.

ამის გამო გამოიძახეს თვითგამოცხადებული აფხაზეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, მათივე დასკვნით, ეკლესია ისეა დაზიანებული, რომ მისი აღდგენა თავდაპირველი სახით წარმოუდგენელია.

- როგორ ფიქრობთ, საფლავების შეურაცხყოფა შეიძლებოდა მოსწონებოდათ აფხაზებს? - სხვათა შორის, მსგავსი ფაქტები აფხაზმა საზოგადოებამ გააპროტესტა. შესაძლოა აფხაზი საზოგადოების ნაწილი და ხელისუფლების ზოგიერთი წევრი ხვდებიან, რომ რუსეთმა ისინი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა, რომ ვითარებას აფხაზეთში რუსეთი აკონტროლებს და მათ ინტერესებს სულ უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა, მაგრამ არ გააჩნიათ ძალა რაიმეს შესაცვლელად.

ჩვენ იმისთვისაც მზად ვართ, რომ აფხაზი სპეციალისტები მოვამზადოთ, რათა ძეგლების რესტავრაცია კვალიფიციურად ჩატარდეს, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ განხილვის თემაა, ამასობაში კი კულტურული მემკვიდრეობა გვეკარგება. ვანდალური ფაქტების შეჩერება საქართველოს მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით შეუძლია, უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ფორმატები, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებები...

დეა ცუცქირიძე