მარსზე დასამკვიდრებლად შესაძლოა, ადამიანის დნმ-ი შეცვალონ(?!) - კვირის პალიტრა

მარსზე დასამკვიდრებლად შესაძლოა, ადამიანის დნმ-ი შეცვალონ(?!)

"კვირის პალიტრა" აგრძელებს ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლს ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამშრომელ დალი უბილავა-დე გრააფთან. რამდენად შესაძლებელია ადამიანის დნმ-ის მარსის პირობებისთვის რედაქტირება? - ეს კითხვა დღეს მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების თავსატეხია. დასაშვებია თუ არა ადამიანის გენების ცვლილება და რამდენად მიზანშეწონილია ეს ქმედება - ამ და სხვა საინტერესო თემებზე იმსჯელეს ნიდერლანდების ქალაქ ლეიდენში გამართულ სიმპოზიუმზე, რომელსაც დალი უბილავა-დე გრააფიც ესწრებოდა, ახლა კი "კვირის პალიტრას" სწორედ ამ მიმართულების კვლევაზე უამბობს.

ადამიანის დნმ-ის რედაქტირება მარსისთვის...

- მომავალი წლის შემოდგომაზე ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) როსკოსმოსთან ერთად მარსზე "ეგზომარსის" მეორე ნაწილის ფარგლებში რობოტს, სახელად "როზალინდს" უშვებს. "ეგზომარსის" უმთავრესი მიმართულებაა მარსის ბიოლოგიის/ეგზობიოლოგიის შესწავლა. უნიკალურ რობოტს, რამდენიმე თვის წინ გამოცხადებული კონკურსის შედეგად, ეწოდა როზალინდ ფრანკლინის სახელი, უდიდესი ინგლისელი მეცნიერის, როზალინდ ფრანკლინის (1920-1958) პატივსაცემად. სწორედ მან აღმოაჩინა ადამიანის დნმ-ის სტრუქტურა. ევროპის წამყვანი მეცნიერები, მათ შორის ბიოლოგები, ემზადებიან მარსის ნიადაგის სიღრმეში არსებული ე.წ. ბიომარკერების შესასწავლად. სწორედ ამ თემას მიეძღვნა სიმპოზიუმი სახელწოდებით "შესაძლებელია ადამიანის დნმ-ის კონფიგურაცია მარსის პირობებისთვის?!"

ადამიანის სხეული ევოლუციურად შექმნილია დედამიწის პირობებისთვის, დნმ კოდს ქმნიან საშენი მასალები, ანუ ე.წ. ასოები. ყველა ჩვენგანს, დაახლოებით 99,9%-ს, ეს საშენი მასალა (ანუ 6 მილიარდი ასო) ერთნაირი გვაქვს, მხოლოდ დაახლოებით 0,1%-ს კი - განსხვავებული (4 მილიონი ასო). სწორედ ამ 4 მილიონიდან თუნდაც ერთი ასოს განსხვავება განსაზღვრავს ადამიანის უნიკალურობას, გამორჩეულობას სხვა დანარჩენებისგან. სიმპოზიუმზე საუბარი იყო, თუ რომელი ასოების შეცვლა/ჩანაცვლება, მანიპულაცია, ანუ რედაქტირება მოუწევთ მეცნიერებს მარსის ექსტრემალურ პირობებს მორგებული ადამიანების "გამოსაყვანად", ადამიანებისა, რომლებიც შეძლებდნენ მათთვის სრულიად ახალ, ექსტრემალურ გარემოში ადაპტირებას და გაუძლებდნენ 2,5-ჯერ ნაკლებ გრავიტაციას, 170-ჯერ დაბალ წნევას, 300-ჯერ მაღალ რადიაციას და ა.შ.

მსგავსი კვლევებისთვის უკვე არსებობს რევოლუციური გენეტიკური მანიპულირების ტექნიკა CRISPR-CAS-ის სახელწოდებით. მეცნიერების უმრავლესობა ინდივიდის გენების რედაქტირების წინააღმდეგია, თუმცა კოსმოსის ათვისების შემთხვევაში ეს შეიძლება აუცილებელიც გახდეს. მუდმივი ფიქრი, სიფრთხილე და ორჭოფობა, რამდენად ეთიკურია ასეთი ხელოვნური ჩარევა ინდივიდის დნმ-ის განსაზღვრაში, მეცნიერებისთვის დილემად რჩება.

სასწორის ერთ მხარეს საკითხისადმი მეცნიერული მიდგომა და ამის აუცილებლობის ალბათობაა, მეორე მხარეს კი - კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ეთიკური მხარეა. სასწორის რომელი მხარე გადაწონის? ეს არის სწორედ დილემა მეცნიერებისთვის, რომლის დამკვეთი თანამედროვე საზოგადოებაა. ჩვენი გადასაწყვეტია, წინ მივდივართ თუ ადგილზე ვჩერდებით! ერთი კი ცხადია, უკან ვერ დავბრუნდებით! ამ თემის აუცილებლობას კი კოსმოსის ათვისების საქმეში ისევ და ისევ დიდი პოლიტიკა განსაზღვრავს... ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ყველა ერთად ჩვენს საერთო სახლს სამყაროში - უნიკალურ, ცისფერ წერტილს, სახელად დედამიწა. უკიდეგანო და ჩუმ სამყაროში ის ერთადერთი ცოცხალი და ყველაზე ხმაურიანი ნანო-წერტილია...

ახლა ძალიან მოკლედ CRISPR-CAS-ზე. მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის დნმ-ში იმ კონკრეტული ფრაგმენტის ამოჭრა, რაც ნიშნავს ამ ჩანასახისგან გაჩენილი ადამიანის, მაგალითად, ჯანმრთელობის პრევენციას ამა თუ იმ დაავადებისა თუ ვირუსისგან. პირიქითაც შეიძლება, ანუ რაღაც კონკრეტული თავისებურების შეტანა მომავალი პიროვნების დნმ-ში (ნიჭი და ტალანტი არ იგულისხმება მრავალი ფაქტორის გამო...).

"კოსმოსური გენი" და ექსპერიმენტი ტყუპ ძმაზე

ადამიანის დნმ-ზე კოსმოსის გავლენის შესასწავლად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კვლევები წლებია მიმდინარეობს. მათ შორის გამორჩეულია კვლევა ნასას ასტრონავტ სკოტ კელიზე. ის ერთადერთი ამერიკელი ასტრონავტია, რომელმაც თითქმის მთელი წელი დაყო კოსმოსურ სადგურზე და თავი მიუძღვნა კვლევებსა და ექსპერიმენტებს სწორედ დნმ-ზე. მეცნიერები აკვირდებოდნენ ტყუპ ასტრონავტ ძმას: კოსმოსურ სადგურზე სკოტს და დედამიწაზე - მარკს, რომელიც ზუსტად იმავე გენების მატარებელი იყო. აღმოჩნდა, რომ სკოტის დნმ კოსმოსში 7%-ით შეიცვალა, მის დნმ-ში დაფიქსირდა ძვლოვანი სისტემის განსხვავებული სიმკვრივე, საჭმლის მომნელებელი სისტემის სრულიად სხვანაირად ფუნქციონირება, სიმაღლეში ზრდა, ნაოჭების სიმცირე და კიდევ მრავალი სხვა განსხვავებული მონაცემი. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის კოსმოსში მოხვედრის შემდეგ აქტიურდება ერთგვარი "კოსმოსური გენი" და ზოგადად, როგორც ჩანს, ექსტრემალურ პირობებში ადამიანის დნმ გარკვეულ ცვლილებას/ადაპტირებას განიცდის...

დედამიწელების კანონები კოსმოსისთვის

ერთი შეხედვით წარმოუდგენლად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ კოსმოსს იურისტები და ადვოკატები ჰყავს, კანონები კოსმოსის ათვისებისა და ოპერირების მიმართულებით დიდ მასშტაბებზეა დარეგულირებული და ეს სამუშაოები გრძელდება. აპრილში ლეიდენის უნივერსიტეტში გამართულ კონგრესზე მთავარი თემაც დედამიწელების მიერ უკვე შექმნილ თუ მომავალში შესაქმნელ კანონებს მიეძღვნა. დასავლეთ ევროპის წამყვანი ქვეყნების იურისტები, პროფესორები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან განიხილავდნენ უკვე შეთანხმებულ და სასწრაფოდ შესაქმნელ საერთაშორისო წესებს და რეგულაციებს ჯერჯერობით აუთვისებელ ციურ სხეულებზე: არა მხოლოდ მთვარის და მარსის მიმართ ეკონომიკურ და ბიზნესინტერესებს და მათი შესაძლო გადანაწილების იურიდიულ ასპექტებს, არამედ მზის სისტემაში მოხეტიალე ათასობით ასტეროიდიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების იურიდიულ მხარეებსაც. ამ პროცესში უკვე აქტიურად არის ჩართული არა მხოლოდ მსოფლიოს 6 წამყვანი კოსმოსური ძალაუფლება, არამედ ცალკეული ქვეყნებიც - ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, ისრაელი, სამხრეთი კორეა, კატარი და ეგვიპტეც კი, ასევე აზიისა და არაბული სამყაროს კიდევ რამდენიმე ქვეყანა. კარგი იქნება, თუ საქართველოც დროულად ჩაერთვება ამ პროცესებში. ვფიქრობ, ჩვენთვისაც აუცილებელია ამ მიმართულებით ინიციატივები, მუშაობა, ინვესტიციები, სხვა ქვეყნებთან შეამხანაგება და ჩვენი სამომავლო განვითარებისთვის კოსმოსურ პროგრამებში მონაწილეობა. კაცობრიობა დიდწილად სწორედ კოსმოსური მეცნიერების განვითარებას უმადლის ყოველდღიურ კომფორტს თუ მეცნიერების სხვადასხვა დარგის მიღწევებს.

შავი ხვრელები არსებობს

ალბერტ აინშტაინის წინასწარმეტყველებიდან 100 წლის შემდეგ, 2019 წლის 10 აპრილს, ერთდროულად მსოფლიოს 6 ქალაქში: ვაშინგტონში, ბრიუსელში, სანტიაგოში, შანხაიში, ტაიბეისა და ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე მეცნიერებაში რევოლუციური მნიშვნელობის აღმოჩენა მოხდა - ასტროფიზიკოსების უდიდესი მიღწევის პრემიერა-პრეზენტაცია: "შავი ხვრელები არსებობს!"

შავი ხვრელი, ძალიან მარტივი ენით, არის კოსმოსისთვის მიღებული საზომებით მცირე მოცულობის მატერია, ექსტრემალურად დიდი სიძლიერის მიზიდულობის ძალით, ანუ გრავიტაციით, გალაქტიკის ცენტრში, რომელიც ისრუტავს და უკვალოდ შთანთქავს ყველაფერს: სინათლეს, მატერიას, ვარსკვლავებს, პლანეტებს, ყველაფერს, რაც კი მას მიუახლოვდება. სინათლეც კი (თავისი სიჩქარით) უძლურია თავი დააღწიოს შავი ხვრელის მიზიდულობას. ამ კვლევაზე მსოფლიოს 18 ქვეყნის 200-ზე მეტი მეცნიერის მრავალწლიანი შრომა და 11-ნიშნა ბიუჯეტია ინვესტირებული.

მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში (აშშ-ში, არიზონასა და ჰავაიზე, საფრანგეთში, ესპანეთში, მექსიკაში, ჩილესა და სამხრეთ პოლუსზე) განთავსებულია 8 უზარმაზარი უზუსტესი რადიოტელესკოპი. ამ ტელესკოპების ინფორმაცია, სინქრონიზებული მათზე განლაგებული ატომური საათებით, შეჯერდა ერთ ვირტუალურ ტელესკოპში (EHT - Event Horizon Telescope). უფრო მარტივად, ვირტუალური ტელესკოპის სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ დაახლოებით დედამიწისხელა ტელესკოპი, რომლითაც, მაგალითად, მთვარეზე დაგორებული ვაშლის დანახვა-შესწავლაც შესაძლებელია.

შავი ხვრელი არის დედამიწიდან დაახლოებით 52 მილიონი სინათლის წელიწადით დაშორებული ქალწულის თანავარსკვლავედის ცენტრში (გალაქტიკა M87) არსებული სუპერმასიური (ანუ მზის მასაზე დაახლოებით 6-მილიარდჯერ მძიმე) ხვრელი, რომელიც ამ გალაქტიკის ცენტრია. რა სიჩქარით განვითარდება მეცნიერება და ჩვენი ცოდნა სამყაროზე უახლოეს მომავალში, არავინ იცის, დღეისათვის კი ეს ცოდნა 3-4%-ია. თუმცა, სავარაუდოდ, მალე თანამედროვე კაცობრიობა თვითმხილველი ვიქნებით ფანტასტიკურ ფილმებში ნანახი ზოგიერთი მეცნიერული ტექნოლოგიისა.

ევროკომისია კიდევ უფრო ზრდის შავი ხვრელის კვლევებისთვის საჭირო ბიუჯეტს და გეგმავს სრულიად ახალი ტელესკოპის, მილიმეტრონის განთავსებას აფრიკაში, რაც პროცესებს კიდევ უფრო დააჩქარებს. სახელის შერჩევის კონკურსში უკვე გაიმარჯვა ჰავაის უნივერსიტეტის ენათმეცნიერმა, პროფესორმა ლარი კიმურამ და ამ შავ ხვრელს დაერქვა პოუეჰი (Powehi) ჰავაიური მითოლოგიიდან (პო - უსასრულო სიცარიელე, უეჰი კი სახელის აღმატებითი ფორმაა).

მზე კი თავისი გზით აგრძელებს მოძრაობას შავი ხვრელის გარშემო, მზესთან ერთად - ჩვენც. ამ უსასრულობაში, სადღაც მტვრის ნაწილაკისხელა პლანეტაზე, 1 ნანომეტრისხელა (ნანომეტრი სანტიმეტრის მემილიონედი ნაწილია) საქართველოში მეტად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს დედამიწას, ქვეყანასა და ერთმანეთსაც.

იხილეთ ასევე: "კაცობრიობას მუდმივად ემუქრება განადგურების საფრთხე, ამიტომ..." - რა იყო რეიგან-გორბაჩოვის ერთობლივი კოსმოსური პროექტი?