რატომ არ გადაარქვეს სახელი მოსკოვის პროსპექტს - კვირის პალიტრა

რატომ არ გადაარქვეს სახელი მოსკოვის პროსპექტს

ტოლენჯის, ხიზაბავარის, მულღაზანზარის, მელიქ-სურხავის, მალის, ტყეკულტურის და ბევრი სხვა ქუჩის სახელწოდებები დედაქალაქში იმდენად უცნაურად ჟღერს, რომ გამუდმებით ჩნდება კითხვა: რას აკეთებს საკრებულოს სახელდებისა და წოდებების მინიჭების სამსახური?! თუმცა ამასთან ერთი უცნაური გარემოებაც იკვეთება: ბევრი ქუჩის სახელს, განსაკუთრებით რეგიონებში, მოსახლეობა ისეა "ჩაბღაუჭებული", რომ გამოცვლის გაგონებაც არ უნდა.

თინათინ ნიბლოშვილი, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე:

- ისეთი ქუჩები, რომლებიც საზოგადოების ნაწილს, ასე ვთქვათ, უცნაურად მიაჩნია, ბევრ ქვეყანაშია. ხშირად სახელწოდებები დაკავშირებულია ისტორიასა და რაიმეთი მნიშვნელოვან ადგილთან. მაგალითად, ატენის ან ვერცხლის ქუჩებს სახელწოდების გამოცვლა არ ესაჭიროება, მათ სახელებში უბნის წარსულია თავმოყრილი.

- ოჟოიას, ხიზაბავარის, ტოლენჯის ან სხვა მსგავს ქუჩებზე რას იტყვით, რომელთა სახელწოდებები მცხოვრებთ არაფერს ეუბნება? - ქუჩის სახელწოდების გამოცვლის მოთხოვნით მოსახლეობას შეუძლია განცხადებითა და ხელმოწერებით მიმართოს საკრებულოს. არსებობს აგრეთვე ქუჩის მცხოვრებთა პეტიცია, რომელიც ასაბუთებს ქუჩის სახელის ცვლილების აუცილებლობას. თუკი ამ ქუჩების მცხოვრებთა მომართვა იქნება, საკითხზე მსჯელობა დაიწყება. ზოგიერთ შემთხვევაში ქუჩების სახელებს თავად საკრებულო ცვლის. ასე შეიცვალა ოკუპაციასთან დაკავშირებული ქუჩების სახელწოდებები. მაგალითად, საკრებულოს კომისიამ შეცვალა "9 ძმის" ქუჩის სახელწოდება, რომელზეც მოსახლეობა გვედავებოდა, 9 ძმა ხერხეულიძის სახელს რომ ცვლით, უკეთესი რა უნდა დაარქვათ ამ ქუჩასო! არადა, ეს ქუჩა ეროვნებით აზერბაიჯანელი ცხრა ბოლშევიკი ძმის სახელობის გახლდათ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის ოკუპაციაში.

- მოსკოვის პროსპექტის სახელწოდების შეცვლა რატომ გაჭირდა? - სახელწოდების შეცვლაზე უარი თქვა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. ზოგჯერ ხალხი ძალიან განიცდის "თანშეზრდილი ისტორიის" დათმობას. ეს ფაქიზი საკითხია და საკრებულო ცდილობს, თუკი აუცილებლობას არ წარმოადგენს, ქუჩის სახელი არ შეცვალოს. შედარებით ახალდარქმეული ქუჩის სახელის გადარქმევა ბევრად ღრმა მიდგომას მოითხოვს, ვიდრე ძველი ქუჩისთვის სახელის გადარქმევაა. მაგალითად, იბრაჰიმ ისპასჰანლის ქუჩას ორთაჭალაში სახელი ბოლო წლებში დაარქვეს, ეს ქუჩა აქ დაბადებული და მოღვაწე აზერბაიჯანელი მსახიობის სახელს ატარებს, რომელსაც საქართველოს სახალხო არტისტის წოდება ჰქონდა მინიჭებული.

- წინა მოწვევის საკრებულოს კომისიამ დიდი დიღმის ქუჩებს "ვეფხისტყაოსნის" სახელები მიანიჭა. გასაგებია, რომ ქუჩას ტარიელის ან ავთანდილის სახელები დაერქვა, მაგრამ, ცოტა უხერხულია, როცა ამბობ, მულღაზანზარის ან მელიქ-სურხავის ქუჩაზე ვცხოვრობო. - დიდი დიღმისთვის ასეთი სახელების დარქმევა წინა საკრებულოს მიერ "ვეფხისტყაოსნის" გაცოცხლებით იყო ნაკარნახევი. როგორც ჩანს, არც ხალხია წინააღმდეგი, რომ მათ ქუჩას ეს სახელები ერქვას, თორემ ხომ მიმართავდა სახელმწიფოს...

როდესაც ვუკავშირდებით მოსახლეობას და ვეუბნებით, რომ ქუჩის სახელწოდების შეცვლის გამო უნდა შევხვდეთ, არავინ მოდის, მერე კი უკმაყოფილო არიან. თუმცა ისეთი ხალხიც არსებობს, ქუჩების სახელების შეცვლას რომ გვთხოვენ. მაგალითად, სამგორის დასახლებაში ერთ-ერთ ქუჩის მობინადრეებმა გვთხოვეს ჩვენს ქუჩას იების ქუჩა დაერქვას, რადგან გაზაფხულზე აქ უამრავი ია ხარობსო. ასე რომ, ქუჩას იების სახელი მივანიჭეთ. არის მომენტები, როდესაც ტრადიციასა და აუცილებლობას ერთდროულად უნდა გაუწიო ანგარიში. მაგალითად, როდესაც ვაარსებთ თბილისში ბუენოს-აირესის პარკს, ზუსტად იმავე დროს ბუენოს-აირესში რომელიღაც პარკს თბილისის სახელი ენიჭება. თბილისს ოცი დაძმობილებული ქალაქი ჰყავს, მათ შორის სახელწოდებების მინიჭების საქმეშიც.