"ბავშვები იმ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს ეზიარებიან, რომლებიც საუკუნეებს ითვლის" - კვირის პალიტრა

"ბავშვები იმ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს ეზიარებიან, რომლებიც საუკუნეებს ითვლის"

სკოლებში ქართული ფოლკლორისა და საგალობლების სწავლების შემოღების ინიციატივა საქართველოს პატრიარქს ეკუთვნის

მალე ქართულ საჯარო სკოლებში ახალი საგანი - ქართული ფოლკლორისა და საგალობლების სწავლება დაიწყება. ინიციატივა საქართველოს პატრიარქს ეკუთვნის. "ლაპარაკია მხოლოდ ნებაყოფლობით და არა ძალდატანებით სწავლებაზე. ჩვენი საოცარი პოლიფონია მსოფლიომ აღიარა და ჩვენმა ახალგაზრდობამ არ უნდა იცოდეს, რა საგანძური გვაქვს? ახლა მიმდინარეობს მუშაობა, თუ როგორ და რა ფორმით შევიდეს ეს საგანი სკოლებში", - ამბობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.

- 2015 წლიდან საქართველოს რეგიონებში სალოტბარო სკოლები გავხსენით. სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები გიორგი მთაწმინდელის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში პროფესიონალურად ეუფლებიან მუსიკას და თავიანთ რეგიონებში ბრუნდებიან. საქართველოს მასშტაბით 70 ლოტბარი-მასწავლებელი გვყავს დასაქმებული და 80% სალოტბარო სკოლაგამოვლილია. არის ასევე მოქმედი კერძო სკოლები, სადაც ქართული ფოლკლორისა და საგალობლების სწავლება ფასიანია.

- ალბათ, ყველგან არ იქნება შესაძლებელი ამის განხორციელება... - განათლებისა და სპორტის სამინისტროში შეიქმნება კომისია და ყველასთვის მისაღებ პროგრამას შევიმუშავებთ. სავარაუდოდ, სექტემბრიდან საპილოტე პროგრამით რამდენიმე სკოლაში დავიწყებთ საგნის სწავლებას. მასწავლებლები, ძირითადად, გიორგი მთაწმინდელის სახელობის ქართული სიმღერისა და გალობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები იქნებიან, ასევე, ბევრი გამოცდილი ლოტბარი.

მოსწავლეები ხალხურ სიმღერასთან ერთად გალობასაც შეისწავლიან. საგალობლებს ბავშვები ისევე ისწავლიან, როგორც, მაგალითად, ბახის მუსიკას ასწავლიან გერმანიაში და მსურველებს შორის შეიძლება იყოს მუსლიმანიც, ბუდისტიც, კათოლიკეც... 10 ათასზე მეტი საგალობელი გვაქვს, პროგრამაში შევა ისეთი ცნობილი საგალობლები, როგორიცაა "შენ ხარ ვენახი", "წმინდაო ღმერთო" და სხვ.

- რითია მნიშვნელოვანი ქართული ფოლკლორისა და საგალობლების საგნის შეტანა სკოლაში, რა სიკეთის მოტანა შეუძლია მოზარდისთვის? - ეს სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ბავშვები იმ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს ეზიარებიან, რომლებიც საუკუნეებს ითვლის. ბავშვებს ეცოდინებათ, რა კულტურის პატრონი ვართ. ამ სიმღერების ცოდნა მათ გამოადგებათ ცხოვრებაში.

ის გუნდურობის ჩამოყალიბების ფაქტორიცაა, მოზარდები სწავლობენ თანატოლებთან ურთიერთობას, სხვების პატივისცემას, მეგობრობას, ეს პოზიტიურად აისახება ადამიანის ხასიათსა და სულიერებაზე.

- როგორ ფიქრობთ, წარმატებული იქნება ეს პროექტი? - საქართველოში არ მეგულება ადამიანი, ბავშვს თუ მონაცემები აქვს, ქართულ სიმღერაზე უარი თქვას, თანაც მაშინ, როცა სწავლა უფასოა. ეს ბავშვებს განვითარებაში შეუწყობს ხელს, სხვა თუ არაფერი, კარგი მსმენელები მაინც ხომ დადგებიან.