როგორ უნდა მოიქცნენ ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეები განგაშის სიგნალის ჩართვისას - საქართველოს საელჩო ინსტრუქციას აქვეყნებს - კვირის პალიტრა

როგორ უნდა მოიქცნენ ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეები განგაშის სიგნალის ჩართვისას - საქართველოს საელჩო ინსტრუქციას აქვეყნებს

საქართველოს საელჩო ისრაელში ამ ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის, განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში, მოქმედების ინსტრუქციას აქვეყნებს. მოქმედების ინსტრუქციას "ინტერპრესნიუსი“ უცვლელად თავაზობთ.

"სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები, რაც დამოკიდებულია თქვენ ადგილმდებარეობაზე, კერძოდ: შენობაში - უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები.

შენობის გარეთ ყოფნისას - შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები.

ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთხელები.

სამ ან მეტსართულიან შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი)უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ.

სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ.

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება.

სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვავში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა.

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ვებ-გვერდი: www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან შემდეგ ტელეფონზე: 104“, - აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩოში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: +97236093206, +972526919092.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს“ ისრაელში საქართველოს კონსულმა ალეკო ჯიშკარიანმა განუცხადა, ამ დროისთვის საქართველოს მოქლაქეთა დაშავების შესახებ ინფორმაცია ქართულ დიპლომატიურ უწყებას არ მიუღია. კონსული განმარტავს, რომ საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია შესაბამის სამსახურებთან.

იხილეთ ასევე: უკიდურესი დაძაბულობა ისრაელში, რა მდგომარეობაში არიან საქართველოს მოქალაქეები - რას ამბობს საქართველოს კონსული ისრაელში?