უკვე ველოდებით... - კვირის პალიტრა

უკვე ველოდებით...

"50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" საერთაშორისო პროექტია, რომელიც არაერთხელ განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სოციოლოგიური კვლევებითა და გამოკითხვებით ყალიბდება სია, რომელიც კონკრეტული პერიოდის მკითხველთა გემოვნებასა და წიგნიერებას ასახავს.

პროექტის თანახმად, გამოკითხვები 10-15 წელიწადში ერთხელ ტარდება, რათა საზოგადოების მსოფლმხედველობასა და ინტელექტში მიმდინარე ცვლილებები აისახოს. ცხადია, პროექტის ავტორებმა იციან, რომ შემოთავაზებული ნუსხა ყოველთვის  საკამათო იქნება. გამოკითხვის მონაწილეები ასახელებენ ნებისმიერ, მათთვის სასურველ წიგნს, მერე ეს სიები შეჯერდება და გაირკვევა, რომელი წიგნები უნდა შევიდეს ორმოცდაათეულში, სიცოცხლის მანძილზე რომ უნდა წაიკითხო...

საქართველოში ეს პროექტი პირველად ხორციელდება. უკვე 8 თვეა, გამოკითხვა მიმდინარეობს, პირველი ოცეული გასულ კვირას წარვუდგინეთ პროექტის გულშემატკივრებს. სასიამოვნოა, რომ ამდენი ადამიანი ადევნებს თვალს პროექტს და საკუთარ აზრს გამოთქვამს უკვე შერჩეული ოცეულის შესახებ. იმასაც გეტყვით, რომ ევროპის არც ერთ ქვეყანაში ამდენი დაინტერესებული მკითხველი არ გამოსჩენია მსგავს პროექტს... საქართველოში  პროექტის საიტის სტუმართა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა.

დღეს ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ გესაუბრებით, ამჯერად გაზეთის მკითხველებსაც გავაცნობთ პროექტის შესახებ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ განსხვავებულ მოსაზრებებს:

მამუკა: - ძალიან კარგი წამოწყებაა, მოუთმენლად ველოდები. სად გამოქვეყნდება, ისევ "პალიტრის" მეშვეობით?

თეა თეაკო: - ეგ წიგნები უნდა წაიკითხო არა სანამ ცოცხალი ხარ, არამედ სანამ სკოლას დაამთავრებ.

ზურა კუკულაძე: - გაცილებით სასარგებლო იქნებოდა, ახალი ნაწარმოებები ეთარგმნათ და გამოეცათ. მე, მაგალითად, ძალიან მიყვარს "ოსტატი და მარგარიტა", ეს წიგნი სამი ცალი მაქვს... ისეთი წიგნები მინდა, რომელიც ჯერ ქართულად გამოცემული არ არის ...

Back to Back: - ჰომეროსის გამოცემა გამიხარდა, ოღონდ როგორი თარგმანია ან რომელი ნაწარმოებია?

ინტერესი ძალიან დიდია და საზოგადოების დიდი ნაწილის აზრი არც ამ პროექტის ავტორის - მარიკა დარჩიას მიერ წარმოდგენილ ოცეულს დაემთხვა.  მან აღნიშნა კიდეც: - შეუძლებელია, ამ სიამ ყველას გემოვნება დააკმაყოფილოს, მაგრამ ეს უმრავლესობის მიერ დასახელებული ნაწარმოებებია. "პალიტრა L"-მა გამოსაცემად მოამზადა მკითხველთა მიერ ხმათა უმრავლესობით შერჩეული წიგნები, რომლებიც განსაკუთრებული დიზაინით იქნება გამორჩეული და რომელთაც  ნოემბრიდან შევთავაზებთ მკითხველს "კვირის პალიტრასთან" ერთად. ოღონდ, ისე არ უნდა გავიგოთ თითქოს გამოცემული ტომების ნუმერაცია აუცილებლად ყველაზე მეტჯერ დასახელებული ნაწარმოებების რიგითობას შეესატყვისება.

პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე Facebook-ზე, შექმნილია 93 სხვადასხვა წიგნის მხარდამჭერთა კლუბი. მათ შორისაა ყველა ის წიგნი, რომელიც საზოგადოებისათვის უკვე ცნობილ ოცეულში შედის. შერჩეული წიგნები შეუძლებელია მსოფლიო ლიტერატურის უზარმაზარ საგანძურს მოიცავდეს და ვერც ყველას გემოვნებასა და სურვილს დააკმაყოფილებს, მაგრამ ეს იქნება 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში საზოგადოების გემოვნებით არჩეული 50 წიგნი.

შეგახსენებთ - პროექტის მხარდაჭერა გრძელდება და დარჩენილი 30 წიგნის გამოვლენა სწორედ თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული.

www.kvirispalitra.ge

შეიხედეთ "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე და გახსენით ფანჯარა - "კარცერი ლუქსი".შეავსეთ კითხვარი და დაგვისახელეთ წიგნი, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა