74 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან - მეორე მსოფლიო ომის რამდენი ვეტერანია დღეს საქართველოში? - კვირის პალიტრა

74 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან - მეორე მსოფლიო ომის რამდენი ვეტერანია დღეს საქართველოში?

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი შესრულდა.

დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, თბილისში, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღინიშნება, სადაც როგორც უშუალოდ ომის ვეტერანები, ისე ხელისუფლების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თუ რიგითი მოქალაქეები მიდიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილები მიაქვთ.

დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 492 მონაწილე ცხოვრობს, აქედან 99 ქალია. დედაქალაქში კი 190 ვეტერანია რეგისტრირებული. (იხილეთ სრულად)

ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას მიიღებენ. შესაბამისი განკარგულება პრემიერმა გამოსცა.

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, 600 ლარის ოდენობით ერთჯერადად ფულად დახმარებას გასცემს საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანისთვის, ხოლო, ომში დაღუპულთა ოჯახის 209 წევრისთვის- 300 ლარს. მათივე ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ოჯახის წევრის ერთჯერადი დახმარება გაიცემა მხოლოდ ომში დაღუპული პირის მეუღლეზე, ან ბავშვობიდან შშმ პირ შვილზე, რომლებიც ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი.

საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებული ვეტერანებისთვის ფულადი დახმარების გაცემას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, დედაქალაქში კი აღნიშნულ დახმარებას თბილისის მერია გასცემს.

იხილეთ ფოტოგალერეა: აკრძალული კადრები დიდი სამამულო ომიდან