აქციაზე ორი პირი დააკავეს - რა ხდება ვაკის პარკთან? - კვირის პალიტრა

აქციაზე ორი პირი დააკავეს - რა ხდება ვაკის პარკთან?

ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს. ერთი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამოა დაკავებული, მეორე კი, ხულიგნობის ბრალდებით.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ უცენზურო სიტყვებით მიმართა საბჭოთა კავშირის დროშით მიმავალ ადამიანებს, რის გამოც ის პოლიციამ დააკავა.

დაკავებულების შესახებ უკვე გაავრცელა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 პირი - 1983 წელს დაბადებული და 1958 წელს დაბადებული მოქალაქეები დააკავეს, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

პოლიციამ ერთი პირი - 1969 წელს დაბადებული თ. ფ. საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის, საქართველოს კანონის "თავისუფლების ქარტია" გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის 174-ე 16 პრიმა მუხლით, გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში", - აცხადებენ შსს-ში.

ამ წუთებში ვაკის პარკთან ორი აქცია მიმდინარეობს. ერთს "საქართველოს უკვდავი პოლკი" მართავს, რომელშიც პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, მეორე კი მათი საპირისპიროა და იმართება ლოზუნგით "ოკუპანტი ვერ ამარცხებს ფაშიზმს". აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი "არას" ეუბნებიან "პუტინის მარშსს" და არასდროს შეეგუებიან ქვეყნის ოკუპაციას. აქციის მონაწილეები ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობით დაიძრნენ.

ამ წუთებში ვაკის პარკში ისინი სირცხვილის კორიდორს აკეთებენ პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

პოლიციას ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები ერთმანეთისგან სპეციალური კორდორით ჰყავს გამიჯნული.

"ინტერპრესნიუსი"