"მივედით საფლავთან და ჩავძახეთ, რომ მისი გვარი გრძელდება" - როგორ იპოვა 82 წლის გუგულა კილაძემ თავისი 36 წლის მამის საფლავი ცაითჰაინის ტყვეთა სასაფლაოზე?
09-05-2019
"მივედით საფლავთან და ჩავძახეთ, რომ მისი გვარი გრძელდება" - როგორ იპოვა 82 წლის გუგულა კილაძემ თავისი 36 წლის მამის საფლავი ცაითჰაინის ტყვეთა სასაფლაოზე?
მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული დიდი ბაბუის საფლავის ძიებაში ქართველმა ემიგრანტმა მეგი სტემპენმა გერმანიაში უამრავი ქართველის საფლავი მოიძია. ტყვეობაში სულდალეული, როგორც მათ მეგიმ უწოდა, "მზის ბიჭები" უცხო მიწაზე განისვენებენ. მეგისთვის "მზის ბიჭების" საფლავების მოძიება ცხოვრების მთავარ მოწოდებად იქცა. დადის არქივებში, ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკებში, სასაფლაოებზე... 200-მდე მათგანის ოჯახს მიაკვლია საქართველოში და მრავალი ათეული წლის მერე შთამომავლების ცრემლის ღირსი გახადა ომს შეწირული ბიჭები.

მეგი სტემპენი:
- როდესაც "მზის ბიჭების" ისტორიებს ვკითხულობდი, ხშირად
მიჩნდებოდა კითხვა, როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთ პირობებში თუნდაც 1 თვე გაძლოს. არ ჰქონდათ წყალი, ტერიტორიაზე არ იყო საპირფარეშო, მხოლოდ თვეში ერთხელ ხდებოდა ტყვეთა დეზინფიცირება, დილიდან საღამომდე ამუშავებდნენ, განიცდიდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წნეხს, დამცირებას...
თუ საბუთებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ პირობებს მხოლოდ 7-8 თვე უძლებდნენ ტყვეები.
ზოგიერთმა წელიწად-ნახევარი იცოცხლა, ალბათ, იმ იმედით, რომ როდესღაც ტყვეობას თავს დააღწევდნენ, დაბრუნდებოდნენ საქართველოში.

ძალიან ბევრი "მზის ბიჭის" ოჯახი გავიცანი. ენით აღუწერელი წუთები განვიცადე, როდესაც ქართველი ტყვის, ზოსიმე კილაძის შვილთაშვილები მეწვივნენ და ყველამ ერთად მოვინახულეთ დაკარგული წინაპრის საფლავი ცაითჰაინის ბანაკის ტყვეთა სასაფლაოზე. ჩამოიტანეს მშობლიური კორბოულის მიწა და მის საფლავს მოაყარეს, აანთეს სანთლები. იმ წუთებში ერთდროულად სიამაყეს, სიხარულსა და ტკივილს ვგრძნობდი...

"ზოსიმე კილაძე. დაბადებული 1907 წელს საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში. დედის გვარი: სამხარაძე. ტყვედ ჩავარდა 13.07.1942 წელს. ბანაკი: შტალაგი 4; გარდაიცვალა 23.08.1943 წელს" - მეგი სტემპენის ამ საჯარო პოსტით დაიწყო ყველაფერი", - იხსენებს ზოსიმე კილაძის შვილთაშვილი გიგა კილაძე:

- ბაბუაჩემი, გუგულა კილაძე, 5 წლის ყოფილა, როდესაც მამამისი ზოსიმე ომში წასულა. ზოსიმე თანასოფლელებს სამხედრო საქმეში ავარჯიშებდა. ამიტომ, როდესაც სოფელში ჩამოუვლიათ, აბა, ომში ვინ წამოხვალთო, ისე გაჰყოლია, ოჯახს არც გამომშვიდობებია. მეზობლისთვის დაუბარებია, შინ რომ მიხვალ, ჩემებს შეუარე და უთხარი, ომში წავიდაო. ბაბუა გულდაწყვეტილი ამბობს, რომ გაიგო, ქვეყანას სჭირდებოდა, ისე წავიდა, არც დაგვემშვიდობაო. დარჩნენ გუგულა და მისი და დედის ანაბარად. შვილების გამოსაკვებად ზოსიმეს მეუღლე ხან კენკრას კრეფდა და ყიდდა, ხან მიწას ამუშავებდა... მოკლედ, ოჯახის მარჩენლობა იტვირთა, გუგულამ და მისმა დამ კი - ერთმანეთის გამზრდელების. გუგულა ბაბუა იხსენებს, დედა ყოველდღე ელოდა მამას, სულ კარს შესცქეროდა, აგერ ახლა შემოაღებსო. მამასთან შეხვედრის იმედს არც შვილებს უკარგავდა, სიმწრით ხუმრობდა, ომში წასვლის წინ ისეთი გამოწკეპილი გავუშვი, კიტელში, როცა ჩამოვა, დახეული რომ ჰქონდეს, ჩემი ხელით მოვკლავო.

საოცარია, ერთი წერილიც არ მიუღია ზოსიმეს ოჯახს, არც ცნობა. კორბოულიდან ბევრი იყო ომში წასული, მათგან არაერთ ოჯახს მიუვიდა უგზო-უკვლოდ დაკარგვის ცნობა, ჩვენ - არაფერი.

მამამისის ფოტო ახლაც კედელზე აქვს გაკრული გუგულა ბაბუას. ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. როდესაც ჩვენს მეზობელს მეგი სტემპენის მიერ გავრცელებული ინფორმაციისთვის მოუკრავს თვალი, მაშინვე¬ გვითხრა, ვიცანი, ნამდვილად ზოსიმე კილაძის შესახებ წერდაო. ვნახეთ და ყველა მონაცემი დაემთხვა. მერე გავიცანით მეგი და ოჯახში მოვიწვიეთ. ბაბუამ მეგი შვილიშვილივით მიიღო და უთხრა, როდესაც საქართველოში ჩამოხვალ, იცოდე, გუგულა ბაბუა აუცილებლად უნდა მოინახულოო.

ასე იპოვა 82 წლის გუგულა კილაძემ თავისი 36 წლის მამის, ზოსიმე კილაძის საფლავი ცაითჰაინის ტყვეთა სასაფლაოზე.
მივედით ზოსიმე კილაძის საფლავთან და ვუთხარით, რომ მისი გვარი გრძელდება: გუგულა ბაბუას 9 შვილი, 24 შვილიშვილი და 30 შვილთაშვილი ჰყავს. იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?