"სამზარეულოშიც სპორტზე ვფიქრობ..." - კვირის პალიტრა

"სამზარეულოშიც სპორტზე ვფიქრობ..."

ქართული რაგბის პიონერი ქალი

ანა პოღოსიანი ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდაა, რომელსაც ქართული რაგბის პიონერი ქალი ყოველი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვუწოდოთ... გამართული, სუფთა ქართულით მოსაუბრე ჩემს რესპონდენტს ქართულ-სომხური სისხლი აქვს. ნათესავები მისი დიდი ქომაგები იყვნენ მუდამ, მაგრამ განსაკუთრებულად მაინც ქართველი ბაბუის გულშემატკივრობა ახსოვს...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

"ფეხბურთი პატარაობიდანვე მიყვარდა და უბანში ვთამაშობდი თანატოლებთან, სქესის განურჩევლად. მაშინ ფეხბურთი ბიჭების სპორტად მიიჩნეოდა და გოგონების ფეხბურთის ორი გუნდის შეკრება წარმოუდგენელიც კი იყო, ამიტომ ბიჭებს ვეთამაშებოდი და კარგადაც გამომდიოდა... ვიყავი თავდამსხმელი, ასევე - ნახევარმცველიც, ეს უკვე ნაკრებში... ფეხბურთს ახლაც ვთამაშობ შიდა ჩემპიონატზე, თავდამსხმელის პოზიციიდან, როგორც "ნიკეს" წევრი!.."

"ფეხბურთიც მიყვარს, მაგრამ რაგბი უფრო მეტია ჩემთვის. ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობ, რომ რაგბის თამაშს ვეღარ ვახერხებ. რადგან აქტიურ სპორტს ვერ ველევი, ამიტომ ფეხბურთს "შევაფარე" თავი! მოკლედ, ეს ახლა იგივეა ჩემთვის, როგორც აფთიაქში შესულს ექიმის გამოწერილის ნაცვლად, მის შემცვლელ სხვა წამალს რომ სთავაზობენ!.."

"ჩემი თავი ვიპოვე რაგბის მეშვეობით. არასდროს ისე კარგად არ ვყოფილვარ, როგორც რაგბის თამაშისას... შვიდქალას ვთამაშობდით და მხოლოდ ორი ქალი გვყავდა "ზამენაში"! წარმოიდგინეთ, ვართ ბოსნიაში, სრულიად ახალბედები, უცხო გარემოში, თან კაპიტანი ვარ და აცხადებენ, რომ ამ ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ლელო მე დამიდვია. ამ შედეგით ტურნეს სიმბოლურ ათეულში მოვხვდი. კიდეც გამიხარდა, კიდეც გამიკვირდა ეს შედეგი და მეტი სტიმულიც მომეცა!.."

"მოგეხსენებათ, ქართული რაგბი, სადაც მამაკაცები თამაშობენ, მოწინააღმდეგისთვის უიმედობის ტოლფასია და როცა ჩვენ ვამარცხებდით უცხოელებს, უთქვამთ კიდეც, ამათგან გამარჯვება გასაკვირიც არ არისო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 9 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

როლანდ ხოჯანაშვილი