ჩემთვის ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან ასრულდა ჯანრი კაშიას ოცნება" - კვირის პალიტრა

ჩემთვის ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან ასრულდა ჯანრი კაშიას ოცნება"

დღეს"ჩემთვის ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან ასრულდა ჯანრი კაშიას ოცნება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკის გახსნისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ბიბლიოთეკა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გახსნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა, 2000-ზე მეტი უნიკალური გამოცემისგან შედგება. მათ შორისაა საბჭოთა პერიოდში აკრძალული ლიტერატურა, თვითგამოცემები, ქართველ ემიგრანტთა გამოცემები, პერიოდიკა ქართულ და უცხოურ ენებზე, ასევე ჯანრი კაშიას პირადი არქივი. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ეს კოლექცია ცალკე ფონდად შეინახა.

​"დღეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან ასრულდა ჯანრი კაშიას ოცნება. იგი წლების განმავლობაში, მთელ მსოფლიოში აგროვებდა სხვადასხვა გამოცემებსა და წიგნებს და სიცოცხლეშივე, საფრანგეთსა და ამერიკაში ცხოვრებისას, ჰქონდა სურვილი, მისი ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომი გაეხადა ყველასათვის, რათა ნებისმიერ მსურველს ჰქონოდა შეძლებოდა მისი ესარგებლა მისი ბიბლიოთეკით, გასცნობოდა ქართულ, თუ მსოფლიო ლიტერატურას და სხვადასხვა თემატიკის გამოცემებს. ეს ოცნება მაშინ ვერ აისრულა და როცა საქართველოში დავბრუნდით, თან წამოვიღეთ მთელი ბიბლიოთეკა. დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში განთავსდა მისი ბიბლიოთეკის მხოლოდ მთავარი ნაწილი, ნაწილი კი, სახლში დავიტოვე, რათა ვიგრძნო, რომ ჯანრი კიდევ სახლშია და იქაც ცხოვრობს. მისი სული აქაც არის, ამ ბიბლიოთეკაში და ყველა, ვინც დაინტერესდება, აქ მოვა და წაიკითხავს ამ წიგნებს, იგრძნობს მისი მუშაობის პროცესს, რადგან თითქმის ყველა წიგნში მიწერილია მისი ანალიზი, კრიტიკა, ეთანხმება, თუ არა ავტორის მოსაზრებას. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ეს იყოს საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი. 8 მაისს მას 80 წელი შეუსრულდებოდა და დაბადების დღისათვის ასეთი საჩუქარი მას უთუოდ გაუხარდებოდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გასულ წლებში ასევე გადასცა ჯანრი კაშიას მიერ შეგროვილი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის არქივი, რომელიც დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში. აქვე ინახება სალომე ზურაბიშვილის მიერ გადმოცემული მამის ლევან ზურაბიშვილის პირადი ბიბლიოთეკის უნიკალური გამოცემებიც.

"ინტერპრესნიუსი"