"სპორტსმენი ესა და ეს გთხოვთ მობრძანდეთ კაბინაში მფრინავებთანო. ვაიმე, ნეტავ რა მოხდა-მეთქი"- რა ისტორიებს იხსენებს ლეგენდარული სპორტსმენი - კვირის პალიტრა

"სპორტსმენი ესა და ეს გთხოვთ მობრძანდეთ კაბინაში მფრინავებთანო. ვაიმე, ნეტავ რა მოხდა-მეთქი"- რა ისტორიებს იხსენებს ლეგენდარული სპორტსმენი

ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია პირველივე ჯერზე მოიპოვა.

მოგეხსენებათ, არ დარჩა პრიზი და რეგალია, რომელიც ქართველ სპორტსმენს მოპოვებული არ აქვს, თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მისთვის ზედიზედ მე-9 ოლიმპიადაზე გამოსვლა არანაკლებ საპასუხისმგებლოა და ამჯერადაც განსაკუთრებული შემართებით ემზადება.

ნინო სალუქვაძე 1988 წლიდან უცვლელად მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებში და ქალთა შორის რეკორდსმენია. ამდენ ოლიმპიადაზე, მის გარდა, მხოლოდ კანოისტ ჯოზეფა იდემ-გერინის (1984-2012) და ნიჩბოსან ლესლი ტომპსონს (1984-2000, 2008-2016) უასპარეზიათ.

სალუქვაძე ერთადერთი ქართველია, რომელიც ყველა სინჯის ოლიმპიურ მედალს ფლობს. 1988 წელს, სეულში, ის ოქროს და ვერცხლს დაეუფლა, 2008 წელს კი - ბრინჯაოს.

"რეგალიები თუ ჩამოვყევი, შორს წაგვიყვანს. 32 მსოფლიოს რეკორდი მაქვს დამყარებული მარტო, მაგრამ რადგან ვრჩები ამ საქმეში და ვაგრძელებ მოღვაწეობას, ვცდილობ, რომ უფრო მეტი მიღწევა მქონდეს. ტყუილად ხომ არ მიიღებ მონაწილეობას შეჯიბრებაზე. ახლა შეჯიბრებაზე მამა არ მახლდა, აღარ ვატარებთ, 88 წლისაა უკვე. ლიცენზია რომ ავიღე ჩინეთში, ამის შესახებ ძლივს მივაწვდინეთ ხმა საქართველოში. დროში დიდი განსხვავებაა და ვახოს ჩემი მეგობრის დედამ დაურეკა. ეს ქალბატონი მიყვება, რომ მე აქეთ ვტიროდიო და ის - იქითო".

- ემზადებით 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის. როგორი განწყობა და მოლოდინი გაქვთ?

- ჩვენი სამზადისი დაიწყო იმით, რომ ლიცენზია უნდა ამეღო, რომ მონაწილეობა მიმეღო ოლიმპიადაზე. თვითონ პირობები ლიცენზიის აღების არის ძალიან შეზღუდული. ყოველ ჯერზე, ყოველი ახალი ციკლის დაწყების მერე იცვლება პირობები და უფრო მკაცრდება და მკაცრდება.

სპორტის სხვადასხვა სახეობა ცდილობს, შევიდეს ოლიმპიურ მოძრაობაში იმის ხარჯზე, რომ დანარჩენებს დააკლონ ლიცენზიები. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა იგივე რჩება. ადრე თუ ასამდე მონაწილე გამოდიოდა ჩვენს სახეობაში, რაოდენობამ თანდათან იკლო - ჩამოვიდა 80-ზე, 60-ზე, ახლა კი 40-ზე, ეს კი ძალიან ცოტაა, თუ კონტინენტზე გადავანაწილებთ.

ევროპას ყველაზე მეტად უჭირს ამ ლიცენზიებზე. სამწუხაროდ, ამ მსოფლიო თასზე ორი ლიცენზია თამაშდება. გამიმართლა, რომ ჩინეთში მსოფლიო თასზე საკმაოდ მაღალი შედეგით ფინალში მოვხვდი. არ იყო ადვილი. 4 სპორტსმენს ჰქონდა ლიცენზია და 4 სპორტსმენს - არა.

- კონკურენტებზე რას გვეტყვით, ყველაზე ძლიერ კონკურენტად ვის თვლით?

- სულ მოულოდნელად ირანელებიც კი გააქტიურდნენ, საკმაოდ კარგად ისვრიან. ასევე, თურქებიც; ძალიან ძლიერები არიან კორეელები და ინდოელები. ჩინელებზე აღარაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ ისინი თავისთავად ძლიერები არიან და ამას ემატება ევროპიდან წარმოდგენილი სპორტსმენები.

ოლიმპიურ თამაშებზე უბრალო და შემთხვევითი ადამიანი ვერ ხვდება. ამიტომ ყველას ერთნაირი შანსი აქვს და ყველა თანაბრად კონკურენტია. ფსიქოლგიური ბრძოლა მიდის, ვინ უფრო გაუძლებს.

- როგორია თქვენი გამარჯვების ფორმულა, რას აკეთებთ შეჯიბრებაზე გასვლამდე?

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ განწყობას, მობილიზებას და რაც მთავარია, შენ შენი საქმე უნდა გააკეთო პირნათლად და როგორ მოხდება მედლებისა და პრიზების გადანაწილება, ეგ უკვე სხვა საქმეა. ეკლესიურები ვართ მთელი ოჯახი. განსაკუთრებით, ჩემი მეუღლე.

ცრურწმენებს არ მივდევთ. ერთადერთი, რასაც მგზავრობის წინ ვაკეთებ, ეს არის ის, რომ ლოცვის მერე ვამოწმებ, რამე ხომ არ მრჩება. ერთი ფურცელიც რომ დაგრჩეს, პრობლემა იქმნება.

- თუ მომხდარა გაუთვალისწინებელი შემთხვევები შეჯიბრებების დროს?

- იცით, რომ ჩემი მწვრთნელი მამაჩემია და ყოველთვის მაფრთხილებდა, მეუბნებოდა სხვადასხვა ვარიანტზე, თუ რა შეიძლება მოხდეს შეჯიბრებაზე და როგორ უნდა მოვიქცე, მაგრამ ჩემს კარიერაში სულ ისეთი რაღაცები ხდებოდა, რომ მამაჩემს არც დაესიზმრებოდა.

ჩემი ყველაზე პირველი ძლიერი საერთაშორისო შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატი იყო იუგოსლავიაში. ვარჯიშებზე ვისროდით ჩვეულებრივი საბჭოთა რუსული ტყვიებით, რომელიც იყო საიდუმლო დანიშნულების. ხელით აწყობდნენ და სროლის მერე გილზებსაც, ნასროლ მასრებს უკან ვაბარებდით. ასეთი გასაიდუმლოებული ტყვია შეჯიბრებაზე შემხვდა დენთის გარეშე და გაიჭედა ლულაში. მე ამას ვერ მივხვდი, იმიტომ, რომ გადმოვარდა გილზა და მეგონა, რომ ჩვეულებრივ არ გაისროლა, ხდება ხოლმე ასეც. ამ დროს შეგიძლია გადატენო თავიდან. რომ დავტენე და შემდეგი ტყვია მოვათავსე, მივხვდი, რომ შიგნით იყო ის თავი დარჩენილი.

საბოლოოდ, ორივე ერთად გავარდა. გადავრჩი, რომ არ გასკდა იმ ადგილას, სადაც ტყვიას ვდებთ. გაიბერა ლულა რამდენიმე ადგილას, მოხვდა ტყვია ცხრიანში და რვიანში, მე კიდევ გაბრაზებული ვიყავი, ცხრიანი და რვიანი როგორ გამაკეთებინა. მაშინ ფარებზე, ქაღალდზე ვისროდით. მსაჯები რომ მივიდნენ, გაუკვირდათ, ამხელა ნახვრეტი რანაირად გავაკეთე. არ იცოდნენ, რომ ორი ტყვია გავარდა.

მეორე დღეს მქონდა მეორე ნაწილი სასროლი იმავე იარაღით. ვფიქრობდი, მობილიზაცია როგორ უნდა მომეხდინა. ეს შეჯიბრებაც მოვიგე, მაგრამ ისეთი გაბრაზებული ვიყავი, როგორ გამიკეთა იარაღმა ასეთი რამ. იხილეთ სრულად