საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას და ტურისტებს აფრთხილებს - კვირის პალიტრა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას და ტურისტებს აფრთხილებს

მდინარე მტკვარში არსებული წყლის ჭარბი ნაკადის გამო, თბილისში მტკვრის კალაპოტში წყლის დონის დაწევის მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ“ ორთაჭალჰესის გაჩერების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, მოხდება ფარების აწევა და ჭარბი წყლის გატარება. მტკვრის დონის დაწევა შესამჩნევი გახდება რამდენიმე საათში.

უწყების ინფორმაციით, ჰესის დროებით გაჩერების გამო, ქვეყნის ენერგომომარაგების შეფერხება არ მოხდება. აღნიშნული სამუშაო მტკვარში წყლის აჩქარებას გამოიწვევს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას, ტურისტებს და მტკვარზე მომუშავე შესაბამის ობიექტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მტკვარზე მცურავი საშუალებებით გადაადგილებისგან.

"ინტერპრესნიუსი"