"არ მანაღვლებს, დამიბარებენ თუ არა დაკითხვაზე და დამაკავებენ თუ არა" - კვირის პალიტრა

"არ მანაღვლებს, დამიბარებენ თუ არა დაკითხვაზე და დამაკავებენ თუ არა"

არც ის მანაღვლებს დამიბარებენ თუ არა დაკითხვაზე და არც ის, დამაკავებენ თუ არა. მე ერთი რამ მანაღვლებს, ხელისუფლება აღიარებს თუ არა შეცდომას, რომ თემირლანი უდანაშაულოდ მოკლეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მან დაკითხვისას სუს-ის ყველა კითხვას პასუხი გასცა.

"მე ყველა იმ კითხვას გავეცი პასუხი, რაც კი მითქვამს, რაც მქონია გააზრებული, რაც გამიფიქრია და გადამიფიქრია. მე დასამალი არ მაქვს არაფერი და არც დავმალავ. არ მგონია განმეორებით დაკითხვაზე დამიბარონ, მაგრამ საქმე სასამართლოს გადაეცემა და სასამართლო გადაწყვეტს ვარ დამნაშავე, ვარ დასასჯელი თუ არა და დაველოდებით სასამართლოს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველანაირი ღირსეული ჩარჩოებიდანაა გასული და მათგან ყველაფერს ელოდება.

"არც ის მანაღვლებს დამიბარებენ თუ არა დაკითხვაზე და არც ის, დამაკავებენ თუ არა. მე ერთი რამ მანაღვლებს, ხელისუფლება აღიარებს თუ არა შეცდომას, რომ თემირლანი უდანაშაულოდ მოკლეს, ამათ მიაწებეს თემირლანს ტერორისტის იარლიყი თავისი ტყავის გადასარჩენად. ჩემი ბრძოლა გაგრძელდება იმ დღემდე, ვიდრე ხელისუფლება არ იტყვის - დიახ, ჩვენ დავაშავეთ მაჩალიკაშვილის ოჯახის წინაშე, ჩვენ დავაშავეთ პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების წინაშე, ჩვენ დავაშავეთ ქართველი ერის წინაშე. სანამ ამ სიტყვებს არ იტყვის ხელისუფლება, ვართ ასე", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"