რას ამბობს თურქეთში საქართველოს ელჩი ტაო-კლარჯეთში, დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობაზე - კვირის პალიტრა

რას ამბობს თურქეთში საქართველოს ელჩი ტაო-კლარჯეთში, დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობაზე

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, თურქულმა მხარემ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას.

როგორც გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელებისთანავე, გუშინ, გვიან საღამოს დაუკავშირდნენ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და მუზუემების გენერალური დირექტორის მოადგილესა და ამავე დირექტორატის რესტავრაციის სამმართველოს უფროსს.

"თურქული მხარის თქმით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას დოლისყანის ტაძარში საპირფარეშოს მშენებლობის შესახებ და ასევე, არ გააჩნიათ მსგავსი პროექტი, თუმცა, შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად გამოიკვლევდნენ ამ საკითხს. ასევე, მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ადგილი აქვს ადგილზე თვითნებურ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ დაუშვებენ მსგავს მშენებლობას. ზემოაღნიშნულმა პირებმა დაავალეს ართვინის კულტურის სამსახურის უფროსს ადგილზე თანამშრომლების მივლინება და საკითხის შესწავლა. ახლახან დაგვიკავშირდა რესტავრაციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც გვაცნობა, რომ ადგილობრივების მხრიდან მოხდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, რის შესახებაც კულტურის სამინისტრო ინფორმირებული არ იყო. მისი თქმით, მათ უკვე მიიღეს ზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას. ასევე, შედგა კომუნიკაცია სოფლის რწმუნებულთან, რომელმაც დაადასტურა, რომ სამუშაოები უკვე შეწყვეტილია", - განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, ქართველმა ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაავრცელა ინფორმაცია და ფოტომასალა, რომლის თანახმად, ტაო-კლარჯეთში, X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში საპირფარეშო შენდება.

"ფოტოები ეს წუთია გამომიგზავნეს. კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა დაფარული (ზედ ქვები აყრია). ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და დღე-დღეზე ალბათ ბეტონსაც დაასხამენ", -დაწერა ბუბა კუდავამ სოციალურ ქსელში.

"ინტერპრესნიუსი"