ორიგინალური ტრანსპორტი ტურისტებისთვის - კვირის პალიტრა

ორიგინალური ტრანსპორტი ტურისტებისთვის

რას არ მოიგონებს კაცი ტურისტის მისაზიდად და... გადა-საზიდადაც! მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ტაქსის ფუნქციას ასრულებს რეტრომანქანები, ველოსიპედი, რიქშა, სპილო, აქლემი და ა.შ., მაგრამ დღეს უფრო შორს წავალთ და ისეთ სატრანსპორტო საშუალებებს გაგაცნობთ, ვერც ერთი ტურისტი გვერდს გულგრილად რომ ვერ აუვლის.

ავტობუსი Wubbo Superbus (არაბთა გაერთიანებული საამიროები). ეს ავტომანქანა რაღაც შუალედურია ლიმუზინსა და სუპერკარს შორის. 15 მეტრი სიგრძის 16-კარიან ავტომობილს 23 სავარძელი აქვს და 300 კმ/სთ სიჩქარით სიარული შეუძლია. მდიდარ ტურისტებს სპეციალური სავალი ზოლის მეშვეობით Wubbo Superbus-ით დუბაიდან აბუ-დაბიმდე წასვლა შეუძლიათ.

კატერი-ზვიგენი (ქვინსთაუნი, ახალი ზელანდია). ექსტრემალური გართობის მოყვარულებს მისი მეშვეობით ტბა უაკატიპუზე გასეირნება შეუძლიათ. 3,5 მეტრი სიგრძის "ზვიგენს" 260 ცხ.ძ-ის ძრავა აქვს და 80 კმ/სთ-ის "ასაკრეფად" 4 წამი ჰყოფნის, წყალქვეშ ჩაყვინთვა კი მეტრ-ნახევარ სიღრმეზე შეუძლია! კატერი-ზვიგენის ფასი დაახლოებით 60 ათასი გირვანქა სტერლინგია.

ამფიბუსი (როტერდამი, ჰოლანდია). ეს არის 55 მგზავრზე გათვლილი წყალზე მცურავი ნამდვილი ავტობუსი. "მცურავ ჰოლანდიელს" ასფალტზე 97 კმ/სთ-მდე სიჩქარით სიარული შეუძლია, წყალში კი მხოლოდ 15 კმ/სთ-ით. ამ სატრანსპორტო საშუალებით ექსკურსიებს აწყობენ აშშ-სა და კანადაში, ასევე ბუდაპეშტსა და სინგაპურში, ლონდონში კი თემზის ტურისტული მარშრუტისთვის ამფიბუსის მსგავს ჰიბრიდ DUKW-ს იყენებენ. ამფიბუსის ღირებულება დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარია.

ხაბალ-ხაბალი (ფილიპინები). ფილიპინური სოფლების მცხოვრებლებმა ათეულობით წლის წინ მოიფიქრეს, რომ მოტოციკლი მხოლოდ ორი მგზავრისთვის მეტისმეტად დიდი ფუფუნებაა, ამიტომაც სავარძელი ისე დააგრძელეს, რომ მასზე არა ორი, არამედ რვა მგზავრი ეტევა! მოგვიანებით დასაჯდომებს გვერდითი ძელებიც მიამატეს, რათა მგზავრებს თავი უფრო მოხერხებულად ეგრძნოთ და... ასე გაჩნდა უცნაური მოტოტაქსი, რომელსაც იქაურები ხაბალ-ხაბალს ეძახიან.

ტრიციკლი GoCar (ესპანეთი, აშშ). ჟარგონზე ამ უჩვეულო სატრანსპორტო საშუალებას "მომღერალ ტაქსის" უწოდებენ. ის სკუტერის ბაზაზეა აწყობილი და ორ ადამიანს იტევს. GoCar რეგისტრირდება როგორც მოტოციკლი, მაგრამ რადგან სამი ბორბალი აქვს, მისი მართვა მხოლოდ B კატეგორიის მძღოლს შეუძლია. რაც შეეხება მეტსახელს, "მომღერალი"იმის გამო შეარქვეს, რომ სურვილის შემთხვევაში სხვადასხვა მუსიკალურ ნომერს მოგასმენინებთ, მოგიყვებათ ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებზე და, რაც მთავარია, ამას ცხრა ენაზე აკეთებს.

ლუდის ბარი ბორბლებზე (გერმანია და სხვა ქვეყნები). ეს გიგანტური ველოსიპედი ჩინებული საშუალებაა, ერთდროულად რომ შეძლოთ ლუდის წრუპვა და ქალაქის დათვალიერება. Beer Bike-ს ღია კონსტრუქცია აქვს, რომელიც 16 მგზავრზეა გათვლილი, სახურავქვეშ კი, აუდიოსისტემის გარდა, არის სათავსები პირადი ნივთებისთვის. მოძრავი ლუდის ბარის ერთი საათით დაქირავება დაახლოებით 100 ევრო დაგიჯდებათ.

ავტომანქანა apollo 3 (სანტიაგო-დე-ჩილი, სამხრეთი ამერიკა). ეს სატრანსპორტო საშუალება, რომელიც კოსმოსურ აპარატს ჰგავს, იქაური უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ნაშრომია. მისი ძარა ნახშირბადის ბოჭკოებით არის დამზადებული, ბორბლების ნაცვლად ალუმინის დისკოები აქვს, apollo 3-ის მთავარი ღირსება კი ის არის, რომ მზის ელემენტებზე მუშაობს! სურვილის შემთხვევაში apolo 20 კმ/სთ სიჩქარითაც კი გაგაქროლებთ, მაგრამ საკიდარის არარსებობის გამო ასეთ მგზავრობას კომფორტულს ვერ დაარქმევთ.

ტობოგანი (პორტუგალია) - ტურისტების ყველაზე საყვარელი გასართობი მადეირაზე. კონსტუქცია ორ-სამადგილიანი, წნულისგან დამზადებული მარხილია. იქაურები ასეთ "ციგებს" XIX საუკუნემდე იყენებდნენ, ახლა კი ტობოგანი პორტუგალიის ღირსშესანიშნაობად იქცა. სხვათა შორის, ტობოგანით მგზავრობა არც ისე იაფია - დაახლოებით 40 ევრო ღირს.

საქათმე ავტობუსი (გვატემალა) სხვა არაფერია, თუ არა ძველი სასკოლო ავტობუსი. "პენსიონერი" ტრანსპორტი ქრომითა და სხვადასხვა ფერის საღებავით იფარება და მისი იერი, ძირითადად, მეპატრონის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ჭრელი ავტობუსები მუდამ სავსეა ტურისტებით, მგზავრებისგან თავისუფალ დროს კი Chiken Buses-ს ფრინველისა და შინაური პირუტყვის გადასაყვანად იყენებენ.