"წარმოიდგინეთ გალაკტიონი,­ რომელიც ქუჩაში დგას და მანქანებს ითვლის..." - კვირის პალიტრა

"წარმოიდგინეთ გალაკტიონი,­ რომელიც ქუჩაში დგას და მანქანებს ითვლის..."

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ რამდენიმე კვირის წინ ახალი გამოცემის - "გალაკტიონი და თბილისი" პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც გაიხსნა ამონარიდით პოეტის დღიურიდან: "რასა ჰგავს ტფილისი ეხლა? ცას, გადმობრუნებულ ცას"...

გამოცემაში წარმოდგენილია გალაკტიონ ტაბიძის უამრავი ჩანაწერი, მოგონება თუ წუხილი, რომელიც თბილისს უკავშირდება...

თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნინი სანადირაძე გალაკტიონ ტაბიძის აქამდე შეუსწავლელ მასალებზე გვესაუბრა...

- ჩვენი მუზეუმები და არქივები უნიკალური საკვლევი მასალაა მეცნიერებისთვის და ძალიან მდიდარია იმ შეუსწავლელი მასალით, რომელიც ფონდებშია შენახული. ჩვენი ერთ-ერთი პირველი გამოცემაა "გალაკტიონი და თბილისი". მათი დამუშავების შემდეგ თვალწინ დაგვიდგა გალაკტიონის თბილისი - ეს არ არის მხოლოდ სიყვარულის დადასტურება, მას თავისი განცდები აქვს აღწერილი და ძალიან ბევრი საკითხი დღესაც აქტუალურია. რთულია გალაკტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის, ზაქარია ფალიაშვილისა და სხვათა შემოქმედებაში რაიმე ახლის პოვნა, თუმცა ბევრი რამ არის შესასწავლი. მალე გამოიცემა "ილია და თბილისი"...

- "ილიას თბილისიდან" რას გვეტყვით ფართო საზოგადოებისთვის უცნობს?

- ძალიან საინტერესოა ილიასა და არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილის მიმოწერა. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და განიხილავდნენ ქალაქის არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და ტრანსპორტის საკითხებს...

დავუბრუნდები გალაკტიონ ტაბიძის ჩანაწერებს, სადაც ის ამბობს:

"მარჯანიშვილის ქუჩაზე ყოველ ათ წუთში მიდი-მოდის 160 ავტომანქანა, მაშასადამე, საათში გაივლის 960 ავტომანქანა, ათ საათში კი 9600 ავტომანქანა..." წარმოიდგინეთ გალაკტიონი, რომელიც ქუჩაში დგას და მანქანებს ითვლის... ძალიან საინტერესოა მისი დამოკიდებულება ურბანულ განვითარებისა და განაშენიანებისადმი... შედგენილი აქვს ასი ბაღის სია - როგორი იყო, სად არის. პოეტისთვის ბაღი მხოლოდ ურბანული სივრცე არ არის, ის ურთიერთობის, თავშეყრის ადგილია. ჩანს, მაშინდელ ალექსანდრეს ბაღში გალა ხშირად დადიოდა და თავის დღიურებში ხშირად აღწერს ადამიანებს:

"ვზივარ ალექსანდრეს ბაღში. აი, აქ რომ ხეა, ზუსტად ამის ძირში შევხვდით ერთმანეთს მე და ბაჩანა (ვაჟას ძმა, ბაჩანა რაზიკაშვილი). ის ძალიან მოხუცი იყო, მე ძალიან ახალგაზრდა. უბრალოდ გავიცანით ერთმანეთი... მე ვუთხარი, რომ მისი ლექსი "კესანე" შედევრია, რომ მისი "მუხავ, მიყვარხარ ტიალო"-ც შედევრია"...

"1909 წელს პავლიაშვილმა მიამბო, რომ ამ ბაღში შეხვდა ზამთარში უპალტოოდ მჯდომარე კიკუშა სულხანიშვილს... სულხანიშვილს მერე მეც გავეცანი, ვმღეროდი მის გუნდში. კოტეტიშვილი ვახტანგიც სულხანიშვილის გუნდში იყო..."

გალაკტიონის ჩანაწერებში არაფერია შელამაზებული და ჩანს ყველა პრობლემა, რომლებიც იმდროინდელ თბილისში არსებობდა. "საზიზღარი რესტორნებია ტფილისში, ყოვლად უკულტურო, ყოვლად უსინდისო, სავსე მთხლე წინანდელი მიკიტნებით, ავადმყოფი ხალხით, ბინძური სახის გამომეტყველებით, უწმაწური სიტყვებით, გამომწვევი, ვულგარული ყოფაქცევით და რაც უმთავრესია: ხმით, რომელიც არასგზით არ არის ქართული, ძირითადად ზრდილობიანი. მაგრამ სად უნდა ეძებდე ზრდილობას? იგი არ არის უნივერსიტეტშიაც კი. იგი არ არის ეხლა საქართველოში არსად... თუ კიდევ არსებობენ ასეთი ოჯახები, იგინი უთუოდ ტრაგედიით არიან აღსავსენი. მაგრამ? რას ვუმღეროდი მე? ამათ? ამ საზიზღარ ხალხს? არასდროს!! არასდროს!! ჩემი იდეა სულ სხვა ხალხის გარშემო ტრიალებდა და ტრიალებს".

"მას შემდეგ, რაც მას (ბაღს) ჩამოაჭრეს დასავლეთი ნაწილი, მიიღო რევოლვერის კობურის ფორმა. ტრამვაი ყოველთვის ჭრიალით უვლის გარს (ჭრიალი გამოწვეულია ლიანდაგის (არასწორი) რგოლისებური ფორმით... ბაღი ახდენს სახლის შთაბეჭდილებას. დღეს (აქ) არაჩვეულებრივი მოძრაობაა მის გარშემო. ვინაიდან ტრამვაის ხაზი ვერის დაღმართის მხრით დახურულია რემონტის გამო და ყველა ტრამვაები, თითქმის ტფილისის ყველა ტრამვაები, აქ იყრის თავს"

"შუაში დგას პუშკინის ბიუსტი. კამო იყურება (ეპარება) თავისუფლების მოედნისკენ. ბაღის ფოტოგრაფის წინ დგას სამფეხა აპარატი: იმის წინა დგას მსხვილი მოქალაქე, რომელიც სურათს უცდის. იქვე პატარა ბუდკაა (მგონია ცარიელია). მებუდკე გაზეთს ჰკითხულობს. ბაღში სხედან უმუშევრები და ისინი, რომელნიც ისვენებენ. დედას მოუყვანია ძუძუს ბავშვი. ბავშვი ტირის. ქუჩის ხმაურში ბერლიოზმა აღმოაჩინა რიტმი, შრომის საწყისი".

"გარდაიცვალა ელისაბედ ჩერქეზიშვილი ვერის ხიდთან, სადაც დარიალისკენ მიმავალი ავტობუსების ბილეთებს ჰყიდიან. ისიც იდგა თურმე რიგში ბოლნისში გასამგზავრებლად. იქ წარმოდგენაზე იყო მიწვეული, "ხანუმა" უნდა ეთამაშნა. ბოლნისიდან კვერცხები უნდა ჩამოვუტანო ჩემს შვილსო, - ამბობდა (შვილი საზღვარგარეთიდან დიდი ხანი არაა, რაც დაბრუნდა. ხიზანიშვილიდანა ჰყავს. ტუბერკულიოზითაა ავადო). სულ იმ შვილზე დარდობდა საწყალი ელისაბედი, უკანასკნელადაც მასზე ჰფიქრობდა. ის უდგა თვალწინ, აღმერთებდა მას. რიგში მდგარ ამხანაგებს ეხლაც მასზე ესაუბრებოდა: ბოლნისიდან რამეები უნდა ჩამოვუტანოვო... უეცრად გული შეუწუხდა, ჩაიკეცა. გათავდა კიდეც. ხიდის ყურთან ვერის ხიდთან, სადაც იდუმალია მტკვარი, საიდანაც ასე ნათლად სჩანს კავკასიონის მთის მწვერვალები, ყაზბეგი. სადაც ლესელიძის ძეგლია. სადაც ამდენ ამბავშია მტკვარი. სადაც სანაპიროა და ახალი სანაპირო შენდება. წავიდა ამ სანაპიროდან სხვა სანაპიროში ელისაბედ ჩერქეზიშვილი.

ბედნიერი სიკვდილიაო, ამბობდა გომიაშვილი (მარჯანიშვილის თეატრის წინ შემხვდა), მაგრამ როდესაც ასეთი სიკვდილით კვდებიან, სახეზე ღიმილი თან დაჰყვებათ ხოლმეო, ელისაბედის სახე კი რაღაც უღრმეს მწუხარებას გამოხატავსო... ეჰ, შვილმა გადაიტანა... გაიხსენეთ ივ. ჯავახიშვილი, ია ეკალაძე... ისინიც უეცრად გარდაიცვალნენ. ცუდია, სთქვა გომიაშვილმა, როცა ლაპარაკი სეზონზე ჩამოვარდა. ცუდია, როცა გიჭირს და ამას ხალხი ხედავს. კარგია, როცა გიჭირს და როცა რომანტიკულად განწყობილად კი აჩვენებ თავსო. შენ გაჭირვებას ხალხი არ უნდა ხედავდესო..."

გალა და ოთხი გაზანგული, ჩამოკონკილი ბიჭი

გალაკტიონის ჩანაწერებიდან: "მახსოვს ეს იყო დიდი ხნის წინათ, დაახლოებით 16 წლის წინად. რკინიგზის სადგურში შემხვდნენ ეს ბავშვები. გადავიღეთ ერთად სურათი. ისინი წამოსულიყვნენ რუსეთიდან, აქ თბილი ჰავაა, იქ კი ძალიან ვიყინებითო. მათი მშობლები სამოქალაქო ომში დაღუპულიყვნენ. მახსოვს იმავე დღეს შევხვდი ბავშვების საყვარელ მგოსანს შიო მღვიმელს. როდესაც მან ეს სურათი ნახა, თვალებზე ცრემლი მოერია. გადამეხვია და გადამკოცნა. სურათი კი თან წაიღო. ძალიან მჭირდებაო, მითხრა... ეს ამბავი სულ გადამავიწყდა და ხელახლა გამახსენდა, როდესაც 16-17 წლის შემდეგ მაჩვენეს სურათი. აღმოჩენილი შიო მღვიმელის ქაღალდებში".

ვახტანგ ჯავახაძე, წიგნის "გალაკტიონი და თბილისი" ავტორი: - ეს ოციანი წლების ფოტოა: გალას ოთხი გაზანგული და ჩამოკონკილი ბიჭი შემოუკრებია, ათი-თორმეტი წლისანი. სამი ფეხზე დგას, ერთი ჩამუხლულია. ოთხივეს ქუდი ახურავს, თვითონ ქუდი ხელში უჭირავს, სკამზე ზის შუაში და ყელი მოუღერებია. პPოზის რეჟისურაც მისი მოფიქრებულია. სხვა დროსაც ხშირად სტუმრებია ფოტოგრაფს უცნობებთან ერთად: ამათთან უკეთ გრძნობდა თავს. აქაც მარტო იყო. თავის სტიქიაში გახლდათ: არავის ერიდებოდა, არც ეჩქარებოდა, არსად ეჩქარებოდა, არავინ ელოდებოდა. გარეთაც შინ იყო...