თბილისი მსოფლიო მოდის რუკაზე - კვირის პალიტრა

თბილისი მსოფლიო მოდის რუკაზე

"მერსედეს-ბენცის" მოდის კვირეულის ფარგლებში საკუთარი კოლექცია 70-ზე მეტმა დიზაინერმა წარმოადგინა. თბილისს მსოფლიო მოდის დედაქალაქების ისეთი პრესტიჟული სავაჭრო სახლებიდან ესტუმრნენ, როგორიცაა Galeries Lafayette, Buying office, Harvey Nichols, Net-a-Porter, Printemps Paris, Liberty London, Moda Operandi და ა.შ. შემსყიდველთა უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვიდა ქართველი დიზაინერების კოლექციების გასაცნობად. მსოფლიო მოდის რუკაზე თბილისი თანდათან უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება.

კოლექციიდან კოლექციამდე პროცესი ქაოსურია გასახდელში. პოდიუმი და გასახდელი სახვითი ხელოვნების მუზეუმის პარკინგის ტერიტორიაზეა მოწყობილი. მოდელები რამდენიმე ჩვენებაზე გამოდიოდნენ, შესაბამისად, რამდენჯერმე უწევდათ მაკიაჟისა და ვარცხნილობის შეცვლა, დიზაინერების მღელვარება კი უმაღლეს მწვერვალს ჩვენების წინ აღწევს. ოვაციების მიღმა ხშირად წვალებით განვლილი გზა, უძილო ღამეები, იმედგაცრუება და დაუღალავი შრომაა. მოდის კვირეულის ფარგლებში "კვირის პალიტრის" მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე ბრენდის შექმნის ისტორიას, რომელსაც თავად დიზაინერები გიამბობენ.

"იმ ქსოვილებს, რომლებიც ბუნებას დააბინძურებდა, ახალი სიცოცხლე ვაჩუქეთ"

MATURELLI - მარია მათურელი:

"მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნება გენში მაქვს, მამა და ბაბუა მხატვრები არიან, დიზაინერობაზე არასოდეს მიფიქრია... მოსკოვში გავიზარდე, 15 წლიდან პროფესიონალურად ვიღებდი ფოტოებს სხვადასხვა ჟურნალისთვის. საკუთარი ფოტოალბომისთვის თავად ვკერავდი კაბებს და სოცქსელში ვტვირთავდი. მალევე, ყოველგვარი რეკლამის გარეშე, ხალხი დაინტერესდა სამოსით. ამხელა ინტერესს არ ველოდი, რადგან ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, რომელიც საკუთარი სიამოვნებისთვის ქმნიდა სამოსს, რათა ისეთი ფოტოები გადაეღო, როგორზეც ოცნებობდა.

მერე ჩემმა მეგობარმა მითხრა, ასეთი მაგარი კაბები გაქვს და არ გინდა ჩვენება გააკეთოო? არადა, მაშინ მხოლოდ 15 კაბა მქონდა შექმნილი და კოლექციაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ ახლობლების მხარდაჭერამ, ხალხის დადებითმა გამოხმაურებამ ძალიან იმოქმედა და 16 წლისამ შევქმენი პირველი კოლექცია, რომელმაც ფურორი მოახდინა, არაერთ ჩვენებასა და გადაცემაში მიმიწვიეს, რუსული შოუბიზნესის წამყვან პირებს ეცვათ ჩემი სამოსი.

დღემდე არ ვუწოდებ ჩემს თავს დიზაინერს. ვამბობ, რომ კრეატიული დირექტორი ვარ. მოსკოვის მთავარ ქუჩაზე ჩემი პირველი მაღაზია ისე გავხსენი, რომ დიზაინერიც მე ვიყავი, სტილისტიც, ფოტოგრაფიც და მარკეტერიც. ჩემი კოლექციებით ჩემს აზრებს, ჩემს ფილოსოფიას გამოვხატავ. ვფიქრობ, რომ მოდა არ არის მხოლოდ სილამაზე, ის რეალური ცხოვრებაა, რომელშიც ძალიან ბევრი პრობლემაა. ერთ-ერთი მთავარი გარემოს დაბინძურებაა. სწორედ ამაზე ვაკეთებ აქცენტს ყველა კოლექციის შექმნის დროს, მოდის ინდუსტრია კი გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით, ნავთობის შემდეგ მეორე ადგილასაა. ჩემი ბრენდი ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც Circular fashion-ის მიმდევარია და მისი მიზანი გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებაა.

იტალიის რამდენიმე ფაბრიკას შევუთანხმდით და ჩვენს პირველ კოლექციაში ფაბრიკებში მორჩენილი, ერთი შეხედვით, უსარგებლო ქსოვილები გამოვიყენეთ, ანუ იმ ნაჭრებს, რომლებიც ბუნებას დააბინძურებდა, ახალი სიცოცხლე ვაჩუქეთ. ის, ვინც ასე შექმნილ კაბას იყიდის, თავის წვლილს შეიტანს ბუნების გადარჩენაში".

"აქციებზე დგომას მირჩევნია, ჩემი ხელოვნებით ვცადო ჰომოფობიური პრობლემის მოგვარება"

Aka Prodiashvili - აკა პროდიაშვილი:

"ძალიან ბევრი "არა" მომისმენია ცხოვრებაში, უსიამოვნო შემთხვევებიც მქონია, მაგრამ ყველაფერს ისე ვიღებ, როგორც გაკვეთილს, რომლითაც ვვითარდები. ყველას შეიძლება შეეშალოს. უნდა მისცე ადამიანს შეცდომის გამოსწორების შანსი.

ბავშვობიდან ვხატავდი. თავიდან ფოტოგრაფიით ვიყავი გატაცებული და რაც გონებაში მქონდა, იმ სცენას ვდგამდი. სამოსსა და აქსესუარებსაც მე ვქმნიდი, მაკიაჟსაც მე ვუკეთებდი მოდელს და ფოტოებს ვუღებდი. მაშინ 14 წლის ვიყავი და პირველი გამოცდილებაც ამ ასაკში მივიღე.

ჩემი პირველი შოუ კიევში, უკრაინის მოდის კვირეულზე შედგა, მას შემდეგ, რაც კონკურსში BeNext გავიმარჯვე. უცხო ქვეყანაში ახლობელი ადამიანების გარეშე ყოფნა მაშინებდა და ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ისე თბილად მიმიღეს, თავი თბილისში მეგონა...

სულ იმას ვცდილობ, ყოველი ჩემი ნამუშევარი წინაზე უკეთესი იყოს, ერთადერთი, ვინც გზაზე გეღობება, ისევ შენი თავია და, ალბათ, ყველაზე რთული სწორედ ის არის, რომ შენს თავს აჯობო.

ამ ჩვენებაზე ქორწილის იდეა მქონდა ჩაფიქრებული. ყოველთვის ვაპროტესტებდი იმ ჰომოფობიურ ფონს, რომელიც ძალიან მაღალია ჩვენს ქვეყანაში, აქციებზეც დავდიოდი და საინიციატივო ჯგუფებსაც ვუერთდებოდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს არ არის საკმარისი, მხოლოდ სიტყვები არაფერს ნიშნავს და საქმით ბევრად მეტი რამის ჩვენება შემიძლია ადამიანებისთვის. აქციებზე დგომას მირჩევნია, ჩემი ხელოვნებით ვცადო პრობლემის მოგვარება".

"ისეთი რაღაცების შექმნა მიყვარს, რომელთა ჩაცმაც ბოტასზეც შეიძლება და კლასიკურ ფეხსაცმელზეც"

NEMSEN - გუგა ნემსაძე:

"FashionTV-ზე რომ ვუყურებდი ლამაზ სამოსში გამოწყობილ ლამაზ ქალებს, სულ მინდოდა მეც შემექმნა სილამაზე, ჩემს დას თოჯინებს ვპარავდი და იმათ ვმოსავდი, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, ერთი წლის შემდეგ კი ლონდონში წავედი და სენ-მარტინის აკადემიაში დავიწყე სწავლა. საკუთარი ბრენდის შექმნის სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც სხვებთან მუშაობა გამოვცადე და გამოცდილება მივიღე... 2018 წელს საქართველოში დავბრუნდი, ოცნება ავიხდინე და NEMSEN-ი შევქმენი. როდესაც სამოსს ვქმნი, ქალზე ვფიქრობ, რადგან ის მან უნდა ჩაიცვას. ისეთი რაღაცების შექმნა მიყვარს, რომელთა ჩაცმა ბოტასზეც შეიძლება და კლასიკურ ფეხსაცმელზეც. ახალი კოლექციის შთაგონება 90-იანი წლებია, რეზინიანი სპორტული ქურთუკების შერწყმა ვცადე შიფონის კაბებთან".

"ბევრი ინტერესდება ჩემი ჩანთებით რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში"

Janelidze Bags  - ნატა ჯანელიძე:

"ბავშვობიდანვე შემოქმედებითი ვიყავი. მოსწავლეობის პერიოდში თავად ვიკერავდი ტანსაცმელს. ყოველთვის მინდოდა ორიგინალური ჩანთების შექმნა, მაგრამ ვერ ვპოულობდი ადამიანს, რომელიც ჩემს იდეებს ხორცს შეასხამდა. სრულიად მოულოდნელად გამაცნეს ადამიანი, რომელსაც მოეწონა ჩემი ხედვა, ნამუშევრები და ერთად მუშაობა დავიწყეთ. ორი წელია, ვთანამშრომლობთ და უკვე ბევრ შოურუმში წარმატებით ვყიდით ჩანთებს.

ამ საქმეში მთავარი სირთულე მასალაა. საქართველოში ხარისხიანი მასალა, ტყავი, ფურნიტურა, არ შემოდის, ამიტომ იძულებული ვარ უცხოეთიდან გამოვიწერო. ჩემი შთაგონების წყარო ყვავილები და ბუნებაა. ვცდილობ,= ახალი ფერები, განწყობები აღმოვაჩინო, ისეთი რამე დავინახო, რაც სხვამ შეიძლება ვერ შეამჩნიოს. შეიძლება ნახატების დათვალიერების დროსაც მომივიდეს მუზა. ბევრი ინტერესდება ჩემი ჩანთებით რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში. სამადლობელ წერილებს ხშირად ვიღებ".